პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის ოპერაციაში „ტყუილად არ ჩაუვლია“ და ამას აშშ–საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის „ახალ ეტაპზე“ გადასვლა მოყვა, რაც საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიონობის ამაღლებაში დაეხმარება.
სააკაშვილმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც მერილენდში, სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი მოინახულა: „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ ახლა მიღებულია გადაწყვეტილება სამხედრო თანამშრომლობა გადავიდეს საერთოდ ახალ, სხვა ეტაპზე და რეალურად დავკავდეთ საქართველოს საკუთარი თავის დაცვით“, არის საქართველოს ISAF–ში მონაწილეობის შედეგი.
„საქართველოა ჩვენი მთავარი დასაცავი და საქართველოა ჩვენი მთავარი საზრუნავი და ეს ბიჭები ავღანეთში არიან საქართველოსთვის, პირველ რიგში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
2 თებერვალს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, თუ რას ნიშნავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „ახალი ეტაპი“, რაზეც პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ–ის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საუბრობს, და ნიშნავს თუ არა ეს, რომ აშშ შეიარაღებას მიაწვდის საქართველოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა უპასუხა: „ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო შეთანხმდნენ განაგრძონ ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში“.
„ეს თანამშრომლობა იმ წარმატებულ პროგრამებზეა აგებული, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რეფორმების განხორციელებაში დავეხმაროთ – ის, რასაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ბევრ შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში ვაკეთებთ, მათ შორის საქართველოს მეზობლებთან – და თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციის საქმეშიც დავეხმაროთ, რათა მათ საკუთარ თავდაცვაში აღმოვუჩუნოთ მხარდაჭერა – ამრიგად, საუბარია თავდაცვაზე. და ასევე მხარი დავუჭიროთ იმ საქმეს, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში ასრულებენ და დავეხმაროთ მათ ნატოსთან თავსებადობას“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
ასევე 2 თებერვალს პრეზიდენტი სააკაშვილი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა და „ბევრი აქტუალური საკითხი“ განიხილა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლე პრეს–რელიზში. ამავე ცნობით, გენერალმა პეტრეუსმა განაცხადა, რომ იგი „აღფრთოვანებულია ქართველი ჯარისკაცების მამაცობით და მათი მებრძოლი სულით“. გენერალი პეტრეუსი ქართველ სამხედროებს ორ ფრონტზე - ერაყსა და შემდეგ ავღანეთში ხელმძღვანელობდა.