Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის მეუღლის კომპანია ტელევიზიას ქმნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 იან.'12 / 17:11

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის კუთვნილი კომპანია „აქცეპტი“ ახალი ტელევიზიის ჩამოყალიბებას გეგმავს კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მქონე შპს „იგრიკას“ მართვის უფლების მიღების შედეგად. 

“აქცეპტს“, 2011 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „იგრიკა“ მართვის უფლებით 2013 წლის 31 დეკემბრამდე გადაეცა. ხელშეკრულების თანახმად, მმართველი კომპანია, რომელიც ვალდებულია ინვესტიციები განახორციელოს, წლიური მოგების 15%–ს მიიღებს. მას უფლება აქვს ისარგებლოს მესაკუთრის ყველა უფლებამოსილებით, გარდა წილის გასხვისებისა.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „აქცეპტის“ 80%–იანი წილის მფლობელი გახდა ეკატერინე ხვედელიძე, რომლის ადვოკატებმაც რამდენიმე დღის წინ გაახმოვანეს პარტიის ჩამოყალიბებისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გზით ივანიშვილის მეუღლის პოლიტიკაში მოსვლის გეგმები. „აქცეპტის“ დანარჩენ 20%–ს კახა კობიაშვილი ფლობს.  ეს უკანასკნელი ასევე არის ივანიშვილთან ასოცირებული რამოდენიმე კომპანიის დირექტორი. „აქცეპტის“ დირექტორად ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ წევრი ლაშა შონია დაინიშნა.

შპს „იგრიკას“ 100%–იანი წილის მესაკუთრეა ილია (ბაჩო) კიკაბიძე, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორია. მას შემდეგ, რაც კიკაბიძემ „აქცეპტთან“ ხელშეკრულება გააფორმა, 23 დეკემბერს შპს „იგრიკამ“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება მიიღო.

თავდაპირველად “იგრიკამ“, დაახლოებით, სამწლიანი ლოდინის შემდეგ, 2011 წლის სექტემბერში საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო, თუმცა ნოემბერში არსებული ლიცენზიის პირობებით თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების ნებართვაც ითხოვა. მას ამჟამად გააჩნია საერთო ტელემაუწყებლობის უფლება, რომლის გეოგრაფიული არეალიც საქართველოზე ვრცელდება.

“იგრიკას“ მმართველმა კომპანიამ მაუწყებლობა ლიცენზიის გაცემიდან 10 თვის ვადაში უნდა დაიწყოს.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა ამ ეტაპზე ვერ დააკონკრეტა, თუ როდიდან გავა ეთერში ახალი ტელევიზია, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა თავად გააკეთებს განცხადებას გეგმებთან დაკავშირებით.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია. ამას მაყურებელი თავად მიხვდება“, – განუცხადა ყანდიაშვილმა Civil.ge-ს. 

6 იანვარს ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი, თბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდენენ და განუცხადეს რომ კომპანიების კუთვნილ ტვირთებს საქართველოს საბაჟოზე პრობლემებს უქმნიდნენ. მათი თქმით ასევე ადგილი ქონდა ტვირთების საბაჟოზე განზრახ დაზიანებასაც. მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცეს დოკუმენტაცია, სადაც დაზიანებულ აპარატურას შორის ასევე იყო რვა ერთეული LiveU-ს პორტატული მოწყობილობა, რომლებიც პირდაპირი ტრანსლიაციისთვის გამოიყენება.

ნონა ყანდიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული აპარატურა ახალი ტელევიზიისთვის არ იყო განკუთვნილი.

ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მილიარდელმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ „გამოუსწორებელი შეცდომა“ დაუშვა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ მისი კუთვნილი ტელეკომპანია „მე–9 არხი“ დახურა, რითაც გაშვებული იქნა შანსი, რომ ზომიერი კონტროლი განხორციელებულიყო მთავრობის ქმედებებზე.

"ამ ვითარების შექმნაში, დღეს რაც გვაქვს, ჩემი ყველაზე დიდი ბრალეულობა და შეცდომა ტელევიზიის დახურვა იყო", – განაცხადა მან.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33