Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის აქცია ბათუმში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 აგვ.'12 / 11:34

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 5 აგვისტოს ბათუმში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქცია გამართა.

ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კოალიციის ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები დაწყებული სოფლის მეურნეობის განვითარებიდან და დამთავრებული სოციალური დაცვით და ჯანდაცვით.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს „მშიშარა“ უწოდა  და ის ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებაში და საზოგადოებაში კონფრონტაციის დათესვაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ კურორტ ბეშუმში 4 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი სააკაშვილის მიერ ამ მცდელობის ნაწილი იყო.

„სააკაშვილმა მოახერხა და ჩვენი სამღვდელოებაც დაუპირისპირა ერთმანეთს“, – განაცხადა მან. „ნაციონალური არხებით გამუდმებით ტრაბახობენ იმ მღვდელთმთავრებით, რომლებიც ხოტბას ასხამენ სააკაშვილს, ხოლო დაუფარავი აგრესიით მოიხსენიებენ ყველას, ვინც გაბედა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გამოთქვა... ჩვენ ამ დაპირისპირებას დავამთავრებთ და ეკლესიას გავანთავისუფლებთ ნებისმიერი ზეწოლისგან და პოლიტიკური წნეხისგან და სიტყვას გაძლევთ, რომ სახელმწიფო აღარასოდეს ჩაერევა ეკლესიის შიდა საქმეებში“. 

თავის გამოსვლაში ივანიშვილი სააკაშვილის მიერ 4 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო, როდესაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ქვეყანას „წარსულის პოლიტიკოსებს“ არ ჩააბარებდა. ივანიშვილმა განაცხადა: „მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ასე დაუფარავად გაბედავდა იმის საჯაროდ გაცხადებას, რომ არსად არ აპირებს წასვლას,  არ აპირებს თავისი ნებით ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარებას. მე არ ვიცი ამის საჯაროდ მთქმელი არც ერთი ხელისუფლება, საბჭოთა ხელისუფლების გარდა“.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი იმაში დადანაშაულება, რომ მას საბჭოტა პერიოდის ნოსტალგია აქვს, მის წინააღმდეგ ხელისუფების კამპანიის ნაწილია.

„არც ეს ტყუილი გაუვა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი წარმატება სწორედ იმან განაპირობა, რომ საბჭოეთს მოეღო ბოლო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ეს ხელისუფლება მდებს ბრალს იმაში, რომ მე რუსეთის  შემოყვანა მინდა“, – განაგრძო მან. „აი, ამას მაბრალებს მე ხელისუფლება და ამას გაჰკივიან მის მიერ დაგეშილი ადამიანები. მაგრამ სწორედ ამ ხელისუფლების მეთაურმა, სააკაშვილმა, თავის უგუნური პოლიტიკით, უკვე შემოიყვანა რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, და ეს რომ ასეა, ამის დასტურია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ მდგარი რუსეთის ჯარი და  ასობით დაკარგული ქართული სოფელი“.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სააკაშვილის უგუნური რიტორიკის გამო, 2006 წელს რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ქართული პროდუქციისთვის საკუთარი ბაზრის დახურვის შესახებ.

თავის გამოსვლაში ივანიშვილი ასევე შეეხო ბოლოდროინდელ უთანხმოებას საქართველოს და თურქეთს შორის დაგეგმილ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბათუმში ძველი მეჩეთის ხელახლა აშენებას, რის სანაცვლოდაც თურქეთის ტერიტორიაზე ამჟამად არსებული რამდენიმე შუასაუკუნოვანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რეკონსტრუქცია განხორციელდება. ბათუმში მეჩეთის აშენების წინადადებას საქართველოში რამდენიმე ჯგუფის, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მწვავე წინააღმდეგობა მოყვა. საქართველოს და თურქეთს შორის პოტენციური შეთანხმების ერთ–ერთი მწვავე ოპონენტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში მურმან დუმბაძე. რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ამჟამად ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციაში შედის, დაახლოებით ერთი წლის წინ დუმბაძე პარტიიდან გარიცხა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა პარტიის ნებართვის გარეშე დაგეგმილი შეთანხმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. თავის გამოსვლაში ივანიშვილმა მკაფიო პოზიცია არ ჩამოაყალიბა ამ საკითხზე, თუმცა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ გაარკვევს და „სააშკარაოზე გამოვიტანთ ყველაფერს, რაც ამ მტკივნეულ და საჩოთირო საკითხთანაა დაკავშირებული“. 

„ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანებმა  და მუსლიმანებმა ერთმანეთის გვერდით თანასწორად და ღირსეულად უნდა იცხოვრონ. მე ვიცი, რომ თქვენ არა მორიგი მეჩეთის აშენება გაშფოთებთ, არამედ თქვენ გაშფოთებთ ჩვენი ხელისფულების ძალიან საეჭვო ნაბიჯები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი ოპოზიციური კოალიცია შეცვლის არსებულ შრომის კოდექსს. „ინვესტიციების ხელშეწყობა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე... ჩვენ შევცვლით შრომის კოდექსს ისე, რომ არც ერთ დამქირავებელს აღარ შეეძლოს დაქირავებულის უფლებების შელახვა. ჩვენ აღვადგენთ სამართლებრივ და უფლებრივ წონასწორობას დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის“, – განაცხადა მან.

ბათუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი პროექტები ადგილობრივი ურბანული არქიტექტურის აუთენტურობის დაზიანების გარეშე უნდა განხორციელდეს.

„განა არ შეიძლება  აშენო ისე, რომ ქალაქის მოსახლეობა არ დააზარალო, არ დააზიანო ბათუმის ისტორიული იერ-სახე და განუმეორებელი კოლორიტი, ტლანქად არ ჩაერიო ურბანულ სტრუქტურაში და  პრიმიტიული, უგემოვნო მიმბაძველობის მაგალითები არ დაუტოვო შთამომავლობას?! განა არ შეიძლებოდა ეს საქმე მიგვენდო პროფესიონალებისთვის და ბათუმი ერთი კაცის ამბიციებისა და ფანტაზიების პოლიგონად არ გადაქცეულიყო?!“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მომდევნო ფართომასშტანიან აქციას 19 აგვისტოს რუსთავში გამართავს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14