Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის მოქალაქეობის საქმეზე სასამართლო მოსმენა 8 დეკემბერს დაინიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'11 / 20:13

ოპოზიციონერი მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო არსებით განხილვას 8 დეკემბერს 14 საათზე დაიწყებს.

ამის შესახებ გამოცხადდა სასამართლო მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც 5 დეკემბერს, პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებების ბათილად ცნობის თხოვნით სარჩელის შეტანიდან 45–ე დღეს გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა, რომ სხდომაზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდეს მხოლოდ პრეზიდენტის, როგორც, მათი თქმით, „კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების გამომტანი პირის“, ადმინისტრაცია, და მასთან ერთად ამ რანგში აღარ იყოს წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, რასაც მოსამართლე დაეთანხმა, თუმცა სააგენტოს წარმომადგენლები სავალდებულო მესამე პირი სტატუსით საქმეში დატოვა.

ამ საქმეს იხილავს 29 წლის შოთა გეწაძე, რომელიც მოსამართლედ 2011 წლის თებერვლიდან მუშაობს და იმავდროულად არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

ივანიშვილს პროცესზე ხუთი ადვოკატი იცავს: ზაქარია ქუცნაშვილი, ეკა ბესელია, შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე და არჩილ კბილაშვილი – ეს უკანასკნელი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.

ადვოკატებმა სასამართლოს 21 ოქტომბერს წარდგენილი თავდაპირველი სარჩელის დაზუსტებული ვარიანტი წარუდგინეს, სადაც დამატებით არგუმენტებთან ერთად ფიგურირებს ასევე სამართლის ორი ექსპერტის, კონსტიტუციონალისტისა და რესპუბლიკური პარტიის წევრის ვახტანგ ხმალაძის; და  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველის ევა გოცირიძის მოსაზრებები.

ივანიშვილის მხარე ამ ექსპერტების სასამართლო პროცესზე მოსმენას ითხოვდა, იმ მოტივით, რომ ამ საქმის ანალოგი საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს და პროფესიონალების მოსაზრებები საინტერესო უნდა ყოფილიყო სასამართლოსთვის. თუმცა მოსამართლე გეწაძემ არ დააკმაყოფილა მათი ეს თხოვნა იმ მოტივით, რომ სასამართლოს საკმარისი ცოდნა გააჩნია. ექსპერტების მოწვევის წინააღმდეგნი იყვნენ ასევე პრეზიდენტისა და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებიც.

დამატებით დაყენებული სამი შუამდგომლობიდან მოსამართლემ ერთი მთლიანად არ დააკმაყოფილა, ხოლო ორს ნაწილობრივ დაეთანხმა.  სამივე ეხებოდა მოსარჩელე მხარის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, რომლებიც მათ კანონით დადგენილ ვადაში ვერ მიიღეს და ამის გამო ითხოვდნენ სასამართლოს ჩარევას, რათა სასურველი დამატებითი მტკიცებულებები მოეპოვებინათ.

კერძოდ, მოსამართლე გეწაძემ ადვოკატებს უარი უთხრა იმ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო რეესტრის მიერ ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის საფრანგეთის მოქალაქეობის დადგენის პროცედურას. სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა, რომელიც სასამართლოზე მის სააგენტოს წარმოადგენს, განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრის გზით, რაც, მისი თქმით, ჩვეულებრივი სამუშაო პრაქტიკაა, დაადგინა ის, რომ ხვედელიძე საფრანგეთის მოქალაქე იყო. მოსარჩელე მხარე ითხოვდა, რომ სამოქალაქო რეესტრს ამ ფაქტის დადგენის თაობაზე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება წარმოედგინა.

მეორე შუამდგომლობა ეხებოდა, იმ დოკუმენტების გამოთხოვას საგარეო, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიდან, რომლის საფუძველზეც ეკატერინე ხვედელიძეს 2004 წელს მის მეუღლესთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა – ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა ამ სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ მიიღო, რაც მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 7 ოქტომბრის განცხადებიდან მეოთხე დღეს, ხოლო ეკატერინე ხვედელიძეს საფრანგეთის მოქალაქეობა სააკაშვილის მიერ 2004 წელს ამ განკარგულების გამოცემამდე გააჩნდა. მოსარჩელე მხარის ვარაუდით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნებოდა საკონსულო საკითხებთან მისი კავშირის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია კი იმ ფაქტორის გამო, რომ მას გააჩნია საზღვრის კვეთის დოკუმენტებზე მონაცემთა ბაზა.

მოსამართლემ ეს შუამდგომლობა ერთ ნაწილში დააკმაყოფილა და ინფორმაციის წარმოდგენა მხოლოდ სამოქალაქო რეესტრს დაავალა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში მსგავსი ინფორმაცია არ იყო დაცული.

მოსარჩელე მხარის მესამე შუამდგომლობა ეხებოდა ისეთი საქმეების გამოთხოვას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და სამოქალაქო რეესტრიდან, რომლებშიც 2004–2011 წლებში გამონაკლისი წესით მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ პირებს იმის გამო, რომ მათ მესამე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, რათა დადგენილიყო არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის შემთხვევა „უნიკალური“, თუ არსებობს რაიმე ანალოგი. პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ამგვარი ინფორმაცია არ გააჩნიათ, ხოლო სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ საქმეების ასეთ კლასიფიკაციას მისი სააგენტო არ აწარმოებს.

მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მესამე შუამდგომლობა და სამოაქალაქო რეესტრის სააგენტოს იმ სტატისტიკის წარმოდგენა დაავალა, თუ რამდენ ადამიანს შეუწყდა მოქალაქეობა.

მოსამართლემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოუწოდა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია 6 დეკემბრამდე წარმოადგინოს, რათა საქმის „მნიშვნელობიდან“ გამომდინარე მისი არსებითი განხილვა 8 დეკემბერს დაიწყოს. მოსარჩელე მხარემ იმის გამო, რომ ახალი მტკიცებულებების შესწავლა მოუწევს, სასამართლო სხდომის გადაწევა მოითხოვა, რაც მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46