Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის აქცია გორში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივლ.'12 / 12:48


"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის აქცია გორში, 15 ივლისი. ფოტო: ინტერპრესნიუსი. 

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 15 ივლისს გორში საარჩევნო კამპანიის ფართომასშტაბიანი აქცია გამართა.

თავის 40–წუთიან გამოსვლაში ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კოალიციის მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები, დაწყებული სოფლის მეურნეობის განვითარებით და დამთავრებული სოციალური და ჯანდაცვის თემებით, თუმცა წინა აქციებისგან განსხვავებით, გორში ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და შერიგების საჭიროებაზე.

2011 წლის ნოემბერში, პირველი პრესკონფერენციის დროს, ივანიშვილმა განაცხადა, ტალიავინის ანგარიშზე დაყრდნობით, რომ საქართველომ „დაიწყო საომარი მოქმედებები“ 2008 წლის აგვისტოში. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ომის დაწყებამდე საქართველოს ლიახვის ხეობის სოფლების დაბომბვა საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებით შეეჩერებინა და ამ გზით "დაეცვა" ეს სოფლები, „სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი, არაადეკვატური ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა“.  მას შემდეგ, ივანიშვილის ოპონენტები ხშირად მოიშველიებენ ამ განცხადებებს, როდესაც მას კრემლის აგენტობაში სდებენ ბრალს. სოფელ მერეთში ივანიშვილის კამპანიის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ივარაუდა, რომ შესაძლოა ეს ინციდენტი იმ ხალხის რეაქციის შედეგი ყოფილიყო, რომლებიც გააბრაზა ივანიშვილის განცხადებამ ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

გორის აქციამდე ივანიშვილმა ადგილობრივ ტელეკომპანია „თრიალეთს“ მისცა ინტერვიუ და განაცხადა: „მე არ ვფიქრობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი“.

„მე მადანაშაულებენ, თითქოს მე ვთქვი, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. საქართველო ომს ვერ დაიწყებდა ერთი მიზეზით, რადგანაც ეს საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. იმას, რომ მე სააკაშვილს ვადანაშაულებ უგუნურ ქცევებში და გაუაზრებელ მოქმედებებში, ეს გადაიტანეს, თითქოს საქართველოს ვადანაშაულებ. არასდროს მე სიტყვა ‘საქართველომ ომი დაიწყო’ არ მიხსენებია და არც ვახსენებ ამას. მე ვადანაშაულებ ერთ კაცს და მის იდეოლოგიას – ეს გახლავთ სააკაშვილი, რომელიც მოიქცა უსუსურად და უგუნურად იმ პროცესებში, რომელიც განვითარდა აგვისტოში“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს დასავლელი დამკვირვებლები უნდა ჩამოეყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინა, რათა დაძაბულება განეტვირთა, ნაცვლად იმისა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებაზე გაეცა ბრძანება.

გორის აქციაზე გამოსვლისას ივანიშვილმა იგივე პოზიცია გაიმეორა.

„მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები. ეს არ შეიძლება ვინმეს ახარებდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება ომის დროს „სამარცხვინოდ“ იქცეოდა.

„მაგრამ უზნეობაა, ლამის გამარჯვებად გამოაცხადო ომი, რომელსაც ასზე მეტი სოფლის ოკუპაცია მოჰყვა. ჩვენ, ყველამ ერთად, რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლე უნდა ვთქვათ“, – განაცხადა მან.

მან ასევე ისაუბრა შერიგების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ „ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას“.

„ჩვენ შევძლებთ არა მარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს. ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ -  ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს  ჩვენს ძმებთან და დებთან - ოსებთან, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას“, – განაცხადა მან, „ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს ჩვენს ოს ძმებთან, გამოვიყენებთ სახალხო დიპლომატიას, გამოვნახავთ საერთო ინტერესებს და ამას დაეფუძნება ჩვენი სამომავლო ურთიერთობები“.

ერგნეთის ბაზრობა

შერიგების კონტექტსში ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საჭიროებაზე.

ერგნეთის ბაზრობა კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის მთავარი ცენტრი იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წელს დახურა. ძირითადად კონტრაბანდული საწვავი, საკვები, ხორბალი და თამბაქო შემოდიოდა რუსეთიდან სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გავლით ერგნეთის ბაზრობაზე და შემდეგ დანარჩენ საქართველოში. ასევე ხდებოდა კონტრაბანდული საქონლის, ძირითადად ალკოჰოლური პროდუქციის, გადინება საქართველოდან რუსეთში. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ბაზრობის დახურვამ კონტრაბანდის მასშტაბების შემცირება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა გამოიწვია. ბაზრობის დახურვა სერიოზული დარტყმა იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობა შემოსავლის სერიოზულ წყაროს წარმოადგენდა. ოპონენტების თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბევრმა ადგილობრივმა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხრიდან სამუშაო დაკარგა და ქართველებს და ოსებს შორის კონტაქტები შემცირდა.

15 ივლისს გორში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობა ქართველებს და ოსებს შორის ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„ამ ადგილზე ისინი არა მარტო ხვდებოდნენ ერთმანეთს, არამედ საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და  საქმესაც ერთად უძღვებოდნენ. მაშინ მათ, ქართველებმა და ოსებმა, თავიდან აღმოაჩინეს, რომ, თურმე, ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„კონფლიქტის მშვიდობიან, ვიმეორებ, მშვიდობიან მოგვარებაზე ოდნავ მაინც რომ ეზრუნა, ხელისუფლება ასე  დაუფიქრებლად, ასე ხელაღებით არ დახურავდა ერგნეთის ბაზრობას. ერგნეთის ბაზრობის დახურვა ჩვენი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა მან.

„ამ შეცდომის გამოსწორება მარტო ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში, ლეგალურად აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას. ჩვენ ყველაფერს გულდასმით გავითვლით და ყველა რისკს გავითვალისწინებთ“, – განაცხადა მან.

საგარეო პოლიტიკა

თავის სხვა გამოსვლებისგან განსხვავებით, გორში ივანიშვილმა ცოტათი მეტი ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ საქართველომ „უნდა შეძლოს და მოიპოვოს უფრო ქმედითი მხარდაჭერა“ ევროკავშირისგან, აშშ–სგან და სხვა პარტნიორებისგან. 

„ასეთ მხარდაჭერას კი, მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როცა საქართველო რეალურად დაადგება დემოკრატიის მშენებლობის გზას“, – განაცხადა მან.

მან კიდევე ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის „ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“.

„მაგრამ  ჩვენ ვერ ავირჩევთ მეზობლებს. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობის შედარებით ნორმალიზება. ვფიქრობ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას. რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული, განსახვავებით ამ ხელისუფლებისაგან, რომელიც უპრინციპოა და არაკორექტული“, – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16