Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობის თქმით, ივანიშვილი საქართველოში ‘დემოკრატიის შესუსტებას ცდილობს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ივნ.'12 / 17:06

საქართველოს ხელისუფლებას აქვს და განაგრძობს „მკაცრ, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას“ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობებთან დაკავშირებით, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ 22 ივნისს „გლობალ TV“–ის კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტის კომენტირებისას.

მან აღნიშნა, რომ „გლობალ TV“–ისთან დაკავშირებულ გამოძიებას არაფერი აქვს საერთო მედიის შეზღუდვასთან. ზღულაძემ, რომელიც ასევე წარმოადგენს უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტთან საუბრობს იმაზე, „თუ რა დამატებითი ინიციატივები შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს“.

„ბოლო თვეების განმავლობაში კანონის უგულვებელყოფის და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის შემაშფოთებელი ფაქტების წინაშე დავდეგით“, – განაცხადა ზღულაძემ.

მისი თქმით, პოლიციამ სატელიტური ანტენები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღა, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე.

პროკურატურამ განაცხადა, რომ „გლობალ TV“–ის მიერ კლიენტებისთვის უფასოდ სატელიტური ანტენების გადაცემა შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია "ქართული ოცნება", როგორც სჩანს, ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგანან და მუდმივად, მიზანმიმართულად ცდილობენ დაასუსტონ კანონი და შესაბამისად დემოკრატია ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ზღულაძემ.

ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ „გლობალ TV“–ის საწყობებში შესვლა, სადაც სატელიტური ანტენები ინახება, იმის მაჩვენებელია, რომ  ხელისუფლება „სრულ აგონიაშია ჩავარდნილი“ და ცდილობს რეგიონებში სატელიტური ანტენების გავცელებას შეუშალოს ხელი, რათა შეზღუდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

„გლობალ TV“–ის მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა Civil.ge–ს 22 ივნისს შუადღისას სატელეფონო საუბარში, რომ იმ დროისთვის არსებული ინფორმაციით 60 000 სატელიტური ანტენა იქნა დაყადაღებული.

შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიებას და სატელიტური ანტენების დაყადაღებას არაფერი აქვს საერთო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან.

„საქმე ეხება კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ  კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, კონკრეტული ამომრჩევლისთვის, კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას - შესაბამისად, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება“, – განაცხადა მან.

„ჩვენ გვაქვს და განვაგრძობთ არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანი არის ან გახდება; ეს ნიშნავს, რომ კანონის აღსრულებისას არ იქნება კომპრომისები“, – განაცხადა ზღულაძემ.

მან ასევე განაცხადა ამ კონტექსტში, რომ მართალია საქართველოს კანონმდებლობა „ამ მხრივ ძალიან ლიბერალური და ღიაა“ და უზრუნველყოფს, რომ „თითოეულ პოლიტიკოსს ჰქონდეს თითოეულ ამომრჩევლამდე სათქმელის მიტანის სრული შესაძლებლობა“, მაგრამ მთავრობა კონსულტაციებს მართავს პარლამენტთან იმაზე, თუ „რა დამატებითი ინიციატივები შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს“.

ზღულაძის განცხადებიდან ცოტა ხანში, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ინიცირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რათა "საარჩევნო პერიოდში მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით".

ეს განცხადება იმის დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ის და must offer-ის წესის შემოღებას საარჩევნო პერიოდში. ეს წინადადება, რომლის გატანასაც აქტიურად ცდილობდნენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციები, თავდაპირველად უარყოფილი იყო მმართველი პარტიის მიერ იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15