Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბოკერია: თავდაცვის სფეროში აშშ–სთან თანამშრომლობა ღრმავდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 იან.'12 / 13:30


აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოს 40 ერთეული "ჰამერის“ ტიპის მანქანა გადასცა, კრწანისის სასწავლო ცენტრი, 2011 წლის 7 ივნისი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აშშ–ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელმაც მხარი დაუჭირა 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება, განაცხადა 15 დეკემბერს, რომ „აშშ–ის თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში სამი წლის წინ რუსეთის მიერ ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ შეჩერებულია“. "მართალია გარკვეულწილად ნელი და მცირე პროგრესი შეინიშნებოდა იმ მიმართულებით, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონოდა შეიარაღებული ძალები ავღანეთში განეთავსებინა ... თითქმის არაფერი გაკეთებულა საქართველოს შესაძლებლობის გასაძლიერებლად, რათა მან საკუთარი მთავრობა, ხალხი და ტერიტორია დაიცვას“, - განაცხადა მაკკეინმა.

ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აშშ–ს და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „დაქვეითება მოხდა“ ბოლო წლების განმავლობაში, „შეთხზული“ და „არაზუსტია“, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.

ჟურნალ „ტაბულასთან“ ვიდეო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული დათქმა აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზაციისკენ“ მოუწოდებს,  მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით, უფრო სამართლებრივი საკითხია საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესახებ და არ უნდა მოხდეს მისი იმგვარი ინტერპრეტირება, თითქოს ობამას ადმინისტრაცია საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების წინააღმდეგია.

31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ხელმოწერის განცხადებაში პრეზიდენტმა ობამამ აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ის ნაწილი, რომელიც საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვისკენ მოუწოდებს, იმ მუხლებს შორის დაასახელა, რომელთა შესრულება მან, შესაძლოა, ”არასავალდებულოდ” მიიჩნიოს, თუ მათი განხორციელება კონფლიქტში მოვა მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან. კერძოდ, ობამამ მოიყვანა ორი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება მიიჩნიოს მან ეს მუხლები - მათ შორის საქართველოს შესახებ - შესასრულებლად ”არასავალდებულოდ”: ერთი არგუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ეს მუხლები, შესაძლოა, წარმოადგენდეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევას თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა; ხოლო მეორე არგუმენტის თანახმად, ეს მუხლები შესაძლოა ისე იქნას წაკითხული, რომ გამოიწვიოს ”მგრძნობიარე სახის დიპლომატიური კომუნიკაციის და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო” ინფორმაციის გამჟღავნება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვართ ყველა ჩვენი მხარდამჭერის, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც შეერთებული შტატების სენატში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ამ ტიპის ჩანაწერს დაუჭირა მხარი. ისინი ჩვენი დიდი ხნის მეგობრები არიან“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ამასთან ერთად, მინდა ვთქვა, რომ ის სპეკულაცია, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული დათქმა ამ აქტზე უკავშირდებოდა საქართველოს, როგორც წესი, ვერ ცოდნა არის საკითხის, ვინც ეს კომენტარი გააკეთა. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საკითხი არ ეხებოდა რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი ან რა საკითხებზე. ეს არის დისკუსია იურისდიქციასთან დაკავშირებით. ანუ აქვს თუ არა კონგრესს უფლება, რომ ასეთ საკითხებზე... მიუთითოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა. ამას შეეხება ეს დათქმა და არა იმას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არ უჭერენ მხარს გაღრმავებას სამხედრო თანამშრომლობის... ეს ასე არ არის“, – განაცხადა მან.

„თითქმის მთლიანად შეთხზულია ნარატივი იმის თაობაზე, რომ დაქვეითება მოხდა [აშშ–საქართველოს] სამხედრო თანამშრომლობის ბოლო წლების განმავლობაში“, – განაგრძო მან, "პირიქით, ტენდენცია არის თანამშრომლობის გაღრმავების [თავდაცვის სფეროში]. სხვა საკითხია, რომ ჩვენ შეიძლება გვსურს სწრაფი გაღრმავება ამ თანამშრომლობის, ეს ბუნებრივია, და ამ თემებზეც გვექნება საუბარი [ობამა–სააკაშვილის შეხვედრაზე თეთრ სახლში 30 იანვარს]“.

„ეს თანამშრომლობა ღრმავდება და ეს შეეხება, ბუნებრივია, როგორც ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას იმიტომ, რომ ეს არის მსოფლიოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია, ჩვენი ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია, ჩვენ გვაქვს ჩვენი წვლილი ამ საქმეში, მაგრამ შეეხება ამ ფარგლებს გარეთაც არსებულ თანამშრომლობას. დიახ, წვრთნებს და ამ ტიპის დახმარებას დიდი ადგილი ეკავა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სფერო, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობა მიმდინარეობდა, მიმდინარეობს და გაღრმავდა ამ ბოლო პერიოდშიც კი. მე არ მინდა ყველა დეტალზე ვისაუბრო, მაგრამ ის სურათი, თითქოს ამ თვალსაზრისით არის სტაგნაცია ან პირიქით, უკან სვლა არის არაზუსტი“.

„ყველას, ვინც მხარს უჭერს ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის შეერთებული შტატების შიგნით, პოლიტიკურ სპექტრში, მათ მიმართ ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ. ამავე დროს, მადლობელი ვართ იმ თანამშრომლობის, რომელიც გვაქვს [ობამას] ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა ბოკერიამ. 

„საკითხი იურისდიქციის თაობაზე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ არ არის ჩვენი კომენტარი გასაკეთებელი და ეს არ ეხებოდა საქართველოს“,  – აღნიშნა მან და დასძინა, რომ როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ობამა–სააკაშვილის შეხვედრაზე ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა ვაშინგტონში 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ–ის მიდგომა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის მიმართ კვლავ განათლებაზე, წვრთნებზე და ქართული ჯარის ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მომზადებაზეა ფოკუსირებული.

კითხვაზე აპირებს, თუ არა აშშ–ის ადმინისტრაცია შეასრულოს 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საქართველოსთან დაკავშირებული დებულება, გორდონმა უპასუხა: „არა მგონია, რომ ეს ჩვენ მიდგომას დიდად ცვლიდეს“.

„რაც შეეხება იარაღის მიყიდვას, ჩვენ ამ საკითხს ისე ვუდგებით, როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ყველა საკითხი ინდივიდუალურ საფუძველზე განიხილება, რომლის დროსაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინება ხდება. უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობას ყველა ამ მიმართულებით განვაგრძობთ“, - განაცხადა გორდონმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12