- ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს;
- ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს;
- ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ლიდერებთან, რომელთაც ქართველი ხალხი აირჩევს;
- სხვადასხვა ნაკლოვანების მიუხედავად, ნათელია, რომ მიმდინარეობს კონკურენტული საარჩევნო კამპანია;
- პარტიებს ვთხოვეთ პოლიტიკური ამოცანების საარჩევნო ყუთის მეშვეობით გადაჭრა;
- მოველით, რომ არჩევნებისა და მისი შემდგომი დღეები მშვიდად ჩაივლის;
- მტკიცედ ვუჭერთ მხარს „must carry”-ის გავრცელებას არჩევნების შემდგომ პერიოდზე.
აშშ მოუწოდებს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს უზრუნველყონ, რომ ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად შეაფასოს და ელის „მჭიდრო თანამშრომლობის“ გაგრძელებას იმ ლიდერებთან, რომელთაც ქართველი ხალხი აირჩევს, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თომას მელიამ 12 სექტემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური პარტიები პირობას დებენ, რომ არ დაუშვებენ ძალადობას, ხოლო ხელისუფლება პირობას დებს, რომ სამართალდამცველები უკიდურესად პროფესიულად იმოქმედებენ, მოველით, რომ არჩევნებისა და მისი შემდგომი დღეები მშვიდად ჩაივლის“, – აღნიშნა მან. „ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდება“
„შევახსენებთ ყველა პარტიას, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ახალ პარლამენტში, მათ ერთად, კონსტრუქტიულად უნდა იმუშაონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის. ამიტომ პარტიებმა საკუთარი საარჩევნო კამპანია ამ სულისკვეთებით უნდა ჩაატარონ“, – განაცხადა თომას მელიამ.
ამერიკელი დიპლომატი უწყებათაშორისი დელეგაციის თანხლებით თბილისში 10–12 სექტემბერს იმყოფება ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„ჩვენი დელეგაცია საქართველოშია, რათა ხაზი გაუსვას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რომლის შედეგად ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს“, – განაცხადა თომას მელიამ.
მისი თქმით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „უმნიშვნელოვანესია“ საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებებისათვის, ხოლო ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საარჩევნო გარემოს სამართლიანად აღქმა, ქვეყნის „დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორები იქნება“.
მელიამ განაცხადა, რომ აშშ–ის დელეგაციამ მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები აღსრულდეს სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, ხოლო პოლიტიკური პარტიებს მათი დაცვა თხოვა.
„კერძო საუბრებისას საარჩევნო პროცესის მონაწილე სხვადასხვა სუბიექტებს გადავეცით ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინება: შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული პროცესებისაკენ“, – განაცხადა მელიამ, „ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს და მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ლიდერებთან, რომელთაც ქართველი ხალხი აირჩევს“.
ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია“, რომ პოლიტიკურმა გარემომ ხელი შეუწყოს „საარჩევნო კამპანიაში ყველა პარტიის სრულფასოვან ჩართულობას თანაბარი პირობებით“.
„ბოლო თვეებში მომხდარი სხვადასხვა ნაკლოვანების მიუხედავად, ნათელია, რომ მიმდინარეობს კონკურენტული საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა მან.
თომას მელიას განცხადებით, თბილისში გამართული შეხვედრების დროს პარტიებს თხოვეს, რომ „პოლიტიკური ამოცანები საარჩევნო ყუთის მეშვეობით გადაჭრან“.
მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი გამორჩეული ნიშანია, განაცხადა მან, თუმცა „ამავე დროს, ყველა პარტიამ უარი უნდა თქვას ძალადობაზე და თავიდან აიცილოს პროვოკაციები“.
აშშ–ის დელეგაცია მიესალმა სააგიტაციო პერიოდში მაუწყებელთა სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. „Must Carry”-ის პრინციპის დაკანონებას, რომელმაც „პარტიებისათვის მედიის ხელმისაწვდომობა უზრუნველყო“.
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პრინციპის გავრცელებას არჩევნების შემდგომ პერიოდზე, რომელიც მოიცავს არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცესს, აგრეთვე „მასთ ქერის“ დანერგვას არჩევნების შემდგომი პერიოდის იქითაც“, – განაცხადა თომას მელიამ.
„Must Carry”-ის პრინციპის გახანგრძლივებისკენ ხელისუფლებას კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით ასევე მოუწოდეს სამოქალაქო კამპანია "ეს შენ გეხება"–ში ჩართულმა ორგანიზაციებმა.
12 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გაიმეორა ადრინდელი პოზიცია, რომ ხელისუფლება მუდმივად ვერ დაავალდებულებს საკაბელო ოპერატორებს "საკუთარი კომერციული ინტერესის ხარჯზე" იმოქმედოს „Must Carry”-ის პრინციპით. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ საკაბელო ოპერატორებს და ტელევიზიებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე მიღწეული "ნებისმიერი შეთანხმება იქნება მისალმებული და მხარდაჭერილი".
თომას მელია დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე მიესალმა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების მუშაობას, რომლებიც „ხელს უწყობენ იმას, რომ საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავდეს ქართველი ხალხის ნებას“.