საქართველოს ხელისუფლებამ შეიცვალა პოზიცია და დათანხმდა საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ის და must offer-ის წესის შემოღებას საარჩევნო პერიოდში.
ეს წინადადება, რომლის გატანასაც აქტიურად ცდილობენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციები, თავდაპირველად უარყოფილი იყო მმართველი პარტიის მიერ იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 22 ივნისს, რომ ხელისუფლება მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც „საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა სატელევიზიო საშუალებას მიეცემა საშუალება უფრო მეტ ამომრჩეველს, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიაწვდინოს ხმა და გაზარდოს სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა“.
„უფრო კონკრეტულად ეს გულისხმობს წინადადებებს, რომ საარჩევნო პერიოდში მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით. მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს შეეხება ყველა სატელევიზიო არხს და ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ მიიღოს მეტი ინფორმაცია, ჩვენ მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს მისაღებს თუ მიუღებელს და საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებას“, – განაცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
„შეიძლება გაჩნდეს კითხვა რატომ საარჩევნო პერიოდში“, – განაგრძო მან, „პასუხი არის ძალიან მარტივი ზოგადად საკაბელო მაუწყებელს და სატელევიზიო მაუწყებელს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება ეს გახლავთ კერძო, კომერციული მოლაპარაკება. ეს არის ორი კერძო ბიზნეს სუბიექტის ერთმანეთთან მოლაპარაკება რა პირობებით და რა ფასად მოხდება ამა თუ იმ არხის ჩართვა ამა თუ იმ კაბელში, ამიტომ სახელმწიფო, ბუნებრივია, კერძო ბიზნეს ურთიერთობებში უნდა მინიმალურად ერეოდეს, მაგრამ საარჩევნო პერიოდი გახლავთ ძალიან სპეციფიური თავისი შინაარსით ეს არის პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობას და ინფორმაციის თავისუფლებას“.
მაისის დასაწყისში „ეს შენ გეხება“–ს საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტს წარუდგინეს კომპლექსური საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც ავტორთა თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ამ საკანონმდებლო წინადადებების პრიორიტეტული ნაწილია ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპები, რომლებიც, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ.
ეს შემოთავაზება ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, როდესაც ზოგიერთ ტელეკომპანიას საკაბელო ქსელები მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ცალკეულმა არხებმა თავად თქვეს უარი, რომ ერთ–ერთი საკაბელო ქსელით გასულიყვნენ ეთერში.
ამჟამად, Silk TV–ს და კავკასუს TV–ს ქსელებზე ტელეკომპანია „მაესტრო“ მიუწვდომელია, რასაც ეს ტელევიზია პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, მაყურებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია, ვინაიდან ის მხოლოდ ერთი საკაბელო ქსელის – „გლობალ TV” მეშვეობით მაუწყებლობს. ამ უკანასკნელის თანამფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმაა.
თავად „გლობალ TV“–ის მეშვეობით მაუწყებლობაზე კომერციული მიზეზით უარი თქვეს ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“–მა. თუმცა „გლობალ TV“–მ განაცხადა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა აბონენტები სხვა საკაბელო კომპანიაში გადასულიყვნენ და „გლობალ TV“–ის პოტენციური კლიენტები დაეკარგა, რაც საბოლოო ჯამში, "მეცხრე არხის" მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვას ისახავდა მიზნად.
პარლამენტის თავმჯდომარემ 22 ივნისს ასევე განაცხადა: "საარჩევნო პერიოდში ჩვენ შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება გავაკეთოთ გამონაკლისი და ამ პერიოდში დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები მიაღწიონ შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ამ დავალდებულებით მოიგოს ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელსაც ექნება უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს კვალიფიციური სუბიექტებისათვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის სახით, როცა აღნიშნულ ვალდებულებას ტელევიზიებს კანონი ანიჭებს საარჩევნო პერიოდში.
„ამ პრეცედენტის გაგრძელებაა ის, რაზეც ვსაუბრობ, თუმცა ბევრად უფრო მასშტაბური იმიტომ, რომ ხალხს ექნება არა ცალკეული პოლიტიკოსების ან პარტიების, არამედ მთელი სატელევიზიო არხების წვდომის და ნახვის საშუალება. ეს შეეხება საარჩევნო პერიოდს – პერიოდს, როდესაც ინფორმაციული გახსნილობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენი სურვილი და მოტივაცია ამ ინიციტივაზე მზაობის დროს გახლავთ ის, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე იყოს მთლიანად გახსნილი, ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ხალხთან საკუთარი სათქმელის მიტანის საშუალება და რაც მთავარია, ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი, ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალება – არჩევანის, რომელიც დგას თავისუფლებაზე და არა შეზღუდვაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ეს „კონკრეტული ინიციატივა“ საზოგადოებისათვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ბაქრაძემ ეს განცხადება ცოტა ხანში გააკეთა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, რომელიც ასევე წარმოადგენს უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტთან საუბრობს იმაზე, „თუ რა დამატებითი ინიციატივები შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს“.
ზღულაძემ ეს განცხადება გააკეთა ბრიფინგზე, სადაც „გლობალ TV”-ის ანტენების დაყადაღების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქმედება ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე რეაგირებაა და „არაფერი აქვს საერთო მედიის ხალმისაწვდომობასთან, სიტყვის თავისუფლებასთან“.
„ჩვენ გვაქვს და განვაგრძობთ არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანი არის ან გახდება; ეს ნიშნავს, რომ კანონის აღსრულებისას არ იქნება კომპრომისები“, – განაცხადა მან, „თუმცა, მეორეს მხრივ, სახელმწიფო იქნება ძალიან ღია ნებისმიერ ახალ იდეასთან მიმართებაში, თუ ის შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო ღია და სამართლიანი გავხადოთ წინასაარჩევნო გარემო“.