საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International–მა განაცხადა 20 დეკემბერს, რომ მომავალ წელს რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის „ბორჯომის“ დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
IDS Borjomi International–ი, რომლის მთავარი ოფისიც კიევშია განთავსებული და რომლის მფლობელიც კომპანია Salford Capital Partners Inc.–ია, წარმოადგენს საწარმოთა ჯგუფს, რომლებიც მინერალურ წყლებს აწარმოებენ რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. IDS ბორჯომი საქართველო, იგივე საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია, ამ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც „ბორჯომის“ სავაჭრო ნიშნის მფლობელია და ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების და წარმოების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.
თავის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში IDS Borjomi International–მა განაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორი ვლადიმერ აშუროვი 14 დეკემბერს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს „როსპოტრებნადზორ“–ის ხელმძღვანელს, გენადი ონიშჩენკოს შეხვდა და 2012 წელს რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ ექსპორტის განახლების შესაძლებლობა განიხილა.
„როსპოტრებნადზორი მზადაა IDS Borjomi International–ის წინადადებები განიხილოს ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობა. მოლაპარაკებების არ ეტაპზე კომპანიას რამდენიმე ფორმალური მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზეს რუსულ ბაზარზე შესასვლელად“, – განაცხადა IDS Borjomi International–მა და დასძინა, რომ კომპანია მზადაა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
პირველად იმის თაობაზე, რომ „როსპოტრებნადზორთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, IDS Borjomi International–მა 2011 წლის სექტემბერში განაცხადა.
IDS Borjomi International–ის ინფორმაციით, ამჟამად, „ბორჯომის“ ექსპორტი, დაახლოებით, 30 ქვეყანაში ხორციელდება.
რუსეთმა ქართული მინერალური წყლების და ღვინის იმპორტი 2006 წელს აკრძალა და ამის მოტივად უსაფრთხოების ნორმები დაასახელა – საქართველოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ქმედება მოსკოვის ემბარგოს ნაწილია, რომელმაც ვერ მიაღწია თავის მიზანს, რომ საქართველოს ეკონომიკა შეერყია.