საქართველოში წარმოებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკა". ფოტო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან Facebook–ზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ახალი ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანის "ლაზიკას" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, სადაც შედგა ამ მძიმეჯავშნიანი შემტევი მანქანის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირება.
"ლაზიკა" აღჭურვილია შეიარაღების დისტანციური მართვის მოდულითა და ცეცხლის მართვის სისტემით, მასზე დამონტაჟებულია 23 მმ-იანი კალიბრის ავტომატური ქვემეხი და 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მისი ჯავშანი უზრუნველყობს 14,5 მმ–იანი ჯავშანგამტარი ტყვიებისგან დაცვას. საბრძოლო მანქანა აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან სამიზნის დისტანციურად აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. მისი ეკიპაჟი სამი წევრისაგან შედგება და შეუძლია შვიდკაციანი დესანტის გადაყვანა.
თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განუცხადა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ "ლაზიკა" ამჟამად გამოცდის "ბოლო ეტაპს" გადის.
მისი თქმით, "ლაზიკა" 14–ტონიანიანია და მისი გავამვლობა 200 კილომეტრია, თუმცა საწვავის დამატებითი ავზების გამოყენების შემთხვევაში ის 400 კილომეტრამდე იზრდება.
„ეს არის განვითარების საერთოდ სხვა დონე იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია მუხლუხოიანი საბრძოლო მანქანის წარმოება“, – განაცხადა სააკაშვილმა „ლაზიკას“ გამოცდის დროს თავდაცის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ახალ საბრძოლო მანქანას საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია. „ახლა ჩვენ კი გვჭირდება, ბევრს შევუკვეთავთ, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ასეთი რაღაცა ძალიან ადვილად იყიდება“, – განაცხადა მან.
"ლაზიკა" თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ შეიმუშავა. ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალ წარმოებაზე მუშაობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რადგან „შევძელით ამ ამოცანის გადაჭრა, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო შევძლებთ ამ მიმართულების განვითარებას“.
მორიგი ქართული საბრძოლო მანქანის წარმოების შესახებ პირველი განცხადება სააკაშვილმა ამ კვირას ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან სტუმრობისას გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი“; ჩვენ ვუშვებთ ავტომატებს, ჩვენ ვუშვებთ სხვა ტექნიკას – ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში“, – განაცხადა სააკაშვილმა 20 თებერვალს ქართველი ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას და დასძინა, რომ შეიარაღებული ძალების აღჭურვისათვის ყოველგვარი ხმაურის და ტრაბახის გარეშე ბევრი კეთდება.
ქართული წარმოების ორი ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, „დიდგორი“, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ შეიმუშავა, პირველად 2011 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმზე იქნა წარმოდგენილი – „დიდგორი 1“ Minigun-ის ტიპის ტყვიამფრქვევით და „დიდგორი 2“ – 12.7 კალიბრიანი ტყვიამფრქვევით.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა თებერვლის დასაწყისში, რომ საქართველო უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებაზე მუშაობს; ამ თემაზე დეტალები უცნობია.
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ახალი ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანის "ლაზიკას" პრეზენტაცია განზრახ დაამთხვია საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს, როდესაც 91 წლის წინ ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ თბილისის ოკუპაცია განახორციელა.