Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების ახალ წესზე ცვლილებას კენჭი უყარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 დეკ.'11 / 18:46

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ წესზე ცვლილებათა პროექტი 20 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო – ინიციატივა იურიდიულ პირებს, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებს პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიამ განიხილა და განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები „ბევრ საერთაშორისო სტანდარტს“ შეესაბამება.

კერძოდ, „დადებით პუნქტებს“ შორის ვენეციის კომისიამ დაასახელა იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა, ფინანსური ოპერაციების უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელება და კონტროლის პალატის ჩართვა პარტიათა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით.

პოლიტიკურ პარტიებს არ ექნებათ უფლება 60 000 ლარზე მეტი თანხა მიიღონ თითოეული ფიზიკური პირისაგან ყოველწლიურად. არსებული კანონით, ეს მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს.

იგივე რეგულაციები აისახება პარტიების საარჩევნო კანპანიების ფონდებზე – ეს ის ფონდებია, რომლებსაც პარტიები დამოუკიდებლად ხსნიან და სადაც ისინი შემოწირულობებს იღებენ საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

მართალია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა,  ახალი რეგულაციების „დადებით” მხარეებს შორის მოხსენიებულია იურიდიული პირების, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვა, მაგრამ დოკუმენტი ამგვარი რეგულაციის შესაძლო უარყოფით მხარეზეც მიუთითებს.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ასეთი აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში მოქმედებს, მათ შორის საფრანგეთში, პოლონეთში, ბულგარეთში. ბოლო ათწლეულის მანძილზე ევროპაში საკმაოდ გავლენიან მოდელად ფრანგული ჩამოყალიბდა.

”ეს მოდელი მიზნად ისახავს მსხვილი კორპორაციების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლის მოხდენის შემცირებას იმ პირობებში როდესაც პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფოს მხრიდან დიდი დაფინანსება აქვთ. ეს [თუ რომელი მოდელი იქნება] ქვეყნის ლეგიტიმური არჩევანია. თუმცა, საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ არსებობს რამოდენიმე საშუალება, რომლითაც შესაძლებელია გვერდი აუარო ასეთ აკრძალვას, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციის ფულის გადამისამართებით ინდივიდუალურ პირებზე (მაგალითად, ამ ფულის კომპანიის თანამშრომლებისთვის გადარიცხვით)“, – აცხადებს ვენეციის კომისია, მიანიშნებს რა რომ კორპორაციებმა შესაძლოა პარტია თავიანთი თანამშრომლების მეშვეობით დააფინანსოს და ეს შემოწირულობა აღირიცხება როგორც არა ბიზნეს ორგანიზაციიდან მიღებული თანხა, არამედ როგორც ფიზიკური პირის (ამ კომპანიის თანამშრომლის) შემოწირულობა.

„ასევე, თუ პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო სუბსიდირების შესაბამისი დონე არ არსებობს, ბიზნეს ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების აკრძალვამ, ინფორმაციის განსაჯაროებისთვის საჭირო მკაცრ წესებთან ერთად, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს ფულის მოზიდვაში სირთულეები შეუქმნას“, – აცხადებს ვენეციის კომისია.

ვენეციის კომისია რეკომანდაციას იძლევა, რომ მომავალში მოხდეს იურიდიული პირების მიერ  პარტიების დაფინანსების ”ფართო აკრძალვის” გადახედვა.

ახალი რეგულაციების თანახმად, „პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველო მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით“.

ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება იურიდიულ პირებზეც, რომლებიც, კანონპროექტის მიხედვით, „პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებულნი პარტიასთან ან სხვაგვარად იმყოფებიან მათ კონტროლ ქვეშ“. ამასთან, კანონპროექტი განმარტავს, რომ იურიდიული პირის „პირდაპირი ან არაპირდაპირი“ კავშირი პარტიასთან ნიშნავს იმას, რომ მისი „ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ  არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან“.

პარლამენტის 20 დეკემბრის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ ჰკითხა კოლეგას მმართველი პარტიიდან  პავლე კუბლაშვილს, რომელიც კანონპროექტის ერთ–ერთი ინიციატორია, თუ რა გავლენა ექნებოდა ამ ახალ წესებს იმ რამდენიმე ათას ადამიანზე  – მსახიობებზე, მწერლებზე, მხატვრებსა და სპორტსმენებზე, რომლებიც უკვე წლების მანძილზე ყოველთვიური ხელფასის მსგავსად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან იღებენ დახმარებას.

„ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რა არის ქველმოქმედება და მეორეს მხრივ, რა შეიძლება იყოს პოლიტიკური კორუფცია“, – უპასუხა კუბლაშვილმა. „თუ ადამიანს პოლიტიკური მიზნები აქვს და ამის გამო აკეთებს ამას, ასეთ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური მოსყიდვა, მაგრამ თუ ამის გარეშე აკეთებდა, ამაზე, რა თქმა უნდა, არ უნდა გავრცელდეს ეს შეზღუდვა. ეს ჩემი პირადი აზრია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მზად ვარ, რომ ამასთან დაკავშირებით დავაზუსტოთ ეს ფორმულირებები, მაგრამ ზოგადად ამ მიმართულებით პოლიტიკის და რაიმე სხვა სახის დახმარებების აღრევას კარგი რომ არაფერი არ მოუტანია არც ერთ ქვეყანაში, მე მგონი ამაზე ვთანხმდებით“.

სხვა ახალი რეგულაციები:

  • პარტიების საწევრო შენატანები წელიწადში 1 200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს;
  • პარტიების წლიური ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს მშპ–ის 0.2%–ს; ამ ნორმის მიღების შემთხვევაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროგნოზით, თითოეული პარტიის დაფინანსება 2012 წელს 53 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს;
  • პარტიამ ინფორმაცია შემოწირულობის შესახებ ფულის მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც კონტროლის პალატამ ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადოს.

კანონპროექტი აწესებს ახალ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, პარტიას სესხის აღების უფლება ექნება მხოლოდ ბანკში და არა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისგან.

ამასთან, კომერციულ ბანკს უწესდება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული კრედიტის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. კერძოდ, ერთ კომერციულ ბანკს შეუძლია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას მისცეს სესხი, თუმცა ამ სესხების წლიური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. 20 დეკემბერს გამართული განხილვების დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიანიშნეს, რომ ისინი განიხილავენ საკითხს ამ ლიმიტის გაზრდის თაობაზე, სანამ პროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34