Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქდმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდის ლგბტ–ის აქტივობების შემდეგ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'12 / 15:14

ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში 17 მაისს მოწყობილი აქციის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტია – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა (ქდმ) კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რათა კანონმდებლობით გაძლიერდეს ტრადიციული და ზნეობრივი ღირებულებები. 

ქდმ–ის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ამ საკანონმდებლო ინიციატივისთვის მხარდაჭერის მოპოვებას მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვების გზით მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში შეეცდება – პერიოდში, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას ემთხვევა.  მუშაობის საარჩევნო რეჟიმში გადასვლის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქდმ–ის ინიციატივა, რომელსაც არანაკლებ 200 000 მოქალაქის მხარდაჭერა ჭირდება, ამ მოწვევის პარლამენტმა განიხილოს.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას თარგამაძემ მართალია დაგმო უმცირესობის ჯგუფების მიმართ ძალადობა, მაგრამ გააკრიტიკა თბილისში მოწყობილი „გეი აღლუმი“, რომელიც მისი თქმით, არ იყო „სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა თუ მათ მხარდამჭერთა უბრალო, მშვიდობიანი, უწყინარი გასეირნება“.

„ეს არის ძალიან შორს გამიზნული და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების დასაწყისი, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის, მამათმავლობის, გახრწნილობის, გარყვნილების, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაცია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ის რომ მთელ რიგ სახელმწიფოებში მაღალ თანამდებობებს „ჰომოსექსუალისტები“ იკავებენ და დაკანონებულია ერთსქესიანი ქორწინება, „ვერ იქნება ჩვენთვის განმსაზღვრელი, რამდენადაც ამ ევროპულ სახელმწიფოებში გაცხადებული ათეისტები რაოდენობა 50%–ს აჭარბებს, ჩვენ კი ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც საბედნიეროდ ჯერ კიდევ ძლიერი არის ტრადიციული ღირებულებები“.

„გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%–ზე მეტი არის გაცხადებული რწმენის მატარებელი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია სწორედაც რომ უნდა პასუხობდეს იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომელიც ამ ქვეყნის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, ტრადიციული საზოგადოებისათვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ არავის არ ვებრძვით, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესს,“– დასძინა თარგამაძემ თავის გამოსვლის დასასრულს.

მას საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე არაფერი უთქვამს, თუმცა როგორც მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, საუბარია კონსტიტუციაში ქრისტიანობის როლის ხაზგასმაზე;  ასევე ზნეობრივ–მორალური კრიტერიუმების შემოტანაზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სახელმწიფო თანამდებობის პირები; იმგვარი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვაზე, რომელიც ლახავს ადამიანის რელიგიურ გრძნობებს; და კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერის გაკეთებაზე, რომ სახელმწიფო ცნობს, აღიარებს და მფარველობს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, რაც ლალიაშვილის თქმით, "ავტომატურად გამორიცხავს" ერთსქესიანი ქორწინების დაშვებას.  

ქრისტიან–დემოკრატების პოზიცია გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან ლაშა თორდიამ, რომელმაც თარგამაძე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის „შუღლის გაღვივებაში“ და „ჰომოფობიური“ განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილია და აღიარებს, რომ „ყველა ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არის თანასწორი“.

„ეს არის მიუღებელი, ეს არის დანაშაული თქვენის მხრიდან“, – მიმართა მან თარგამაძეს, „მე მეგონა, რომ თქვენ გააკეთებდით განცხადებას, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს ტოლერანტული... და იტყოდით, რომ ის საქციელი, რომელიც მოხდა 17 მაისს, იყო ამორალური და მიუღებელი“. 

დეპუტატმა ქდმ–დან, ნიკა ლალიაშვილმა თავის გამოსვლაში განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია სექსუალური უმცირესობების „პროპაგანდა და ლობირება“, როდესაც „ამ გამძაფრებული ვითომ იდენტობის მქონე ჯგუფები სწორედ ძალადობრივად ცდილობენ თავიანთი შეხედულებების და თავიანთი უხამსი იდეოლოგიის მორგებას საქართველოს დანარჩენ საზოგადოებაზე“.

„თუკი ამას თქვენ არქმევთ შუღლს ორ აბსოლუტურად შეუთავსებელ და დაუზავებელ კატეგორიას შორის, მაშინ, დიახ, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს და აღვივებს შუღლს მორალსა და ამორალობას შორის“, – მიმართა ლალიაშვილმა ოპონენტს მმართველი პარტიიდან.

„რაც უფრო აცდენილი იქნება პოლიტიკური ელიტის ზნეობა და შეხედულებები თავიანთი ქვეყნის, თავიანთი მოქალაქეების უმრავლესობის შეხედულებებისაგან, მით უფრო მიუღებელი იქნება ეს პოლიტიკური ელიტა საზოგადოებისათვის“, – დასძინა მან.

პარლამენტში ეს ხანმოკლე დებატები იყო გამოხმაურება გასული კვირის მოვლენებზე. 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების პირველი საჯარო მსვლელობა მოეწყო თბილისში, რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც მათ გზა გადაუღობეს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა, მათმა მომხრეებმა და სასულიერო პირებმა. მომხდარი მომდევნო დღეს ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მომხრეებმა პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10