Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ქართულ სამხედრო წარმოებაზე, რეზერვისტებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 აპრ.'12 / 20:12


პრეზიდენტი სააკაშვილი იმ სამხედრო ქარხნის მუშებს ხვდება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საწარმო "დელტას" შემადგენლობაში შედის, 11 აპრილი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

„მშვიდობისათვის“ არის „ძალიან მნიშვნელოვანი“, რომ საქართველოს აქვს თავისი სამხედრო წარმოება და ავითარებს ნებაყოფლობითი რეზერვის ახალ სისტემას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 აპრილს.

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საწარმო „დელტას“ თანამშრომლებთან სტუმრობისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს „მომავალი ინდუსტრიული პოტენციალის ძალიან იმედის მომცემი საფუძველია“.

„სახელმწიფომ აიღო ქარხანა მთლიანად კონტროლის ქვეშ  – ეს და სხვა ქარხნები – და აღმოჩნდა, რომ ყუმბარმტყორცნების გამოშვებაც, ავტომატებიც, ნაღმტყორცნებიც... არავინ არ გვაძლევდა ანტისატანკო იარაღს 2008–მდე, ყველას ვეხვეწებოდით, რომ მოგვეცით – ახლა, სხვათაშორის, უფრო გაიხსნა ეს ბაზრები, არც გვჭირდება ახლა ყიდვა – ჩვენი გამოვუშვით, ჩვენი გვაქვს“, – განაცხადა მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვიმუშავებთ, ავაწყობთ ანტისაჰაერო სისტემას“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა "დელტას" წარმოებული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. (ფოტოები იხილეთ აქ)

შარშან ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის „დიდგორის“ გამოშვების შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვლიდან ადგილობრივი წარმოების კიდევ სამი სამხედრო საშუალების პრეზენტაცია მოეწყო: ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანის "ლაზიკას", ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის და სულ ბოლოს, უპილოტო საფრენი აპარატის.

„მომავალი წლიდან გვექნება [საფრენი აპარატების] იგივე ანალოგია, ოღონდ მას შეეძლება იარაღის გადატანა უკვე ბევრად უფრო გრძელ მანძილზე და ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ძველი რუსული „შტურმავიკები“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც სამშაბათს ამ აპარატების საცდელ ფრენას დაესწრო.

მან ასევე განაცხადა, რომ "უკვე გვაქვს სერიოზული მოლაპარაკებები" ჯავშანტრანსპორტიორების და "ლაზიკას" ესპორტზე. 

მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის კუთხით „მართლა საოცრება“ ხდება, რადგან გარდა ძირითადი შეარაღებული ძალებისა, იქმნება ნებაყოფლობითი სარეზერვო სისტემა.

„ჩვენ დავიწყეთ რეზერვისტთა სისტემის ხელახალი აწყობა და მივიღეთ ფენომენალური შედეგი – ჩვენს მტერს ეს ძალიან აღიზიანებს და მათ ქართველ აგენტებს, ე.წ. პოლიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ რეზერვისტები, მაგრამ სოფლებში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა რეზერვში – გამაოგნებელი შედეგია –  ყველა საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წამორმავლობისა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ზაფხულისთვის 70 ათასი ნებაყოფლობითი რეზერვისტი იქნება გადამზადებული, ხოლო მომავალ წელს მათი რიცხვი 150 ათასს მიაღწევს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელს ეყოლება რაზმი თავდაცვისათვის და ეს არის ყველაზე მყარი გარანტია მშვიდობის“, – განაცხადა მან და იქვე მოიყვანა ფაშისტური გერმანიის მაგალითი, რომელმაც  „უარი თქვა შვეიცარიაში შესვლაზე  იმიტომ, რომ შვეიცარია ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელსაც აწყობილი ჰქონდა რეზერვისტთა სისტემა“.

„ვიღაცეები ხანდახან, მათ შორის უცხოელმა დიპლომატმა შეიძლება თქვას, რომ ‘ეს რეზერვისტთა სისტემა მაინც რა ვიცით, კარგად შეისწავლეთ, უფრო დიდხანს განიხილეთ’ და 2008 წელს ჩვენ კარგად დავინახეთ: ჩვენ გვჭირდება შიდა ტერიტორიული დაცვა და არავინ არ გააკეთებს ჩვენს საქმეს ჩვენს გარდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„საქართველომ, პირველ რიგში, თავის ხალხის მეშვეობით უნდა იზრუნოს საკუთარი სამშობლოს დაცვაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველა ერთად გავაკეთებთ“, – განაგრძო მან, „მაგრამ როცა ამ ხალხს ამზადებ, რა თქმა უნდა, უნდა აღჭურვო და რა თქმა უნდა, მე გამეხარდება, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული ევროპული ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნებიდან მოწოდებულ იარაღზე, არამედ ჩვენი გვქონდეს“.

„მშვიდობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ქვეყანას აქვს თავის წარმოება და როცა ქვეყანას ყავს ასევე თავისი ხალხი, თავის რეზერვისტთა სისტემა, თავის შეიარაღებული ძალები  – ეს არის შესაძლო აგრესორისთვის და საქართველოს შემთხვევაში აგრესორი ერთია, როგორც ვიცით ყველამ, ძალიან მკაფიო შემაკავებელი იმისათვის, რომ ჩვენ ეკონომიკას არ შეექმნას განვითარების პრობლემები; იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ის ორნიშნა [ეკონომიკური] ზრდა, რომელმაც საქართველო უნდა მიიყვანოს იმ სინგაპურიზაციამდე, რომელზეც მე ვლაპარაკობ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება „ნახტომი“ და ის ვერ იქნება, „საშუალო სტატისტიკური“ ევროპული ქვეყნის მსგავსი, რომელიც ნელა ვითარდება.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მაგრები იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ჩვენ ისეთ პირობებში ვართ, იმ გეოგრაფიაში ვართ, იმ საფრთხეების პირობებში ვოპერირებთ, ისეთი მწარე გამოცდილება გვაქვს, რომ არ შეიძლება საქართველო არ იყოს 5–6–ჯერ მაგარი, ვიდრე ნებისმიერი საშუალო ევროპული ქვეყანა, თუნდაც ახლა უკვე ევროკავშირის ახალი წევრები“, – განაცხადა მან.

„ეს არის ჩემი ამოცანა, ეს არის ჩემი ამბიცია და ეს არის ის, რაც საქართველოში მაინც ხდება, მიუხედავად მტრის ყველა ხრიკისა, მიუხედავად გარე და შიდა შერყევის და პწკენების რაიმე მცდელობებისა. ხან ერთ კატას გამოთხრის ჩვენი აგრესორი, ხან მეორეს, ხან მესამეს – თხუნელას, კატას, არ ვიცი რა ჰქვია მაგათ“, – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა:  „ვერანაირი თხუნელები ვერ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33