შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლოპოტას ხეობაში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.
მანამდე შსს–მ განაცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფის დაღუპულ წევრთა ნაწილი რუსეთის მოქალაქე იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან.
"ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ძიების პროცესშია,“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა შაბათს, „დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე“.
„თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აყავს მძევლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო და მომავალშიც თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ზუსტად ანალოგიურად იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა მან.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 აგვისტოს ჩატარებულ სპეცოპერაციას პანკისის ხეობის ოთხამდე მკვიდრი ემსხვერპლა. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით მათი გვარებიც გავრცელდა. აღნიშნულის შესახებ ასევე დაანონსებულია სტუდია GNS-ის გადაცემაში „კვირის რეპორტაჟი“, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2 სექტემბერს გავა.
„უარვყოფთ ამ ინფორმაციას. ისინი არ იყვნენ პანკისის ხეობის მაცხოვრებლები“– განუცხადა Civil.ge-ს სალომე მახარაძემ, შს სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა და დასძინა, რომ მიმდინარე გამოძიების გამო დაღუპულთა ვინაობის შესახებ სხვა ინფორმაციას ვერ გაამჟღავნებს.