Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ობამამ შესაძლოა აშშ–ის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოზე დებულებების შესრულება ‘არასავალდებულოდ’ მიიჩნიოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 იან.'12 / 14:28

აშშ–ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ 31 დეკემბერს ხელი მოაწერა აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, თუმცა კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვისკენ მოუწოდებს, იმ მუხლებს შორის დაასახელა, რომელთა შესრულება მან, შესაძლოა, ”არასავალდებულოდ” მიიჩნიოს.

აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სამხედრო ხარჯებს განსაზღვრავს, ასობით მუხლისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი – #1242, საქართველოს ეხება.

ამ ნაწილში, რომლის სახელწოდებაც არის ”თავდაცვის სფეროში საქართველოს რესპუბლიკასთან თანამშრომლობა”, აქტი თბილისთან სამხედრო თანამშრომლობის ”ნორმალიზაციისკენ” მოუწოდებს, მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით.

31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ხელმოწერის განცხადებაში - ამერიკაში არსებობს პრაქტიკა, როდესაც პრეზიდენტი კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ავრცელებს განცხადებას, რათა განმარტოს, თუ როგორ აპირებს მის შესრულებას - პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ  ”სერიოზული დათქმები” აქვს ამ აქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში, ამ კუთხით,  ძირითადი აქცენტი კეთდება აქტის იმ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკავების, დაკითხვის და ბრალდების წესებს. კანონის ეს ნაწილი, რომელიც სამხედრო სტრუქტურების მიერ ამერიკის მოქალაქეების სასამართლო პროცედურების გვერდის ავლით განუსაზღვრელი ვადით დაკავების შესაძლებლობას ითვალისწინებს, ამ კანონმდებლობის ყველაზე საკამათო პუნქტია, რომელიც ბოლო დროს ამერიკაში ცხარე დებატების საგნად იქცა. ადამიანის უფლებათა დამცველები აქტს ამ პუნქტის გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მართალია მან ხელი მოაწერა აქტს, მაგრამ ის არ იზიარებს ამ პუნქტის შინაარსს და შესაბამისად, არც მის გამოყენებას აპირებს.

იმავე განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის  სხვა რამოდენიმე პუნქტი, რომელთან დაკავშირებითაც, პრეზიდენტ ობამას თქმით, მას ასევე გააჩნია გარკვეული დათქმები.

მათ შორის არის მუხლი #1242, რომელიც საქართველოს ეხება.

კერძოდ, ობამას მოჰყავს ორი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება მიიჩნიოს მან ეს მუხლები - მათ შორის საქართველოს შესახებ - შესასრულებლად ”არასავალდებულოდ.”

ერთი არგუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ეს მუხლები, შესაძლოა, წარმოადგენდეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევას თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ხოლო მეორე არგუმენტის თანახმად, ეს მუხლები შესაძლოა ისე იქნას წაკითხული, რომ გამოიწვიოს ”მგრძნობიარე სახის დიპლომატიური კომუნიკაციის და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო” ინფორმაციის გამჟღავნება.

ობამას განცხადებაში ნათქვამია, რომ აქტის რამოდენიმე დებულება, მათ შორის საქართველოზეც, გამოიწვევს ”ჩემს კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევას განვახორციელო საგარეო ურთიერთობები აღმასრულებელი ორგანოსთვის დირექტივების მიცემის დროს, რომ დაიკავონ გარკვეული პოზიცია უცხო ქვეყნის მთავრობებთან მოლაპარაკებებისა და განხილვების დროს.”

”თუ ამ დებულებების გამოყენება კონფლიქტში მოვა ჩემს კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან, მაშინ მე განვიხილავ ამ დებულებებს, როგორც შესასრულებლად არასავალდებულოს,”  –  განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება, მოუწოდებს აშშ–ის პრეზიდენტს შეიმუშაოს და კონგრესის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტებს მისი ძალაში შესვლიდან 90 დღეში წარუდგინოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზაციის გეგმა“. კანონის მიხედვით, საქართველოს დახმარების მიზანია, რომ მან „უზრუნველყოს საკუთარი მთავრობის, ხალხის და სუვერენული ტერიტორიის დაცვა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე აღებული ვალდებულების შესაბამისად“.

იგი ასევე მოუწოდებს რომ აშშ-მა მიყიდოს საქართველოს „თავდაცვითი საშუალებები და მომსახურეობა“. იქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა მოუწოდოს „ნატოს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს განაახლონ და გააფართოვონ თავდაცვითი შეიარაღების და მომსახურების მიყიდვა საქართველოს რესპუბლიკისთვის ნატოს უფრო ფართო ძალისხმევის ფარგლებში, რათა გაღრმავდეს თავდაცვის სფეროში ურთიერთობა და თანამშრომლობა“ თბილისთან. 

”ნორმალიზაციის გეგმა” უნდა შეიცავდეს აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ „საჭიროებათა შეფასებას” - იმ ღონისძიებათა ნუსხას, რაც საქართველოს თავდაცვის გასაუმჯობესებლად ესაჭიროება. იმავე გეგმას თან უნდა ერთვოდეს იარაღის შესყიდვის თაობაზე ყველა ის განაცხადი, რითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს აშშ-სთვის მიუმართავს. კანონის თანახმად, ეს გეგმა საჯარო უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა დანართის სახით გასაიდუმლოებულ ნაწილსაც შეიცავდეს.

მოსკოვს ჯერ არ მოუხდენია საჯარო რეაგირება კანონზე, რომელიც აშშ–ის კონგრესმა დეკემბერში დაამტკიცა. სოხუმმა და ცხინვალმა დაგმეს ის და განაცხადეს, რომ იარაღის მიყიდვა „აგრესიული“ ქმედებების განხორციელებისკენ საქართველოს წაქეზების ტოლფასია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32