დრო ძალიან შეზღუდულია და რუსეთს და საქართველოს შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღეში მოუწევთ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ქართული მხარის ორ წარმომადგენელთან შეხვედრაზე.
„ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ამ ტვირთის გაკონტროლება ან უშუალოდ, ან საერთაშორისო მონიტორინგის მეშვეობით. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სწორედ ამას არეგულირებს და ასეთი იყო ჩვენი წინადადებაც რუსეთისადმი. ღია აგრესიის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გართულდა“, – განაცხადა სააკაშვილმა 2 ნოემბერს და იქვე დასძინა, რომ ქართველი მომლაპარაკებლების ძალისხმევის დამსახურებით შესაძლებელი გახდა ვაჭრობის საერთაშორისო მონიტორინგის საკითხის ხელახლა დაყენება.
„მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ ძალიან რთული და ძალიან სკრუპულოზული მუშაობისთვის, ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესის წარმართვისთვის დღემდე“, – მიმართა სააკაშვილმა ქართველ მომლაპარაკებლებს, მათ შორის პრემიერ–მინისტრის თანაშემწეს თამარ კოვზირიძეს, რომელიც უკვე დიდი ხანია ქართულ მხარეს წარმოადგენს ვმო–ზე მოლაპარაკებების პროცესში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს.
„მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ ყველაფერს ჩვენ მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე უახლოეს დღეებში იმიტომ, რომ დრო არის ძალიან შეზღუდული. რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ასევე მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებს, რადგან ძალზე კონსტრუქციული მუშაობა წარიმართა, განსაკუთრებით, ბოლო ეტაპზე. ახლა ჯერი არის რუსეთზე. მათ ამ გადაწყვეტილების მიღება ამ საბუთის სახით უკვე მოუწევთ“, – განაცხადა მან.
„ვფიქრობ, ჩვენ მოლაპარაკების პროცესში, მთელი ეს პერიოდი ვიხელმძღვანელეთ ნაციონალური ინტერესებით და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის ურყევი დაცვით. ეს არის, საბოლოო ჯამში, ჩვენი საბოლოო მიზანი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ქართველი მომლაპარაკებლების ჟენევაში გამგზავრებამდე გაიმართა.
ვმო–ს სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთის საკითხზე მუშაობს, არაფორმალურ შეხვედრას 7–8 ნოემბერს გამართავს, რასაც 9–10 ნოემბერს ჯგუფის ოფიციალური შეხვედრა მოყვება .