Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 სექ.'12 / 14:15

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალ მინისტრად დანიშნა მას შემდეგ, რაც ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი მასალების გავრცელების შემდეგ. 

"დღეს მე ვნიშნავ ამ სისტემის ხელმძღვანელად ამ სისტემაში არსებული რეალობის ძალიან მკაცრ კრიტიკოსს იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს აწი სრულიად სხვა სისტემა", – განაცხადა სააკაშვილმა ტუღუშის წარდგენისას. 

გიორგი თუღუშმა განაცხადა, რომ მისთვის პრეზიდენტის ეს „ძალიან მნიშვნელოვანი“ შემოთავაზება "აბსოლუტურად მოულოდნელი" იყო.

„ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა იმ უწყების დატოვება, რომელსაც სამი წელია ვხელმძღვანელობ“, – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2009 წლის მაისში დაამტკიცა პარლამენტმა 5 წლის ვადით. 

„ალბათ ბევრისთვის განცვიფრების საგანია, თუ რატომ დათანხმა ომბუდსმენი ამ გამოწვევას", – განაცხადა მან, "თუმცა მინდა გითხრათ, აქამდე მე ვწერდი, დოკუმენტირებას ვახდენდი და ვაწვდიდი ხელისუფლებას ჩემს ხედვას, თუმცა როგორც თავადაც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა ბევრი ჩემი რეკომენდაცია და მოწოდება დარჩა ყურადღების გარეშე. ახლა მე უნდა მომეცეს საშუალება ის, რაზეც მე ვსაუბრობდი ბოლო სამი წელია, რეალურად გავატარო პრაქტიკაში“.

მან სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალური ცვლილებების განხორციელების და პატიმრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პირობა დადო.

„ბატონმა პრეზიდენტმა მე აღმითქვა, რომ მექნება სრული თავისუფლება სისტემაში, მექნება საშუალება თავიდან ბოლომდე გადავახალისო და გადავაკომპლექტო მთლიანად სისტემა, დამჭირდება არაერთი ახალი თანამშრომელი და გარდა ამის მე მზად ვარ გავითვალისწინო ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე ჩემს მიერ არის შემუშავებული და გადაგზავნილი პარლამენტში“, – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა. 
 
„მე ასევე ბატონმა პრეზიდენტმა აღმითქვა, რომ მე მექნება საშუალება მასთან პირადად ვიურთიერთო მთელ რიგ ამ საკითხებზე“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების დაძლევისთვის საუბარია დამატებითი ფინანსების გამოყოფაზე. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მინისტრს სრული დამოუკიდებლობა ექნება და ვერავინ ვერ ჩაერევა მის საქმიანობაში, "რა თქმა უნდა, კანონის გარდა და საზოგადოების გარდა". 

„ჩვენი მთავრობის პასუხი რადიკალურ გამოწვევებზე არის იმაზე უფრო მეტად რადიკალური, ვიდრე ნებისმიერ მთავრობას რომელიმე ქვეყანაში შეიძლება ეს ექნა“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ყველანაირი რთული გამოწვევების წინაშე ჩვენ არასოდეს უკან არ დავიხევთ და გვიხარია, რომ ადამიანი, რომელიც არ არის პოლიტიკოსი თავისთავად და არ არის პარტიის წევრი არცერთის, ასევე არ დაიხია უკან ამ რთული გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვჭირდება ახლა გამბედავი, გაბედული ადამიანები, რომლებიც შეცვლიან ყველაფერს იმ სისტემაში, რომელიც არის შესაცვლელი“.

„ყველაზე ნაკლებად ამ დღეებში, რა თქმა უნდა, პოლიტიკა მაინტერესებს, მაგრამ ყველანაირი მანიპულაციები ამ თემებზე, ადამიანის ბედზე არის ძალიან მიუღებელი ჩემთვის კონკრეტული მიზეზების გამო“, – განაცხადა მან, „იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ავაშენოთ საზოგადოება, სადაც ერთის მხრივ, იქნება ნულოვანი ტოლერანტულობა დანაშაულის მიმართ, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართ და ამ თემებს ნურავინ ნუ ეთამაშება... მაგრამ ნურავინ ნუ ეთამაშება ასევე ადამიანის უფლებებს. ნულოვანი ტოლერანტულობა ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ – ეს არის ის პრინციპი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავამკვიდროთ“.

„შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომ შეუძლებელი იყოს ამ საცერში გამოპარვა რამე მსგავსის, რაც აქამდე ხდებოდა ამ სისტემაში“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 

პრეზიდენტმა გუშინდელის მსგავსად, დღეს კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ ითვალისწინებდა სახალხო დამცველის ანგარიშებს. 

"მე მასთან [გიორგი ტუღუშთან] მქონდა ამ თემაზე შეხვედრები და ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც, მინისტრსაც, იქ არსებულ რეალობასაც", – განაცხადა სააკაშვილმა, "სამწუხაროდ რაღაც ნაწილი გავითვალისწინეთ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რაღაცეები ყველას ერთად ჩვენ გამოგვეპარა". 

სახალხო დამცველის ყველა ანგარიში, რომელიც კი დეპუტატებმა ბოლო წლებში მოისმინეს, პარლამენტმა „ცნობად მიიღო“, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ უმრავლესობას კოლეგები ოპოზიციიდან ისეთი დადგენილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ, რომელიც დაავალებდა მთავარ პროკურატურას გამოეძია ანგარიშებში მოყვანილი დარღვევის ფაქტები.  2012 წელს და 2011 წელს სახალხო დამცველის ანგარიშების მოსმენისას ოპოზიციამ ორივეჯერ დააყენა სასჯელაღსრულების აწ უკვე ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან სახალხო დამცველის მოხსენების ყველაზე მწვავე და ვრცელი მონაკვეთები პენიტენციალურ სისტემაში გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევებს ეხებოდა, თუმცა მმართველმა პარტიამ არცერთხელ ეს მოწოდება არ გაიზიარა და კენჭისყრით ჩააგდო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე წინადადება.  

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ 19 სექტემბერს განაცხადა: „ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, დაუშვით მძიმე შეცდომა, როცა სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები, რომელიც მოდიოდა სახალხო დამცველისაგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემის შესახებ“. 

ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი. 

კანონმდებლობით, სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს, რომელსაც პარლამენტი 5 წლის ვადით აირჩევს. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28