ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს სტატუს–ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები, შეცდომაა, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ და გააფრთხილა აფხაზები არ აიღონ ეს დოკუმენტები, ვინაიდან ეს თბილისის მიერ დაგებული „მახეა“.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა ბათუმში 5 ივნისს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის გაცემულ სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტებს. „ეს იქნება ძლიერი ნაბიჯი შერიგებისკენ და კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კლინტონმა.
7 ივნისს სოხუმში პრესკონფერენციაზე საუბრისას ირაკლი ხინთბამ განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ კლინტონის სიტყვების გარშემო ემოციები გაამძაფროს, ვინაიდან „აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მისი გამოსვლის მხოლოდ პატარა ფრაგმენტი მიეძღვნა“.
„თუმცა ძალიან მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღიარების თაობაზე“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ხინთბას სიტყვებზე დაყრდნობით.
„ეს კიდევ ერთი არასწორი სტრატეგიული გათვლაა ობამას ადმინისტრაციის მიერ მას შემდეგ, რაც მათ თანხმობა განაცხადეს ტერმინის „ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენებაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველოს სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტებს არაფერი აქვს საერთო შერიგებასა და კონფლიქტის მოგვარებასთან, როგორც ამის თაობაზე კლინტონმა განაცხადა ამერიკის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
„ეს მხოლოდ წააქეზებს საქართველოს ახალი ავანტიურებისკენ“, – განაცხადა ხინთბამ და დასძინა, რომ ეს სამგზავრო დოკუმენტები შორსაა ნეიტრალურისგან.
„ეს არის ქართული დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გასცემს და რაც მთავარია, გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სტრატეგიით. მასში მკაფიოდაა აღნიშნული ქვეყნის კოდი, რომელიც გასცემს ამ პასპორტს – GEO“ , – განაცხადა ხინთბამ და დასძინა, რომ თუ ამ დოკუმენტის მფლობელს საკონსულო მომსახურება დასჭირდება საზღვარგარეთ მოგზაურობისას, ამგვარ მომსახურებას იმ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ქართული დიპლომატიური მისია აღმოუჩენს.
მისი თქმით, ეს დოკუმენტები ფაქტიურად არის მცედელობა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელს ქართული პასპორტები მოახვიონ თავს.
„ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და ვიმედოვნებთ, რომ მათ ესმით, რამდენად სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების შემოთავაზება ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც სისხლისმღვრელი ომი და მკაცრი ბლოკადა გამოიარეს, და რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს, არასდროს აიღებენ ამ დოკუმენტებს“, – განაცხადა ხინთბამ.
„მათ უნდათ, რომ მახეში გაგაბან, რომელსაც თბილისის ხელისუფლება დიდი ხანია და გეგმაზომიერად აგებს უკვე რამდენიმე წელია. თბილისის მიზანი ნათელია – დაგვიბრუნოს საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა ხინთბამ, „საქართველოს წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ნეიტრალური პასპორტების მიზანია აფხაზეთის მოსახლეობის დეიზოლაცია, აფხაზებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ იმოგზაურონ მსოფლიოში და მათი უფლებების დაცვა. ეს ცინიკური ტყუილია. თუ თბილისის ხელისუფლებას ასევე აღელვებს ჩვენი უფლებები, რატომ გვახრჩობენ მთელი ეს წლები საერთაშორისო ბლოკადაში?“
„მიკვირს, რომ ამერიკელებს არ ესმით ის, რომ ნეიტრალური პასპორტებით ქართული ავანტიურა წარუმატებლობისთვისაა განწირული, და რომ არ უნდა გამოყონ ფული ამ ავანტიურის გაგრძელებისთვის, არამედ სხვა მიზნებზე მიმართონ ეს სახსრები. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ობამას ადმინისტრაციის მიზანი არა აფხაზეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაა, არამედ სხვადასხვა გეოპოლიტიკური გათვლები და თავიანთი თბილისელი მარიონეტების ახირებების დაკმაყოფილება“, – განაცხადა ხინთბამ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 6 ივნისს, რომ ვაშინგტონის მიერ სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტების აღიარება საშუალებას მისცემს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს „საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით“ იმოგზაურონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი უფლებების დასაკანონებლად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, – განაცხადა მან.
მიესალმა რა ამ დოკუმენტების შემოღებას, ევროკავშირმა მოუწოდა თბილისს, რომ „სანამ დოკუმენტი ამ რეგიონების მაცხოვრებელთა უფრო ფართო ფენისთვის არ გახდება მისაღები, ის მგზავრობის ერთადერთ საშუალებას არ უნდა წარმოადგენდეს“.