ოპოზიციონერი ქველმოქმედი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „მაესტროს“ თანამშრომლებისადმი მიმართვაში აცხადებს, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს ტელეკომპანიის ირგვლივ წარმოქმნილი დაპირისპირება, „თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და, შესაბამისად, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა“ იმ ფონზე, როცა ხელისუფლება "ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად".
მისი თქმით, ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული დაპირისპირება აჩვენებს, რომ ხელისუფლება „სხვადასხვა ავანტიურისტების ხელით“ ცდილობს მოსპოს თავისუფალი სიტყვის „ნაშთები“.
“კარგად გვახსოვს, თუ როგორი დარტყმა იყო ქართული საზოგადოებისათვის „იმედის“ განადგურება და, აშკარაა, ხელისუფალმა მიიჩნია, რომ უკვე შესაძლებელია მასირებული შეტევა მედიაზე და, ბეჭდურ მედიასთან ერთად, თქვენი რიგიც დადგა“, – ნათქვამია ივანიშვილის მიმართვაში, რომელიც 1 დეკემბერს გავრცელდა.
“როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და, შესაბამისად, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაგვიტყუოს სამართლებრივი სივრციდან და ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად, ჩვენ ერთად აუცილებლად მოვძებნით კანონის ფარგლებში ბრძოლისა და ადამიანებამდე თავისუფალი სიტყვის მიტანის საშუალებებს“, – ნათქვამია მიმართვაში ჟურნალისტებისადმი, რომელთაც ივანიშვილი მოუწოდებს იყვნენ „მშვიდად“.
„მაესტროს“ მმართველი კომპანიის დაფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი, რომლის დაპირისპირების გამო ტელეკომპანის მფლობელებთან უკვე მეორე დღეა არხი ფორს–მაჟორულ რეჟიმში მაუწყებლობს, აცხადებს, რომ მაესტროს“ თანამფლობელები ცდილობდნენ ჩამოაშორონ ის და მისი მმართველი კომპანია ტელეკომპანიის საქმეებს, რათა შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან შევიდნენ გარიგებაში. ივანიშვილმა ოქტომბერში საჯაროდ განაცხადა იმის თაობაზე, რომ ტელევიზიის ყიდვა სურს. თუმცა, მან ისიც ნათლად თქვა, რომ კიწმარიშვილთან არ ითანამშრომლებდა. „მაესტროს“ თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა უარყო, რომ აქციების ივანიშვილისთვის მიყიდვას აპირებს. "მაესტროს" შეძენის სურვილზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, კიწმარიშვილი ოქტომბერში აცხადებდა, რომ ის მზად იყო სიმბოლურ ფასად გადაეცა ივანიშვილისთვის არხის მმართველი კომპანია.