ტელეკომპანია "მაესტროს" კადრი, რომელიც აჩვენებს მხოლოდ ლოგოს 1 დეკემბერს გვიან საღამოს მისი მაუწყებლობის ერთსაათიანი წყვეტის დროს.
ტელეკომპანია „მაესტრომ“ ხუთშაბათს გვიან ღამით მაუწყებლობა საათზე მეტი ხნით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებები მფლობელებსა და მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის უშედეგოდ დასრულდა.
მამუკა ღლონტმა, „მაესტროს“ თანამფლობელმა, რომელიც რამოდენიმე თანამშრომელთან ერთად ტელეკომპანიის საეთეროში ოთხშაბათიდან იყო ჩაკეტილი, განაცხადა, რომ ის და ჟურნალისტები ტოვებდნენ ტელეკომპანიის შენობას, რათა თავიდან აერიდებინათ ”მოსალოდნელი პროვოკაცია” და შესაძლო დაპირისპირება ეროსი კიწმარიშვილის, ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებლის, თანმხლები დაცვის წევრებთან.
ამ განცხადებიდან ცოტა ხანში „მაესტრომ“ მაუწყებლობა შეწყვიტა; ეთერი ერთ საათში, დაახლოებით, 23:35 საათზე აღდგა, რადიო „მაესტროს“ სტუდიიდან. ტელეკომპანიის ირგვლივ დაწყებული დაპირისპირების შემდეგ ეს სტუდია იყო ის ადგილი, საიდანაც ბოლო ორი დღეა თოქ-შოუები საგანგებო რეჟიმში გადაიცემა.
ღლონტის გადაწყვეტილება თანამშრომლებთან ერთად დაეტოვებინა ტელეკომპანიის შენობა მოჰყვა ექვსსაათიან მოლაპარაკებებს ეროსი კიწმარიშვილთან, რომელშიც შუამავლის როლს მედია ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები ასრულებდნენ, რომლებიც ცდილობდნენ მხარეთა დარწმუნებას მოლაპარაკებების სხვა ადგილას გაგრძელების საჭიროებაში, რათა საშუალება მიეცათ ტელეკომპანიისთვის ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა მაუწყებლობა.
ღლონტის თქმით, მოლაპარაკებები "ფიასკოთი“ დამთავრდა, რადგან მისი მხრიდან დათმობებზე წასვლის სურვილის მიუხედავად, „ეროსი კიწმარიშვილმა მოინდომა ან ყველაფერი ან არაფერი“.
მან ასევე განაცხადა, რომ არსებობდა პროვოკაციის მოწყობის მაღალი ალბათობა, რადგან მისი ვარაუდით, ეროსი კიწმარიშვილს და მის თანხმლებ პირებს შესაძლოა ეცადათ იძულების გზით მოეხდინათ მისი და იქ მყოფი თანამშრომლების შენობიდან გაძევება. ღლონტის განცხადებით, ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად, მან პარტნიორებთან და თანამშრომლებთან ერთად გადაწყვიტა შენობა საკუთარი ინიციატივით დაეტოვებინა და მუშაობა რადიო „მაესტროს“ ჭერქვეშ განეგრძო.
კიწმარიშვილმა, რომელმაც მანამდე გააფრთხილა ღლონტი მისი საეთეროდან შესაძლო გაძევების თაობაზე, განაცხადა, რომ ღლონტის ბრალდებები სრული სისულელე იყო, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს თავი მსხვერპლად და მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლად წარმოაჩინოს. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ღლონტმა შენობის დატოვების დროს "გაიტაცა" აღჭურვილობა, მათ შორის ტელეკამერები. მან ხაზი გაუსვა, რომ „მაესტროს“ მფლობელებთან არსებული სამწლიანი კონტრაქტის თანახმად, მმართველი კომპანია იყო ქონების კონტროლზე პასუხისმგებელი.
ამ დაპირისპირებაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს, გაურკვეველი რჩება, თუ როდის შეძლებს „მაესტრო“ რეგულარულ რეჟიმში მაუწყებლობის გაგრძელებას.
ღლონტის თქმით, კიწმარიშვილთან დავა, როგორც ჩანს, სასამართლოში გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, ამჟამად „მაესტროს“ შეწყვეტილი აქვს სატელიტური მაუწყებლობა, თუმცა სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება.
მან ასევე განაცხადა, რომ კიწმარიშვილთან კავშირის გაწყვეტა არ გამოიწვევს ტელეკომპანიის ფინანსურ პრობლემებს, რადგან მფლობელებს შორის არის მაკა ასათიანი, რომელსაც „მაესტროს“ აქციების 25% ეკუთვნის. ასათიანი კიდევ ერთი თანამფლობელის, გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი და ბიზნესმენ კოტე გოგელიას მეუღლეა, რომელიც დაკავშირებული იყო ქართულ პარტიასთან, რომლის პოლიტიკური მდივანიც არის ეროსი კიწმარიშვილი. გოგელიას და კიწმარიშვილის გზები მათ შორის კონფლიქტის გამო გაიყო.
მამუკა ღლონტმა უარყო რაიმე მოლაპარაკებების არსებობა ოპოზიციონერ მილიარდერთან ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც „მაესტროს“ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა, ხოლო კიწმარიშვილის ნაბიჯები დაგმო განაცხადა რა, რომ ხელისუფლება „სხვადასხვა ავანტიურისტების ხელით“ ცდილობს მოსპოს თავისუფალი სიტყვის „ნაშთები“.
იმავდროულად, კიწმარიშვილი ვარაუდობს, რომ ღლონტი და „მაესტროს“ სხვა თანამფლობელები ცდილობენ მისი და მმართველი კომპანიის ჩამოშორებას, რათა გაურიგდნენ ივანიშვილს.
საგამოძიებო ჟურნალისტმა, ნინო ზურიაშვილმა, რომელიც მოლაპარაკებებს ესწრებოდა მედია ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენელთა შორის, განაცხადა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ თითქოს მხარეებს შორის შუალედური შეთანხმება ახლოს იყო.
მისი თქმით, ეს იყო საქმეზე ორიენტირებული საუბარი, ზედმეტი ემოციებისა და შეურაცხყოფების გარეშე, რომლის ერთ ეპიზოდშიც, როცა ღლონტი დაჟინებით ითხოვდა, რომ მასთან ერთად „მაესტროს“ ტერიტორია დაეტოვებინა კიწმარიშვილსაც მის თანხმლებ პირებთან ერთად, კიწმარიშვილმა მოითხოვა გარკვეული დრო, დატოვა ოთახი, სავარაუდოდ, კონსულტაციების გასავლელად. მისი თქმით, როცა კიწმარიშვილი დაბრუნდა, მან უარი თქვა შენობის დატოვებაზე და ამის შემდეგ მოლაპარაკებები ჩაიშალა.