Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ‘რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ’, ხალხი არჩევანს პროგრესზე გააკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 თებ.'12 / 18:58

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ“ მისი „მუქთახორა“ და „გაქსუებული“ ოპონენტები, როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, ხალხი არჩევანს პროგრესის სასარგებლოდ გააკეთებს.

ეს განცხადება მან დღეს ცაგერში გააკეთა, სადაც ახალი საავადმყოფოების გახსნის კამპანიის ფარგლებში მორიგი სამედიცინო დაწესებულება მოინახულა.

„ჩვენი ქვეყანა მიდის წინ,“– მიმართა მან ცაგერში შეკრებილ მოსახლეობას,  „რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან არ სიამოვნებს. ეს არის ხალხი, ვინც სხვადასხვა ფორმით ხან ერთი დროშის ქვეშ, ხან მეორე ლიდერის ქვეშ, ხან მესამეს ქვეშ იკრიბება ერთი და იგივე ძველი სახეები, ერთი და იგივე უკვე მოწყენილი, დაღვრემილი შესახედაობის, პოლიტიკურად მუმიფიცირებული, ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ჩააბნელა საქართველო, ის, ხალხი ვინც ათწლეულების განმავლობაში  – არა მხოლოდ 90–იან წლებში, არამედ მანამდეც – ძარცვავდა საქართველოს“.

მისი თქმით, „ამ ხალხს არ სიამოვნებს“ აღმშენებლობა – რომ „ჩვენ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურებს“, ახალ სკოლებს, არ სიამოვნებთ ინგლისურის და კომპიუტერის სწავლების პროგრამა, ახალი საავადმყოფოები, გზების მშენებლობა. 

„მათ არ სიამოვნებთ ქართველი ხალხი ზოგადად და ქართველი ხალხი არის ჯერ კიდევ, დიდი ნაწილი, საკმაოდ გაჭირვებული. ამიტომ წამოაყენეს ახალი ლოზუნგი გაჭირვებულ ადამიანს არაფერი არ უნდა ეკითხებოდეს თურმე პოლიტიკაში. მარტო თუ მოიპარე თავის დროზე თურმე ფული, საეჭვო გზით იშოვე ფული, თურმე მარტო მაშინ მოგეკითხება პოლიტიკაში საქმე, მარტო მაშინ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მარტო მაშინ უნდა მოხვდე პარლამენტში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მისი ოპონენტებისთვის ასევე „კატასტროფაა“ ახალი პარლამენტის ქუთაისში გადატანა „იმიტომ, რომ ადრე ყველაფერი წყდებოდა ერთ ქუჩაზე თბილისში“.    

„ადრე ძალიან მარტივი იყო: ყველანი ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე; დენი იყო მარტო იმ ქუჩაზე; გზას აგებდნენ მარტო იმ ქუჩაზე; პარლამენტში ირჩევდნენ ხალხს მარტო იმ ქუჩიდან; ფული ჰქონდა ხალხს მარტო იმ ქუჩაზე – აი ამ ცხოვრების დაბრუნება უნდა ამ მუქთახორა, არაფრის მაქნის, კორუფციით და ხალხის ძარცვით გაქსუებულ, წარსულში ოღონდ, ხალხს“, – განაცხადა მან.

“მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს“, – განაგრძო მან, „რა რუსული ფულითაც არ უნდა შეაირაღდნენ, რა სხვადასხვა ხრიკებსაც არ უნდა მიმართონ, რამდენი გაზეთიც არ უნდა იყიდონ, რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენი ხალხი არის ძალიან ჭკვიანი და ჩვენმა ხალხმა უკვე გაიგო გემო რას ნიშნავს პროგრესი და არავის არ უნდა უკან დაბრუნება“.  

„როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, არ შეიძლება რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, რა გამოცდილებაც არ უნდა გვქონდეს... ყოველთვის ავირჩევთ მომავალს იმიტომ, რომ ვხედავთ პროგრესს, ვხედავთ პერსპექტივას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან წინა ანალოგიური გამოსვლების მსგავსად ოპონენტებზე ზოგად კონტექსტში ისაუბრა ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე.

რამდენიმე დღის წინ მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის „ეპითეტებს“ და განაცხადა: „გამოსვლებში ბნელეთის ძალებს უწოდებს ოპონენტებს, ზოგჯერ მუმიებად მოიხსენიებს და მას ავიწყდება, რომ ქმედებით უნდა აჩვენოს მან საზოგადოებას როგორია ის და არა ლანძღვით და მსგავსი გამონათქვამებით“.

15 თებერვალს მისი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციაზე საუბრისას ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი „მოწყვეტილია რეალობას“, რადგან აქვს „ილუზია“, რომ მას ხალხი არჩევნებში ხმას მისცემს.

“სააკაშვილი გამალებით ცდილობს დაარწმუნოს საქართველოს მოსახლეობაც და ევროპაც, რომ ის დემოკრატიას აშენებს, თუმცა ქმედებით ის უფრო ეხმაურება ძალიან ძველ დროს, ალბათ 200 წლით უკანაა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26