Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულებს დახმარებას პირდება, ივანიშვილიც მზად არის დახმარებისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივლ.'12 / 19:48

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 ივლისს მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ მათ უნდა იმსჯელოს კომპენსაციების გაცემაზე იმ ოჯახებისთვის, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთებიც გუშინ ღამით რამდენიმე რაიონში ძლიერი ქარის და სეტყვის შედეგად განადგურდა.

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობას დახმარება შესთავაზა, მათ შორის კომპენსაციების გამოყოფის გზით.

მთავრობის წინასწარი შეფასებით, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად თელავის რაიონი დაზარალდა, სადაც ძლიერმა ქარმა 770 შენობას და სახლს სახურავები გადახადა, სეტყვამ კი 6 800 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.

სეტყვამ ასევე გაანადგურა 5 400 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გურჯაანში, ყვარელსა და ლაგოდეხში.

12–ზე მეტ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, თუმცა მათ სიცოცხილესთან შეუსაბამო დაზიანებები არ მიუღიათ. ზოგიერთი მათგანი მას შემდეგ დაშავდა, რაც თელავში რამდენიმე შენობაში კედლები ჩამოინგრა.

ცუდმა ამინდმა კომუნიკაციები, გზები, წყლის და ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურაც დააზიანა.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან 1 300 რეზერვისტი და საინჟინრო ბატალიონი გაგზავნა სტიქიის ზონაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

დახმარების თაობაზე საქართველოს მთავრობის მიმართვის შემდეგ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ის დაახლოებით 300 ადამიანს, რომლებიც თელავში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდნენ, სხვადასხვა ნივთებით დაეხმარება, მათ შორის წყლის ბიდონებით, დასაკეცი საწოლებით, მატრასებით, საბნებით და ბალიშებით, ლოგინის თეთრეულით და კარვებით.

ძლიერმა სეტყვამ ასევე დააზიანა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები სამცხე–ჯავახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ასპინძაში, ადიგენში, ვალესა და ახალციხეში. უამინდობამ მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვაც გამოიწვია.

პრეზიდენტი სააკაშვილი, პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მთავრობის სრული შემადგენლობა დღეს კახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც თელავში პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია.

პრემიერ–მინისტრმა მერაბიშვილმა, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებს კურირებს, პირობა დადო, რომ ის სახლები, რომელთაც სახურავები დაუზიანდათ, ერთ კვირაში შეკეთდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა მთავრობის წევრებს, რომ „დაზიანებული სახლები უნდა აღდგეს“ და მთავრობამ უნდა განიხილოს კომპენსაციების საკითხიც, „რადგან ლაპარაკია ამ ოჯახების ერთადერთ შემოსავალზე“.     

„როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ქვეყანაში საბიუჯეტო საკითხების გარდა, ბევრი სხვა საკითხია გადასაწყვეტი და მინდა ვთხოვო პარლამენტს მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, რათა ბიუჯეტში შევიტანოთ ცვლილებები - უნდა გამოვყოთ ფული ხალხის დასახმარებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე 19 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მისი ლიდერი მზად არის ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია მზად არის ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულებს, იქნება ეს მათი მკურნალობა, თუ იმ მოსავლის ანაზღაურება, თუ სხვა სახის კომპენსაცია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და იქვე დასძინა, რომ „სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს აღარ აძლევს ქველმოქმედების საშუალებას“.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და „თუ ხელისუფლება გვაჩვენებს ლეგალურ გზებს, თუ როგორ შეიძლება ამაში მონაწილეობა მივიღოთ, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობის მისაღებად“.

ივანიშვილის შემოთავაზებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა ჟურნალისტებს: „მე ამაზე პოლიტიკურ კომენტარს, ბუნებრივია, ვერ გავაკეთებ. ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია ბატონი ივანიშვილის შეფასება, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან კარგი მენეჯერია, შეუძლია დაუკავშირდეს ბატონ მერაბიშვილს და თვითონ შეთანხმდებიან თუ არსებობს რაიმე ფორმა, რა ფორმითაც ბატონი ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს შტაბის მუშაობაში“.

„ისე შტაბი, ზოგადად, იქმნება მთავრობის და მინისტრების მონაწილეობით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მართლა იმდენად კარგი მენეჯერია, რომ სურვილის შემთხვევაში, რაღაცაზე მოლაპარაკებას შეძლებენ“, – დასძინა ბაქრაძემ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19