ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობა 30 ნოემბერს დილიდან რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის მფლობელებსა და მისი მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის დაპირისპირება მოხდა.
მაუწყებლობა 12 საათისთვის აღდგა, თუმცა მისი რეგულარული პროგრამები შეფერხებულია ტელეკომპანიის შენობაში არსებული ვითარების გამო.
ტელეკომპანიის ერთ–ერთი მფლობელი მამუკა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის ოთახში ჩაიკეტა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად და განაცხადა, რომ ეჭვობს, რომ იგი შესაძლოა შენობიდან გამოაგდონ.
ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი და მისი რამდენიმე თანმხლები პირი შენობის დანარჩენ ნაწილში იმყოფებიან.
კიწმარიშვილი, ადრე პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი და ამჟამად ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი, ტელეკომპანიის შენობასთან დილით ადრე, დაახლოებით, ათი ადამიანის თანხლებით მივიდა, ღობეზე გადაძვრა, შენობაში შევიდა და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, „მაესტროს“ თანამფლობელებთან 2009 წლის ნოემბერში მართვის უფლების კიწმარიშვილის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ხელმოწერილი კონტრაქტის თანახმად, მას ტელეკომპანიის დირექტორის დამოუკიდებლად გათავისუფლების უფლება აქვს. მისი თქმით, 2009 წლის შემდეგ მან 4.5 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა და სურდა, რომ ეს თანხები ეფექტურად დახარჯულიყო. თუმცა, ტელეკომპანიის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ თანხის სამი მეოთხედი ტელეკომპანიის ერთ–ერთი მფლობელის, მაკა ასათიანის მოზიდულია და არა კიწმარიშვილის.
ამასთან, ღლონტი და სხვა თანამფლობელები აცხადებენ, რომ კიწმარიშვილთან 2009 წლის ბოლოს ხელმოწერილი სამწლიანი კონტრაქტი არ შეიცავს რაიმე პუნქტს, რომელიც კიწმარიშვილის კომპანიას „მაესტროს“ მართვის შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღების უფლებას აძლევს, მფლობელებთან შეთანხმების გარეშე.
კონტრაქტის ტექსტი ხელმიუწვდომელია, თუმცა ღლონტმა განაცხადა 30 ნოემბერს, რომ საქმესთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს საჯაროს გახდის.
30 ნოემბერს ღლონტმა ასევე განაცხადა, რომ კიწმარიშვილი შესაძლოა ხელისუფლების ფარული მხარდაჭერით მოქმედებდეს. ანალოგიური ბრალდება რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმაც გამოთქვა.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „აბსურდია“ მაესტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების დადანაშაულება.
ღლონტმა პოლიციის თაობაზეც გამოთქვა პრეტენზიები, აღნიშნა, რომ მათ ვერ შეძლეს მისი, როგორც მფლობელის უფლებების დაცვა, რათა თავისუფლად შესულიყო თავის საკუთრებაში. "მაესტროს" თანამშრომლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც დღეს დილით ტელეკომპანიის შენობასთან კიწმარიშვილი მივიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციის „ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, რომ მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა“.
მაესტროს ჟურნალისტების ერთი ნაწილი, მათ შორის რამდენიმე თოქშოუს წამყვანი, რადიო „მაესტროს“ შენობაში იმყოფებიან, საიდანაც ისინი გადაცემებს უძღვებიან, სხვადასხვა სტუმრებს და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებს მასპინძლობდნენ, რომლებიც გმობენ კიწმარიშვილის ქმედებას.
ცოტა ხნის წინ კიწმარიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა „მაესტროს“ საინფორმაციო პოლიტიკა. 15 ნოემბერს ტელეკომპანიის თოქშოუში "სუბიექტური აზრი" საუბრისას მან განაცხადა, რომ ტელეკომპანია გადამეტებულად აშუქებს მილიარდერ ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს.
„მაესტროს“ აქციები რამდენიმე პირს შორისაა განაწილებული. კერძოდ, 25%–ის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძეა. „მაესტროს“ აქციების 25%–ის მფლობელია მაკა ასათიანი, გაჩეჩილაძის დიდი ხნის მეგობარი. დანარჩენ აქციებს ტელეკომპანიის ოთხი თავდაპირველი დამფუძნებელი იყოფს, საიდანაც სამს 15% აქვს, მათ შორის მამუკა ღლონტს, ხოლო ერთს – 5%.
26 ნოემბერს გაჩეჩილაძეს და ტელეკომპანიის ოთხ თავდაპირველ დამფუძნებელს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც გაჩეჩილაძე თავისი აქციების 25%–ის მართვის უფლებას ტელეკომპანიის დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს გადასცემს. იმავე შეთანხმების თანახმად, გაჩეჩილაძე თავის კუთვნილ აქციებს 2012 წლის 10 დეკემბრისთვის ოთხ თავდაპირველ დამფუძნებელს მიჰყიდის მას შემდეგ, რაც კიწმარიშვილის კომპანიასთან მართვის შესახებ სამწლიანი კონტრაქტის ვადა ამოიწურება.