Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკანონმდებლო ცვლილება Must carry-ის წესის შემოღებაზე ინიცირებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ივნ.'12 / 16:15

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მაუწყებელთა სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ის წესის შემოღებას ითვალისწინებს, 26 ივნისს იქნა ოფიციალურად ინიცირებული პარლამენტში და მიღების შემდეგ დაავალდებულებს საკაბელო ოპერატორ კომპანიებს გაუშვან საინფორმაციო არხები არჩევნებამდე სულ ცოტა 60–დღიან პერიოდში.

ცვლილებების მიხედვით, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში საკაბელო ოპერატორებმა მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში უნდა განათავსონ მათი მომსახურების მიწოდების ზონაში ლიცენზირებული საერთო მაუწყებლები.

ამასთან, იმ ტელეკომპანიებისთვის, რომლებსაც სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია აქვთ, მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული „მეცხრე არხი“, ასევე ტელეკომპანია „მაესტრო“ ხელმისაწვდომი გახდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა საკაბელო ოპერატორი კომპანიის მეშვეობით.

წარმოდგენილი ცვლილებების პროექტით, თბილისს გარეთ მოქმედი საკაბელო ოპერატორები არ იქნებიან ვალდებულნი, რომ განახორციელონ ტელეკომპანია „კავკასიის“ ტრანზიტი, რომლის ლიცენზიაც დედაქალაქში მაუწყებლობას ითვალისწინებს. ასევე, ის საკაბელო კომპანიები, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებენ, არ იქნებიან ვალდებულნი რეგიონული ტელეკომპანიები ჩართონ.

ეს წესი იმოქმედებს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღემდე, რის შემდეგაც საკაბელო ოპერატორები უკვე აღარ იქნებიან კანონით დავალდებულებულნი განახორციელონ ყველა შესაბამისი არხის ტრანზიტი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა, რომლის ორგანიზაციაც აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში „ეს შენ გეხება“ Must carry-ის პრინციპის დანერგვის მიზნით, განაცხადა, რომ მათი რეკომენდაციაა, რომ ამ წესებმა იმოქმედოს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნების დღეს და მისი შედეგების გამოცხადებამდე პერიოდშიც. საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება მაქსიმუმ მე–19 დღეს ხდება. ვადის გაგრძელების თაობაზე შეთავაზებით „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს პარლამენტს.  

ინიციატივის მიღებას პარლამენტი დაჩქარებული წესით ამ კვირაში გეგმავს.

საქართველოში მოქმედ საკაბელო ოპერატორებს, დაახლოებით, 171 000 აბონენტი ჰყავდათ 2011 წლის მიწურულს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით.

კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები ოქტომბრის თვეში ტარდება, თუმცა ზუსტი თარიღი პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს.

პრეზიდენტი, კანონის თანახმად, არჩევნების თარიღს არაუგვიანეს 60 დღით ადრე ნიშნავს.  შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებს.

ამჟამად, ტელეკომპანია „მაესტრო“ არ არის ხელმისაწვდომი „სილქ TV“–ის და „კავკასუს TV“–ის პაკეტებში, რაც ტელეკომპანიის თქმით, ამ საკაბელო კომპანიების მიერ პოლიტიკური მოტივაციით მიღებული გადაწყვეტილებაა. „მეცხრე არხს“ ყველა საკაბელო ოპერატორმა უთხრა უარი ტრანზიტზე გარდა ერთი „გლობალ TV“–ისა, რომლის თანამფლობელია ივანიშვილის ძმა.

თავად „გლობალ TV“–ის არ აქვს უფლება გადასცეს რამდენიმე არხი, მათ შორის ნაციონალური მაუწყებლები „რუსთავი 2“ და „იმედი“ მას შემდეგ, რაც ამ ტელეკომპანიებმა „გლობალ TV“–ის კომერციული მოტივებით მოთხოვეს, რომ გაეთიშა მათი სიგნალი. „გლობალ TV“–ის განცხადებით, ეს განზრახ გაკეთდა იმისთვის, რომ მათი აბონენტები სხვა საკაბელო ოპერატორებთან გადასულიყვნენ და პოტენციური კლიენტები დაეკარგა კომპანიას, რათა შეზღუდულიყო იმ აბონენტთა რაოდენობა, რომლებსაც „მეცხრე არხის“ ნახვის საშუალება ექნებოდა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია სატელიტით და ინტერნეტით.

ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, საკაბელო ქსელების აბონენტების რაოდენობა 2011 წლის დასაწყისში არსებული 135 369 აბონენტიდან 2011 წლის ბოლოს 171 641 აბონენტამდე გაიზარდა, ხოლო საკაბელო ოპერატორთა შემოსავლები 21.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით ბევრი მცირე საკაბელო კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ბაზრის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიას უკავია – სილქნეტი 43 027 აბონენტით 2011 წლის ბოლოსთვის, სუპერ TV და GNN (რომელიც ძირითადად საბურთალოს რაიონს მოიცავს) 37 936 და 19 140 აბონენტით, შესაბამისად.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20