Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცლად ისაუბრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივნ.'12 / 21:46

  • 'საარჩევნო პროცესის მოქრთამვა ან ქართული დემოკრატიის ყიდვა არავის არ გამოუვა';
  • ასეთ მცდელობას დაუპირისპირდება სამართალდამცავი სისტემის პროპორციული ძალა;
  • ასევე დისპროპორციული ნება, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსპარენტული და დემოკრატიული;
  • 'ნულოვანი ტოლერანტულობა' ყოველგვარი კანონდარღვევისადმი;
  • საარჩევნო პროცესი უნდა იყოს "მართლაც სამაგალითო";
  • 'არ დაუშვებ იმას, რომ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს დემოკრატიული ინსტიტუტების საიმედოობა;
  • ინსტიტუტებს მეტად ენდობიან, ვიდრე რომელიმე პიროვნებას და პოლიტიკურ ძალას;
  • ‘რა ავტოკრატია? სად არის საქართველოში შეზღუდვა თავისუფალი აზრის?’;
  • მოქალაქეთა არჩევანი უნდა იყოს „ინფორმირებული“ და „გააზრებული“;
  • სისტემა კიდევ უფრო ჩაკეტვის ნაცვლად, კიდევ მეტად გაიხსნება;
  • ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მოუწოდა;
  • ‘აბსოლუტურად იმუნიტეტი გამოვიმუშავე ყველანაირი უხეში შეურაცხყოფების მიმართ’

ხელისუფლების პასუხი „ცალკეული ძალების“ მიმართ, ვინც „გადამეტებული ძალისხმევით ცდილობენ ჩვენი დემოკრატიის ყიდვას“, იქნება ორმაგი: „ერთის მხრივ ამ მცდელობებს დაუპირისპირდება სამართალდამცავი სისტემის პროპორციული ძალა“, ხოლო მეორეს მხრივ, „ჩვენი გადამეტებული, დისპროპორციული ნება, რომ მომავალი არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსპარენტული და დემოკრატიული“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ივნისს.

პრეზიდენტის სასახლეში თავის სატელევიზიო გამოსვლაში, როდესაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდა, სააკაშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც „მორიგი გადამწყვეტი ისტორიული მომენტი იქნება“, ვრცლად ისაუბრა.

„აი იქ გადაწყდება საქართველო, რომ გადავა რაღაც რუბიკონს, რომლის იქით მას უკვე ვერავინ ვეღარ მოაბრუნებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ არჩევნებით „სასწორზე იდება“ დაწყებული "კორუფციისგან თავისუფალი ეკონომიკური კურსიდან, ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციამდე, ყველასთვის ხელმისაწვდომი საყოველთაო ჯანდაცვიდან სოფლის მეურნეობის განვითარებამდე".

„ამიტომ ეს არჩევნები თითოეულ ჩვენგანს ხელისუფლების ყველა საფეხურზე – დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული თითოეული თქვენგანით – გვავალდებულებს უპირობოდ დემოკრატიის, სამართლიანობის პრინციპით უზრუნველყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მართლაც სამაგალითო“, – მიმართა მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„მე როგორც პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციისა და ჩვენს მიერ ერთად აშენებული დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის გარანტს და ჩვენს მიერ ერთად აშენებული ქვეყნის შემდგომი განვითარების გარანტს, ამ ეტაპზე დღეს მინდა რამდენიმე გზავნილი გაგაცნოთ“, – განაგრძო მან. 

„პირველი გზავნილი ძალიან მარტივია და ყველასთვის კარგად გასაგები უნდა იყოს. მე არ დაუშვებ იმას, რომ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების საიმედოობა. პირადად უზრუნველყოფ იმას, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბების და მოქრთამვის ნებისმიერი მცდელობა კანონის სრული ძალით დაისაჯოს და ეს დაიმახსოვროს ყველამ“, – განაცხადა მან. 

მისი თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში აშენდა სისტემა, რომელშიც „ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონის უზენაესობას“.

„კანონი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, სიმდიდრისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა, მიუხედავად ადამიანის სახელისა და მისი წარსულისა“, – განაცხადა მან, „ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის და ამიტომ ენდობა იგი ამ ინსტიტუტებს უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას და პოლიტიკურ ძალას“.

მისი თქმით, „საარჩევნო პროცესის მოქრთამვა ან ქართული დემოკრატიის ყიდვა არავის არ გამოუვა“.

„როგორც ვიცით გასული თვეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ შესაძლებელია უტიფარი აგრესია, შეტევის განხორციელება კანონიერი და სამართლიანი არჩევნების პრინციპებზე. მათ მოინდომეს ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს სახელმწიფოს უნარი დაიცვას საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის უფლება“.

კონკრეტული პოლიტიკური ძალის დასახელების გარეშე, თუმცა დიდი ალბათობით მხედველობაში ჰყავდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია, სააკაშვილმა განაცხადა: „მათ უკვე თავად იწვნიეს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი მცდელობები არ გავა. ყოველი ცალკეული მცდელობა, აღკვეთილი იქნება უკლებლივ ყველა კანონის მიერ“.

შემდეგ მან მოიყვანა 70–იან წლებში ერთ–ერთი აფრიკული ქვეყნის მაგალითი, რომელიც არ დაუსახელებია, რომლის კანდიდატმა წინასაარჩევნოდ დაარიგა „რამდენიმე ათეული ათასი მარცხენა ფეხსაცმელი და უთხრა მოსახლეობას, რომ ‘მარჯვენას მაშინ დაგირიგებ, როცა არჩევნებზე მოგვცემთ ხმასო’“.

„ვისაც დღეს საქართველო გონია ბანანის რესპუბლიკა და გონია, რომ  მარჯვენა ფეხსაცმლის პრინციპით იმოქმედებს ქართული სახელმწიფო, ეტყობა ვერაფერი ვერ გაუგია მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო დაიცავს და უზრუნველყოფს თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებას გააკეთოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანი, თუმცა „ნულოვანი ტოლერანტულობის პრინციპი“ იყო და ახლაც იქნება „ყოველგვარი კანონდარღვევის მიმართ“.

„ჩვენი შეუწყნარებელი კურსი მათ მიმართ, ვისაც კანონი არაფრად მიაჩნდა, კვლავაც გაგრძელდება. ეს ყველას უნდა ესმოდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა, „და იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ძალები გადამეტებული ძალისხმევით ცდილობენ ჩვენი დემოკრატიის ყიდვას, ჩვენი პასუხი მათ მიმართ იქნება ორმაგი:  ერთის მხრივ ამ მცდელობებს დაუპირისპირდება სამართალდამცავი სისტემის პროპორციული ძალა, ხოლო მეორეს მხრივ მათ მცდელობებს დაუპირისპირდება ჩვენი გადამეტებული, დისპროპორციული ნება, რომ მომავალი არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსფარენტული და დემოკრატიული“.

მისი თქმით, ხელისუფლება და „პირადად მე, უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმოქმედოს თანაბარი შესაძლებლობებით და მთელი საარჩევნო პოლიტიკური პროცესი განხორციელდეს ამ თვალსაჩინო ასპარეზზე, რასაც საზოგადოებრივი განსჯა, საზოგადოებრივი დებატები ქვია“.

„ახლა დღეს რას ცდილობენ, რომ თავი წარმოადგინონ, რომ აქ ვიღაც ავტოკრატები სხედან ამ შენობაში და აჩუმებენ ვიღაცას და პირზე ხელს აფარებენ და ‘არ გვინდა ავტოკრატები და ჩვენ ჩაგრულები ავტოკრატიის მიერ’“, – განაგრძო მან, „რა ავტოკრატია? ხომ არ ბნელა. რომელ ცარიელ, ღია კარებს ვამტვრევთ? და რას ვამტკიცებთ? სად არის საქართველოში შეზღუდვა თავისუფალი აზრის?“.

„ყველა დონეზე, ყველა ფორუმზე მე ხომ დავდივარ ქუჩაში, როგორც მე ვარ ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის მოვიდეს და გამოთქვას ჩემს მიმართ აზრი, ასევეა თითოეული თქვენგანი ხომ? რამდენ ქვეყანაშია, ჩვენს გარშემო კი არა, მსოფლიოში ასეთი ეგალიტარული, თავისუფალი, გახსნილი დამოკიდებულება მთავრობის წარმომადგენლებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის? სად არის ამდენი შეუზღუდავი უფლება, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ისე, როგორც ეს არის ჩვენს ქვეყანაში და ამით ჩვენ არ ვამაყობთ.“

„ყველაფერი არის გახსნილი და გამჭირვალე“, – განაგრძო სააკაშვილმა, „გაქვთ თქვენი აზრი? გამოთქვით; გინდათ მიტინგის ჩატარება? ჩაატარეთ; გინდათ ვიღაცის გალანძღვა? ლანძღეთ რამდენიც გინდათ. აბსოლუტურად იმუნიტეტი გამოვიმუშავე ყველანაირი უხეში შეურაცხყოფების მიმართ. არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ყოველთვის ვუსმენ კრიტიკულ აზრს და ამისკენ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს. ამას ქვია საზოგადოებრივი დებატები“.

ეს ასპარეზი, მისი თქმით, იქნება „შეუზღუდავად ხელმისაწვდომი ნებისმიერ ჩვენი მოქალაქისთვის“, რათა მათი არჩევანი იყოს „ინფორმირებული“ და „გააზრებული“.

„ჩვენ მათგან განსხვავებით, ვინც ხალხის არჩევანის მოქრთამვას ცდილობს, ჩვენ, მე პირადად, ჩვენი ხალხის უზომოდ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე მჯერა ბოლომდე. ჩვენ გვჯერა და პატივს ვცემთ ხალხის თავისუფალ ნებას და არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ გვსურს, რომ მათი არჩევანი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და გააზრებული“, – განაცხადა მან.

შემდეგ სააკაშვილმა ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომელიც საარჩევნო პერიოდში საკაბელო ქსელების მეშვეობით ყველა საინფორმაციო არხს ხელმისაწვდომს გახდის ამომრჩევლისთვის. სამოქალაქო ორგანიზაციებიდან წამოსულ ამ ინიციატივას ხელისუფლება თავიდან არ თანხმდებოდა, იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა.

„ახლა პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა არხი საკაბელო ტელევიზიებმა ჩართონ წინასაარჩევნო პერიოდში იძულების წესით. იძულების წესით გამოდის, იმიტომ, რომ ეს არის კერძო მაუწყებელი საკაბელო ქსელები. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიებზე ამ ვალდებულების დაკისრება თავისუფალი საბაზრო პრინციპების შეზღუდვაა“, – განაცხადა მან, „იგივე გავაკეთეთ ჩვენ რეკლამაზე ხომ. საარჩევნო პერიოდში არხების ყურება შეუძლებელია იმდენი უფასო რეკლამა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი მოქალაქეების ყველა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინტერესია“.

„ეს საკანონმდებლო ინიციატივა თანაბრად იკავებს ადგილს მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ მეთოდებს შორის, რომელთა მიზანია ამომრჩევლის მედიაზე ხელიმისწვდომობის უზრუნველყოფა. ესეც არის ქართული დემოკრატიის სიმტკიცისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ურყეობის მორიგი თვალსაჩინო ნიშანი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება „დიდ გამოწვევებს“ სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტვის ნაცვლად, მისი კიდევ მეტი გახსნით უპასუხებს.

„მე ამაყი ვარ იმითი, რომ ერთად ავაშენეთ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთაც შესწევთ ძალა რეაგირება მოახდინონ დიდ გამოწვევაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა, „სისტემის კიდევ მეტი გახსნით, მისი უფრო მეტად ჩაკეტვის ნაცვლად, როგორც ამას ხშირად ვხედავთ ჩვენს სამეზობლოში, შეტევას ჩვენს დემოკრატიაზე  – და ეს არის შეტევა ჩვენს დემოკრატიაზე, რაც  ხორციელდება, ეჭვგარეშეა –  ქართული სახელმწიფო უპასუხებს დემოკრატიის გაძლიერებით და არა მისი შეზღუდვით“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „კანონის ფეხქვეშ გათელვის ყველანაირ მცდელობას დაუპირისპირდება, ერთის მხრივ, მკაცრი სამართალდამცავი ძალისხმევა, ნულოვანი ტოლერანტულობაზე დაფუძნებული, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო სისტემის სამაგალითო მუშაობა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის  უზრუნველსაყოფად“.

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა დონეზე, მოგმართავთ თქვენ, გარკვეული ძალები შეეცდებიან და ისინი უკვე ცდილობენ, თქვენ ეს კარგად იცით, გაავრცელონ სიცრუე თქვენი მუშაობის შესახებ. ამიტომ იცოდეთ, რომ ყველაზე სწორი გზა დავამარცხოთ სიცრუე, არის სამაგალითო მუშაობა. სამაგალითო მუშაობა ხალხის თავისუფალი არჩევანის დასაცავად“, – განუცხადა მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მან მოუწოდა, რომ არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ხოლო მეორეს მხრივ არ შეაჩერონ „აღმშენებლობის გეგმები“.

„სამაგალითო მუშაობა იმისათვის, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის ვერც სახელისუფლებო ძალამ, ვერ შეძლოს უკანონო გავლენის განხორციელება ამომრჩევლის ნება–სურვილზე“, – განაგრძო სააკაშვილმა, „არ დაუშვათ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. სამაგალითო მუშაობა იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ამ რესურსის რაღაც სახით ბოროტად გამოყენება და ამავე დროს არ შეჩერდეს ერთი წუთითაც კი, სამთავრობო მუშაობა. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და ჩვენ ამ აღმშენებლობით გეგმებს ვერ შევაჩერებთ“.

„ჩვენი აღმშენებლობის გეგმები არც არჩევნების წინ არ დაწყებულა და არც არჩევნებით არ მთავრდება. არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება და ეს არ არის მორგებული პოპულისტურ რამე კონიუქტურაზე. ეს უნდა კარგად გვესმოდეს. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ამას და უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება,  რასაც ვაკეთებდით, მაგრამ იმ პირობებში, როცა არ უნდა იქნეს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ“.

მისი თქმით, სამაგალითო მუშაობა სახელმწიფო მოხელეების მიმართ, „ეს არის ჩემი თხოვნაც და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაც თითოეული სახელმწიფო მოხელის მიმართ“, რადგან „ყველანი ჩვენ ერთად ვართ კანონის უზენაესობის მთავარი გარანტი“.

„თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური კამპანიების წარმოების უფლებას, განურჩევლად პოლიტიკური მსოფლმხედველობისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა“, – განაცხადა მან, „როგორც ქვეყნის მეთაური მე ვარ ამაყი იმით, რომ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველა უბანსა და ქუჩაზე პირუთვნელად დაიცავთ ჩვენი ხალხის ამ ფუნდამენტურ უფლებას“.

„მე ვარ ამაყი იმით, რომ მაქვს თქვენი და მთელი საქართველოს საზოგადოების იმედი. კანონის უზენაესობა იქნება დაცული. ჩვენი დემოკრატია დარწმუნებული ვარ მორიგ გამარჯვებას იზეიმებს“.

მისი თქმით, საქართველოს რეალური შანსი აქვს 2014 წელს გახდეს ნატოს წევრი და ეს საკითხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება.

„ჩვენ არამარტო შევინარჩუნებთ არსებულ კურსს, კეთილდღეობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ – 2014 წელს რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ ნატოს წევრები და ესეც ოქტომბერში გადაწყდება რეალურად – მომავალი თვეები იქნება წინგადადგმული ნაბიჯები, დიდი ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები, ორმაგი ძალისხმევა ვაჩვენოთ“, – განაგრძო მან, „ყველას ვაჩვენოთ, რომ ტყუილა არ გენდოთ ხალხი, ტყუილა არ აგრძელებს ხალხი თქვენს ნდობას, ტყუილა არ აქვს ჩვენ ხალხს ჩვენი იმედი და მთავარი რაც არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვყავს ეფექტური  სახელმწიფო აპარატი, ვიყოთ სამართლიანები, გახსნილები, დემოკრატიულები, ვიყოთ ახლოს თითოეულ მოქალაქესთან, ჩვენ ხალხთან, ვიყოთ მათ გვერდით და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საერთო წარმატება იქნება თითოეული ქართული ოჯახის წარმატება, თითოეული ქართული ოჯახის წინსვლა, თითოეული ქართული ოჯახის იმედი და ამ იმედების ასრულება“.

მან განაცხადა, რომ „დარწმუნებულია“ ქართული საზოგადოება „კიდევ ერთხელ გააოცებს მთელ მსოფლიოს საკუთარი პოლიტიკური მოწიფულობით“.

„უახლოეს წარსულში ჩვენ როგორც საზოგადოება არაერთხელ დავმდგარვართ კრიტიკული გამოწვევების წინაშე, გამოწვევებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება იყო დამოკიდებული. ყოველ ასეთ გამოწვევას, ყოველ ასეთ გარდამტეხ მომენტს საქართველოს ხალხმა დიდი მოქალაქეობის ღირსების და პატრიოტული შემართების დემონსტრირებით გაართვა თავი. გაართვა თავი ისე, რომ იმავდროულად დაამტკიცა თავისი უპირობო ერთგულება სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ფასეულობის მიმართ“, – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19