კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ კონტრაქტორი ფირმა „ელიტა ბურჯი“ 2 500 000 ლარით დააჯარიმა ამ კომპანიის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის ბრენდირებული მაისურების დამზადების საქმესთან დაკავშირებით.
“შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“, როგორც იურიდიულმა პირმა, 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ,“– ნათქვამია კონტროლის პალატის 15 მარტის განცხადებაში.
„ელიტა ბურჯის“ მფლობელი ოფშორული კომპანია Ringold Finance Limited–ია, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. „ელიტა ბურჯი“ ქართუ ჯგუფთან ასოცირებული სამშენებლო კომპანიაა – ფირმა, რომელიც კონტროლის პალატის ერთ–ერთი პირველი სამიზნე გახდა იანვრიდან უწყებაში პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ამოქმედების შემდეგ.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, „ელიტა ბურჯი“ მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ასრულებს 500 000 აშშ დოლარის ღირებულების 200 000 ცალი ორგანიზაციის ლოგოიანი მაისურებით უზრუნველყოფას – მომსახურებას, რომელიც „არ არის თავსებადი მის მიმდინარე, ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობასთან“.
ამ მიზნით, კონტროლის პალატის ცნობით, კომპანიამ თურქული კომპანია “TUREN CAMASIRLARI” -ის ანგარიშზე 150 000 აშშ დოლარის ტრანზაქცია განახორციელა. თუმცა კონტროლის პალატა აცხადებს, რომ სამუშაოს შესრულებაზე „არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად დადებული ან ბუღალტრულად დაფიქსირებული სათანადო კონტრაქტი“; „არ არის უზრუნველყოფილი ავანსის გადახდით და სათანადო ფინანსური გარანტიებით“ და „ქართული ოცნების“ მიერ „მომსახურებისთვის არანაირი ხარჯი არ არის გაწეული“.
კონტროლის პალატა ასევე აცხადებს, რომ გამოკითხა „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვენლობა, რომლებმაც „ურთიერთსაწინააღმდეგო და რეალურ ფაქტებთან შეუსაბამო ინფორმაცია წარმოადგინეს“.
“მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ფაქტების და ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შპს „ელიტა ბურჯის“ ქმედება დაკვალიფიცირდა, როგორც მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობა 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დებულებებს და ექვემდებარება დაჯარიმებას განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით“, – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
ეს უკვე მესამე მსხვილი სანქციაა, რომელიც ივანიშვილის პერსონის ირგვლივ იქნა გამოყენებული და სამივე დაჯარიმების შედეგად ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ ჯამში 3 922 040 ლარი შეადგინა.
სამი დღის წინ კონტროლის პალატამ ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკი“ 822 040 ლარით, ხოლო თებერვლის ბოლოს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, მისი შემომწირველი ფიზიკური პირი და კომპანია ჯამში 600 000 ლარით დააჯარიმა.
იმავდროულად, 15 მარტს საღამოს კონტროლის პალატამ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის მონიტორინგის ფარგლებში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ამ ორგანიზაციისგან მისი „პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას“.
“დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან“, – აცხადებს კონტროლის პალატა, „დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს სამართალდარღვევას“.
კონტროლის პალატამ იმ ადამიანთა სიაც გამოაქვეყნა, რომლებმაც, მისი თქმით, ივანიშვილისგან ჯამში 406 000 ლარი მიიღეს. უწყების თქმით, „ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე“. თუმცა კონტროლის პალატის ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული თუ რაში მდგომარეობს სამართალდარღვევა და კანონის რომელი მუხლი დაირღვა.