Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარტიების შესახებ სადავო კანონში მოსალოდნელია ცვლილებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მარ.'12 / 18:44

პარტიების შესახებ კანონში არსებული სადავო დებულებები შესაძლოა ისე დაზუსტდეს, რომ კანონის სულისკვეთება, რომელიც პარტიათა დაფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფას და იმ პირთა დასჯას გულისხმობს, რომლებიც კანონის გვერდის ავლით მოქმედებას შეეცდებიან, არ შეიცვალოს.

კანონში ფორმულირებების დაზუსტების შესახებ ასეთი მზაობა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების  – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და „არჩევანის თავისუფლება“ –  წარმომადგენლებთან 1 მარტს გამართული დახურული სამუშაო შეხვედრის შემდეგ გამოთქვა.

ეს ორგანიზაციები სხვა სამოქალაქო და მედია აქტივისტებთან ერთად კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სახელწოდებით „ეს შენ გეხება“, რომლის ფარგლებშიც მომზადებული ალტერნატიული წინადადებები მათ პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს.

ამ წინადადებების პრეზენტაცია 2 მარტს კამპანიის ორგანიზატორებმა ასევე მოაწყვეს პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

უმთავრეს საკითხებს შორის, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეშფოთებას იწვევს, არის ის დებულება, რომელიც პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს უწესებს იმ პირებს, ასევე მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულად მიიჩნევა კონტროლის პალატის მიერ. ამ ორგანოს კანონი ასევე ანიჭებს ფართო უფლებამოსილებებს თავად დაუწესოს მისი მონიტორინგის არეალში მოქცეულ პირს კანონით დადგენილი მკაცრი საჯარიმო სანქციები, რისი პრეცედენტიც უკვე არსებობს; და ასევე დაადოს ყადაღა კანონის რეგულაციის ქვეშ მოქცეულ სუბიექტებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი წინადადებები, რომლის განხილვასაც მიეძღვნა 1 მარტს პარლამენტში გამართული სამუშაო შეხვედრა, გულისხმობს პარტიასთან დაკავშირებულ პირთა წრის მნიშვნელოვან დავიწროვებას, კერძოდ, იმის განსაზღვრას, რომ პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც განცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს დადგენილ ლიმიტებს ზევით.

დაკავშირებული პირის განსაზღვრება, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა შეიცვალოს.

ალტერნატიული წინადადებები ასევე მოიცავს დებულებას, რომ გაიწეროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, საფუძვლები და პროცედურა, ასევე ამ ორგანოს მიერ პარტიისა და სხვა პირების ქონებაზე ყადაღის დადების წესი იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ჩართულობის გზით ყადაღის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ სადავო თანხაზე და არა მთელ ქონებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებაა, რომ საარჩევნო წელს საარჩევნო სუბიექტების მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. კანონი ამგვარ ლიმიტს უწესებს პარტიებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, როგორც ხარჯებზე, ისე შემოსავლების ნაწილშიც. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატებისათვის საარჩევნო ხარჯებზე ზედა ზღვარის დაწესებას – ეს საკითხი კანონმდებლობის არ არის დარეგულირებული.

წინადადებების ავტორები ასევე მოითხოვენ შემცირდეს პარტიებისა და სხვა პირებისათვის დადგენილი „არაგონივრული“ სანქციები, კერძოდ, უკანონო  შემოწირულობის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვროს შემოწირულობის სამმაგი და არა ათმაგი ოდენობით; ხოლო პარტიის მიერ კონტროლის პალატის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით, დღეს არსებული 5 000 ლარის ნაცვლად.

ერთ–ერთი მთავარო მოთხოვნაა, რომ მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შემცირდეს, ხოლო პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ მომსყიდველ პირს და არა ამომრჩეველს. დღევანდელი რეგულაციით მოსყიდვის ფაქტზე გარიგების ორივე მონაწილე ისჯება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ კანონიდან ამოღებული იქნას ის მუხლი, რომელიც პარტიისთვის შემოწირულობის 500 ათას ლარიან ჯამურ ზედა ზღვარს უწესებს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან. კანონის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.  იურიდიულ პირებს შემოწირულობების გაკეთება საერთოდ ეკრძალებათ.

“არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ის ფორმულირებები, რომელიც წარმოდგენილია არასამთავრობოების მიერ, მისაღებია. ამ ნაწილში, თუ ეს მათთვის არის მისაღები, ჩვენ მზად ვართ ნაბიჯი გადავდგათ“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. 

ამ წინადადებების ირგვლივ მსჯელობა მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე გაგრძელდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ ჩამოყალიბდება და ცნობილი გახდება, თუ რა ცვლილებები შევა კანონში და როგორი იქნება კონკრეტული ფორმულირებები.

ამავე პროექტში იქნება, სავარაუდოდ, ასახული მმართველი პარტიის მიერ იანვრის ბოლოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიების ნაწილისთვის საარჩევნო წელს დამატებითი სახელმწიფო სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დაფარვის მიზნით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37