Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დაპირისპირება სადავო ოლქებში და მანდატების რაოდენობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ოქტ.'12 / 12:46

თორმეტამდე ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების შედეგები კვლავ სადავო რჩება ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის.

არსებული მოცემულობით უკვე ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ექნება და ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში რვა წელზე მეტ ხანს ფლობდა უმრავლესობას, უმცირესობის შექმნა მოუწევს ახალ პარლამენტში, რომელიც ქუთაისში დაიდებს ბინას. თუმცა პოლიტიკურ კონკურენტებს შორის ადგილების ზუსტი განაწილება ჯერჯერობით უცნობია.

3 766 უბნიდან 99.5%–ის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ცესკოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიით 54.92% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი – 40.35%.

თუ ეს შედეგები ძალაში დარჩა, „ქართული ოცნება“ პარტიული სიით 44 ადგილს მოიპოვებს, ნაციონალური მოძრაობა კი – 33 მანდატს (ეს მაჩვენებლები წინასწარია და საბოლოო შედეგების დამტკიცების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს).

73 ერთმანდატიან ოლქში ჩატარებულ მაჟორიტარულ არჩევნებში, ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარო მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები 39 მანდატს, ნაციონალური მოძრაობის კი 34 მანდატს მიიღებენ.

თუ ეს წინასწარი შედეგები ძალაში დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ 150–წევრიან პარლამენტში 83 მანდატი ექნება, რაც 17–ით ნაკლებია საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო 100 ხმაზე, ხოლო ნაციონალური მოძრაობა 67 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

თუმცა გაყალბებისა და სხვაგვარ დარღვევებზე დაყრდნობით „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებს რიგ ერთმანდატიან ოლქებში აპროტესტებს და თუ ეს პრეტენზიები დადასტურდა, ექვსსუბიექტიან კოალიციას შესაძლებლობა მიეცემა გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა ახალ პარლამენტში; მაგრამ თუნდაც კოალიციამ ამის მოხერხება შეძლოს, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც არ ეყოლება.

დავით უსუფაშვილმა, „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, რომლის რესპუბლიკური პარტიაც პარლამენტში სულ ცოტა რვა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მიანიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ცვლილებების გასატანად საჭირო ხმებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატების მხარდაჭერის მოპოვების ხარჯზე მოაგროვებს; იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის, რომლის მიღებასაც კოალიცია გეგმავს, არის პარლამენტის ადგილმდებარეობის ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადატანა.

„ქართული ოცნებისთვის“ უკვე გარანტირებულ ადგილებზე სადავო მანდატების დამატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან კოალიცია კონსტიტუციაში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, ერთ–ერთი ცვლილება შესაძლოა იყოს პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილების ახლავე გაზრდა. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს ამჟამად იმაზე გაცილებით ნაკლები ძალაუფლება აქვს, ვიდრე მას ექნება 2013 წელს, როცა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ახალი კონსტიტუციური დებულებები შევა ძალაში.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები რამდენიმე ოლქში ხმების მცირე რაოდენობით აგებენ კონკურენტებთან ნაციონალური მოძრაობიდან.

ერთ–ერთი მათგანია სიღნაღი, სადაც ყველა უბნის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ცესკოს ვებ–გვერდზე არის გამოქვეყნებული, წინასწარი მონაცემებით, ამ ერთმანდატიან ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან ბეჟაშვილი ხმების მინიმალური სხვაობით, 48.7%–ით უსწრებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს გელა გელაშვილს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმების 47.19% აქვს მიღებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები არ ემთხვევა ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ უშუალოდ უბანზე მოპოვებული ოქმის ასლს.

„ქართული ოცნება“ წინასწარ ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს კიდევ რამოდენიმე ოლქში, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციების გამართვის მეშვეობით. თერჯოლაში „ქართული ოცნების“ აქტივისტები შეეცადნენ ადგილობრივ საოლქო კომისიის შენობაში შეჭრას. ცესკომ და ნაციონალურმა მოძრაობამ ბრალი დასდეს გამარჯვებულ კოალიციას ზეწოლაში და საოლქო კომისიის წევრების დაშინებაში. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მოუწოდა მხარეებს, რომ დავები სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით მოაგვარონ. 3 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ თავის აქტივისტებს მიუთითა შეეწყვიტათ საპროტესტო აქციები საოლქო საარჩევნო კომისიებთან.

ზუგდიდი ერთ–ერთ ის ოლქია, რომლის შედეგებსაც „ქართული ოცნება“ აპროტესტებს და სადაც კოალიციის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, წინასწარი შედეგების თანახმად, დამარცხდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან როლანდ ახალაიასთან, რომლის შვილიც, ბაჩო ახალაია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აიძულეს დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ციხის გახმაურებული სკანდალის გამო. ალასანია ირწმუნება, რომ ზუგდიდში არჩევნები გაყალბდა და აცხადებს, რომ სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი ზუგდიდის ოლქის 109 უბნიდან ნახევარზე მეტში; მისი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით საჩივრები უკვე შესულია სასამართლოში.

აშკარა დარღვევების მხრივ ყველაზე მეტად ხაშურის ოლქი გამოირჩეოდა, სადაც შეიარაღებული ნიღბიანი ადამიანები შეიჭრნენ რამოდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიაში მას შემდეგ, რაც კენჭისყრის დღეს უბნები დაიხურა. წინასწარი შედეგებით, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი უმნიშვნელოდ უსწრებს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვალერი გელაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ხელთ აქვს გაყალბების მტკიცებულებები და სამართლებრივი გზით გააგრძელებს თავისი ხმების დაცვას.

იმავდროულად, 3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია ქმნის სამწევრიან სამუშაო ჯგუფს, რათა აწარმოოს კონსულტაციები პრეზიდენტ სააკაშვილთან და მოქმედ მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემა იმ მთავრობისთვის, რომლის ფორმირებასაც კოალიცია გეგმავს. ოთხშაბათს პრესაში ბევრი ვარაუდი იყო იმის თაობაზე, თუ როგორ გადანაწილდება თანამდებობები კოალიციის წევრებს შორის, თუმცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ეს საკითხი კოალიციის დღის წესრიგის მთავარი თემა არ არის. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალი მთავრობის კონფიგურაციის პირველადი პროექტი მხოლოდ მან იცის და კოალიციის წევრებს წარუდგენს სამსჯელოდ, რის შემდეგაც უკვე საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35