Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი მრავალი განსხვავების მიუხედავად, ყველა პარტიას ერთიანობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 სექ.'12 / 20:35


პრეზიდენტი სააკაშვილი ბაგრატის ტაძრის ეზოდან სატელევიზიო მიმართვას აკეთებს, 14 სექტემბერი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა პარტიას „მრავალი განსხვავებების“ მიუხედავად, ერთიანობისკენ მოუწოდა, რადგან ეს „აუცილებელია ჩვენი ხალხისთვის, რომელსაც არავითარ სიკეთეს არ მოუტანს შიდა პოლიტიკური განხეთქილებები და დაპირისპირებები“. 

„მოდით, ნუ შევუშინდებით ერთიანობას, მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ამით ყველას - ერსაც და ბერსაც, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ - ყოველი ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ქრისტიან-დემოკრატი თუ ლეიბორისტი, ნაციონალი თუ მეოცნებე, მემარჯვენე თუ მემარცხენე“, – განაცხადა მან 14 სექტემბერს.

სატელევიზიო მიმართვა სააკაშვილმა აღდგენილი ბაგრატის ტაძრის ეზოდან გააკეთა. 16 სექტემბერს ტაძრის კურთხევაზე დასასწრებად „ერსა და ბერს“ და ასევე „მხედრობას“ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ გასულ კვირას მოუწოდა, რასაც პარტიათა უმრავლესობა, მათ შორის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტი, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნება" დადებითად გამოეხმაურა. 

„მე ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველანი ერთად, განურჩევლად პარტიული შეხედულებებისა, მოვიდეთ ამ ტაძრის კურთხევის დღეზე იმიტომ, რომ შეიძლება ბევრი რაღაცა გვყოფდეს, მაგრამ  არის საკითხები, სადაც არ შეიძლება ამ გაყოფას რამენაირად გავუსვათ ხაზი და წინ გამოვიტანოთ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი მტრის დამარცხება და ჩვენი ერის გამარჯვება არის ერთ ყველაზე მთავარ ძალაში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც ყოველთვის გადაარჩენდა ხოლმე საქართველოს  – ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე „საარჩევნო პერიოდში“ პარტიებს შორის „გამალებული“ შეჯიბრი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც  „ყველა პოლიტიკოსსა და პარტიას აქვს შეუზღუდავი საშუალება აწარმოოს კამპანია“, რაც დემოკრატიის მონაპოვარია იმ მონაპოვართან ერთად, რომ „შეიძლება კატეგორიულად არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ქვეყანა“.

„სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები, იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად, ხშირად იყენებენ ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„ხშირად, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვიყოთ“, – განაგრძო მან, „სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ და პარტიკულარულ წარმატებას, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს“. 

თუმცა, მისი თქმით, „არც ერთი პოლიტიკური მიზანი, არც ერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმად, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა - შესაბამისად, პერსპექტივა ვანაცვალოთ“.

სააკაშვილმა პოლიტიკური ძალებს ისეთი საკითხების ირგვლივ ერთიანობისკენ მოუწოდა, როგორიცაა საერთო მიზანი აღარასოდეს დაბრუნდეს საქართველოში კორუფცია; კანონიერი ქურდები და ორგანიზებული დანაშაული; ერთიანი ბრძოლა რუსული საოკუპაციო ჯარის გასაყვანად და ქვეყნის გასაერთიანებლად;  ასევე  „გავერთიანდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობას არასდროს არ ავაწყობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე – აღარასდროს აღარ ვიქცევით მონებად და ვიღაცის ინტერესების ბრმა მსახურებად“ და „შევთანხმდეთ, რომ ერთად ვიქნებით ერთგული ქართველი ერის ევროპული მისწრაფებისა და ერთიანი ძალებით ვიღვაწებთ საქართველოს ნატოს წევრის სტატუსის მოსაპოვებლად“. 

ეს ის საკითხებია, რომლებზეც ნაციონალური მოძრაობა ხშირად უტევს ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას აცხადებს რა, რომ ვერცერთი ეს ამოცანა ვერ იქნება მიღწეული, თუ ხელისუფლებაში მილიარდერი ოპოზიციონერი ლიდერი მოვა. ერთ–ერთი ბოლო შემთხვევა, რის გამოც ივანიშვილს შეუტიეს, მისი განცხადება იყო Agence France-Presse (AFP)–სთან ინტერვიუში, სადაც მან უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაკრიტიკებაზე იმ მოტივით, რომ მას სააკაშვილის იმიტირება და „დიდი ქვეყნის გაკრიტიკების დაწყება“ არ სურდა. „ჩვენ მოგვიწევს საუბარი [რუსეთთან] და ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება  და მე არ მინდა ამის შეფერხება“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში.

14 სექტემბერს თავის სატელევიზიო მიმართვაში სააკაშვილმა განაცხადა: "უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გვაერთიანებს:

ჩვენ გვაერთიანებს მეფე ბაგრატის იდეა, ჩვენ გვაერთიანებს ის, რისთვისაც იბრძოდა დავით აღმაშენებელი; ის, რასაც შეეწირა ილია ჭავჭავაძე –  ეს არის ერთიანი და წელში გამართული საქართველო; ეს არის კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ეკონომიკური ხედვა, მაგრამ არ შეიძლება არ გვაერთიანებდეს მიზანი - აღარასდროს დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა კორუფციის ჭაობში.

ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების პოლიტიკა, მაგრამ შეუძლებელია, არ გვაერთიანებდეს საერთო ნება - აღარასდროს დავუთმოთ ჩვენი ქვეყანა კანონიერ ქურდებს და ორგანიზებულ დამნაშავეებს.

ჩვენ შეიძლება სხვადასხვანაირად ვხედავდეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ წარმოუდგენელია არ გვაერთიანებდეს საერთო მისწრაფება - მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და გაერთიანებას.

ჩვენ შეიძლება განსხვავებულად მოგვწონდეს ან ვენდობოდეთ  – ასეთი ხალხიც არსებობს  –  ვენდობოდეთ პუტინის რეჟიმს, მაგრამ შეუძლებელია არ ვიყოთ ერთიანი ერთ რამეში, რომ რუსეთთან ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის, თავისუფლების დათმობის ხარჯზე.

ჩვენ შეიძლება განსხვავებულად ვუყურებდეთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, მაგრამ არ შეიძლება არ გვაერთიანებდეს ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფება ევროპისაკენ და არ შეიძლება უარი ვუთხრათ მის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ სურვილს - საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა".

სააკაშვილის თქმით, ამ საკითხებში ერთიანობა აუცილებელია ასევე ხალხისთვის, „რომელსაც არავითარ სიკეთეს არ მოუტანს შიდა პოლიტიკური განხეთქილებები და დაპირისპირებები“.

„ის, რაც ჩვენ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, არის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. ახლა არ არის ნგრევის და არეულობის დრო - ახლა მხოლოდ შენების დროა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ქვეყანაში ისედაც ბევრი სირთულე დგას, რომ „კიდევ ახალი სირთულეები დაემატოს პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთდაპირისპირების გამო, 90–იანი წლები არ დაბრუნდეს“.

„არც ერთი პოლიტიკოსის პირადი ამბიცია არ ღირს იმად, რომ თუნდაც ერთი ოჯახის წინსვლა შეფერხდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა 14 სექტემბერს.  

"ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ იმაში, ჩემო მეგობრებო, რომ საქართველოს ბოლოდროინდელი განვითარებით, უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ხალხმა, რომ ყველა ოჯახში შევიდეს ის პროგრესი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უდავოდ, განიცდის", – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც თავის მიმართვაში მინიშნებით გამოიყენა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სლოგანი – "მეტი სარგებელი ხალხს".  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20