ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მოუწოდეს შეისწავლოს ის საქმე, რომლის დროსაც ტელეკომპანიის ირგვლივ მომხდარი დავის გამო ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეეშალათ.
„მოგეხსნებათ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებს უკვე რამდენიმე დღეა არ გვეძლევა საშუალება, სრულფასოვნად ვაწარმოოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა, რადგანაც ამ დრომდე ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებიან ეროსი კიწმარიშვილის თანმხლები, ჩვენთვის უცნობი პირები. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა განცხადების სახით, არაერთხელ მიმართეს მხარეებს მოლაპარაკებისთვის, ხოლო დაუდგენელ პირებს ტერიტორიის დატოვების თხოვნით, რაც აშკარად ხელს უშლის ჟურნალისტურ საქმიანობას“, – ნათქვამია ჟურნალისტების მიმართვაში სახალხო დამცველის მიმართ.
„მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ითვალისწინებს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაზე პასუხისმგებლობას. 2011 წლის 30 ნოემბერს მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებს შენობაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შესვლის საშუალებას არ აძლევს საპატრულო პოლიცია, რაც არის ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, გარდა ამისა ჟურნალისტებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ეროსი კიწმარიშვილის თანმხლები პირები თანამშრომლებს არ აძლევენ ტელეკომპანიის ეზოში გადაადგილების საშუალებას, რაც ასევე არის ჩვენი ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა“, – ნათქვამია მიმართვაში.
„ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია, რომ სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ტელეკომპანიის შიდა საქმეებში, მაგრამ გაუგებარია დამოკიდებულება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე, რომელიც ჩვენ ამ განცხადებაში უკვე ჩამოვთვალეთ და რომლის ამსახველი ვიდეომასალაც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“, – ნათქვამია მიმართვაში.
ამჟამად „მაესტრო“ შეზღუდულ მაუწყებლობას ახორციელებს რადიო „მაესტროს“ სტუდიიდან. იგი ამჟამად საკაბელო ქსელებით გადის ეთერში. ის აღჭურვილობა, რომელიც სატელიტით მაუწყებლობისთვისააა საჭირო იმ შენობაში დარჩა, რომელიც მფლობელებმა და თანამშრომლებმა 1 დეკემბერს დატოვეს. ამჟამად შენობას და სატელიტური მაუწყებლობის აღჭურვილობასაც „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი აკონტროლებს. მისი თქმით, იგი სატელიტურ მაუწყებლობას განახორციელებს, სადაც „მაესტროს“ არხისგან დამოუკიდებელი პროგრამები გავა. ტელეკომპანიის მფლობელებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დავაში ჩარევისკენ მოუწოდეს. „მაესტროს“ ერთ–ერთი მფლობელის მაკა ასათიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ თუ კომისია რეაგირებას არ მოახდენს, „მაესტრო“ სატელიტის თურქ ოპერატორს Turkstat-ს მიმართავს თხოვნით, დროებით შეწყვიტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური მაუწყებლობა.
5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში მაკა ასათიანმა, რომელიც ტელეკომპანიის აქციების 25%–ს ფლობს, განაცხადა, რომ „ტელეკომპანიის ფუნქციონირება რომ არ შეწყვეტილიყო“, მან, როგორც თანამფლობელმა, გადაწყვიტა პირდაპირი დაფინანსების გზით მოეხდინა „მაესტროს“ ნორმალური მაუწყებლობა, რამაც დღეის მდგომარეობით 3 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მან კიწმარიშვილს 500 000 დოლარის მითვისებაში დასდო ბრალი. მან ასევე განაცხადა, რომ კიწმარიშვილი, რომელსაც „მოპარული“ ფულის დაბრუნება არ სურდა, შეეცადა ხელისუფლების მხრიდან ფარული მხარდაჭერის გზით ტელეკომპანიაზე კონტროლი უკანონოდ ჩაეგდო ხელში.