პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც საკაბელო ოპერატორებს არჩევნებამდე 60–დღიან პერიოდში საერთო მაუწყებლების ტრანზიტს ე.წ. Must carry-ის ავალდებულებს.
პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტი შესაძლებლობას იძლევა ტელეკომპანია „მაესტრო“ და ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული „მეცხრე არხი“ ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის მასშტაბით ყველა ოპერატორი კომპანიის მეშვეობით.
თუმცა დედაქალაქის გარეთ მოქმედი საკაბელო ოპერატორები არ იქნებიან ვალდებულნი ჩართონ ტელეკომპანია „კავკასია“, რომელსაც „მაესტროსგან“ და „მეცხრე არხისგან“ განსხვავებით, სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია არ გააჩნია და მისი გავრცელების არეალი მხოლოდ თბილისს მოიცავს.
თუმცა, მმართველი პარტია დათანხმდა ისეთი ფორმულირების დამატებაზე კანონპროექტში, მის საბოლოო მიღებამდე, რომელიც დაავალდებულებს ყველა ოპერატორ კომპანიას გადასცეს „კავკასიის“ სიგნალი წინასაარჩევნო პერიოდში.
მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივაც პარლამენტის 28 ივნისის სხდომაზე და ერთი დღით ადრე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკითხის განხილვისას დებატები გაიმართა, იყო Must carry-ის მოქმედების გავრცელება არჩევნების დღემდე, რასაც მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს. ოპოზიცია და კამპანიაში „ეს შენ გეხება“ შემავალი ორგანიზაციები, რომლებიც მაისიდან აქტიურად ლობირებენ Must carry-ის წესის შემოღებას, ამ ვადის სულ ცოტა არჩევნების შედეგების შეჯამების დღემდე გახანგრძლივებას მოითხოვენ.
თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, ისინი წინააღმდეგი არიან, რომ Must carry-ის პრინციპით საკაბელო ოპერატორები დაავალდებულონ წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგაც, რადგან შემოთავაზებულ Must carry-ის წესს აქვს კონკრეტული მიზანი: ერთის მხრივ, შესაძლებლობა მიეცეს პოლიტიკურ პარტიებს ხმა მიაწვდინოს უფრო ფართო აუდიტორიას მათი წინასაარჩევნო დაპირებების თაობაზე და მეორეს მხრივ, ამომრჩეველს ჰქონდეს წვდომა მრავალფეროვან ინფორმაციაზე, რათა არჩევნების დღეს ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, ანალოგიურ პერიოდს მოიცავს ტელევიზიების ვალდებულება, რომ უფასო სარეკლამო დრო გამოყონ საარჩევნო სუბიექტებისთვის არჩევნების დღემდე.
კანონპროექტის ერთ–ერთმა თანაავტორმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას და მას მხედველობაში ჰყავდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია, სურს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება გამოიყენოს არა წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, არამედ არჩევნების შემდგომი გეგმებისთვის, რათა ტელევიზიების მეშვეობით ამომრჩევლებს ქუჩის აქციებისკენ მოუწოდოს.
„ქართული ოცნების“ ლიდერი უკვე გადაიქცა რეციდივისტად, რომელიც ცდილობს ქართველი ხალხის არჩევანის ყიდვას“, – განაცხადა წიკლაურმა.
დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიციური ტელევიზიების გამორთვამ პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება უფრო მეტად გაზარდოს.
„არჩევნების წინა დღეს გათიშავთ ამ ტელევიზიებს... შესაბამისად მაყურებლები ჩათვლიან, რომ მათ რაღაცას უმალავენ... ამ ადამიანებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ გაბრაზების, განრისხების; როცა ბატონი ნუგზარი [წიკლაური] გამოდიოდა, ‘თქვენო დესტაბილიზაციისთვის ემზადებითო’, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ დესტაბილიზაციის მნიშვნელოვანი წყარო“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი გაიზიარებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციას და დაამატებენ კანონპროექტს რეგულაციას, რომელიც სანქციებს განსაზღვრავს იმ საკაბელო ოპერატორებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან ტელევიზიების ტრანზიტზე. სანქცია შესაძლოა იყოს ჯერ გაფრთხილების ეტაპი, ხოლო შემდეგ საკაბელო ოპერატორისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა.
კანონპროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებაა, რომ კანონში გაიწეროს ტელეკომპანიების მიერ სავალდებულო თანხმობა მათი სიგნალის გადაცემაზე – ე.წ. „must-offer“–ის წესი, რაც მისი თქმით, ასევე გათვალისწინებული იქნება.
ამჟამად, ტელეკომპანია „მაესტრო“ არ არის ხელმისაწვდომი „სილქ TV“–ის და „კავკასუს TV“–ის პაკეტებში, რაც ტელეკომპანიის თქმით, ამ საკაბელო კომპანიების მიერ პოლიტიკური მოტივაციით მიღებული გადაწყვეტილებაა. „მეცხრე არხს“ ყველა საკაბელო ოპერატორმა უთხრა უარი ტრანზიტზე გარდა ერთი „გლობალ TV“–ისა, რომლის თანამფლობელია ივანიშვილის ძმა.
თავად „გლობალ TV“–ის არ აქვს უფლება გადასცეს რამდენიმე არხი, მათ შორის ნაციონალური მაუწყებლები „რუსთავი 2“ და „იმედი“ მას შემდეგ, რაც ამ ტელეკომპანიებმა „გლობალ TV“–ის კომერციული მოტივებით მოთხოვეს, რომ გაეთიშა მათი სიგნალი. „გლობალ TV“–ის განცხადებით, ეს განზრახ გაკეთდა იმისთვის, რომ მათი აბონენტები სხვა საკაბელო ოპერატორებთან გადასულიყვნენ და პოტენციური კლიენტები დაეკარგა კომპანიას, რათა შეზღუდულიყო იმ აბონენტთა რაოდენობა, რომლებსაც „მეცხრე არხის“ ნახვის საშუალება ექნებოდა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია სატელიტით და ინტერნეტით.
ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, საკაბელო ქსელების აბონენტების რაოდენობა 2011 წლის დასაწყისში არსებული 135 369 აბონენტიდან 2011 წლის ბოლოს 171 641 აბონენტამდე გაიზარდა, ხოლო საკაბელო ოპერატორთა შემოსავლები 21.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ქვეყნის მასშტაბით 70 საკაბელო კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა ბაზრის უდიდესი ნაწილი სამ კომპანიას უკავია – სილქნეტი 43 027 აბონენტით 2011 წლის ბოლოსთვის, სუპერ TV და GNN (რომელიც ძირითადად საბურთალოს რაიონს მოიცავს) 37 936 და 19 140 აბონენტით, შესაბამისად.
აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 28 ივნისს განაცხადა, რომ „ნებისმიერი რამ, რაც ზრდის მოქალაქეების ხელმისაწვდომობას ინფორმაციის ფართო სპექტრზე... არის მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ნაბიჯი“. „რამდენად ეს გახანგრძლივდება სპეციფიური საარჩევნო პერიოდის მიღმა, არის მიმდინარე განხილვებისა და დებატების თემა“, – დასძინა მან.