საპარლამენტო უმცირესობამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, განაცხადა 23 ოქტომბერს, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ცდილობს თავისი წარმომადგენლობა პარლამენტში ორ–მესამედამდე გაზარდოს და ამ მიზნით ზეწოლას ახდენს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე მათი გადაბირების მიზნით.
დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატზე, ძირითადად მათზე, ვინც სხვადასხვა ბიზნესებს ფლობენ, ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ დატოვონ საპარლამენტო უმცირესობა. თაქთაქიშვილმა არ დააკონკრეტა ის დეპუტატები, რომლებზეც ზეწოლა ხორციელდება, თუმცა აღნიშნა, რომ ამგვარი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში დეტალები მომავალში გახმაურდება. მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი უკანონო და არადემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში კონსტრუქციული მუშაობაშეუძლებელი გახდება .
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უარყვეს ამგვარი ბრალდება და განაცხადეს, რომ ზეწოლა და შანტაჟი, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა საუბრობს, სწორედ ის ფორმაა, რომლითაც ისინი რვა წელიწადზე მეტხანს მართავდნენ ქვეყანას.
„მე მინდა მათ შევახსენო, რომ სწორედ იმ ხელისუფლებას, რომელიც აშანტაჟენდა, ემუქრებოდა და ძალადობდა, უთხრა უარი საქართველომ 1 ოქტომბერს და მოიყვანა ხელისუფლება, რომელიც ებრძვის შანტაჟს, ძალადობას და მუქარას“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „ქართული ოცნებიდან“.
„ქართულ ოცნებას“ 85 წევრი ყავს პარლამენტში, რაც 15–ით ნაკლებია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის.
კანონის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებას "პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედის" მხარდაჭერა სჭირდება, რაც 100 დეპუტატს შეადგენს.
ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში 65 წევრი შეიყვანა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მიერ შექმნილ საპარლამენტო უმცირესობაში მხოლოდ 60 დეპუტატი შევიდა.
ხუთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომლებმაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის წევრებად იყარეს კენჭი ერთმანდატიან ოლქებში, საპარლამენტო უმცირესობაში შესვლაზე უარი განაცხადეს.
საქართველოს წარსული საპარლამენტო გამოცდილება აჩვენებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აქტიურად არ არიან ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც წესი, მმართველ პარტიასთან თანამშრომლობისკენ იხრებიან.
„მე მაქვს ძალიან დიდი ვალდებულებები ჩემი ხალხის წინაშე... ამ ვალდებულებების შესრულებას სჭირდება ისეთი მოქმედებები, რომლებიც მე უნდა ვაწარმოო, როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ... აქ დასამალი არაფერი არ არის და არავის წინააღმდეგ არ ვარ“, – განაცხადა 21 ოქტომბერს ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, საპარლამენტო უმცირესობის გარეთ დარჩენილთაგან ერთ–ერთმა დეპუტატმა, რომელიც მაჟორიტარი ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა.
კიდევ ერთმა ასეთმა მაჟორიტარმა ლენტეხიდან, გოგი ლიპარტელიანმა განაცხადა 21 ოქტომბერს: „ჩვენ [ხუთი დეპუტატი] ვართ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატები და თანამოაზრეთა გუნდი, არც უმცირესობაში ვართ და არც უმრავლესობაში. ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად მუშაობა. რა თქმა უნდა, რომელიც იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იქნება უმცირესობის მხრიდან, თუ უმრავლესობის მხრიდან, ჩვენ დავუჭერთ მას მხარს“.
კიდევ სამი დეპუტატი, რომელთაც უარი თქვეს საპარლამენტო უმცირესობაში შესვლაზე, არიან: კახა ოქრიაშვილი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი და ფარმაცევტული ქსელის პსპ–ს თანადამფუძნებელი; ენზელ მკოიანი, ნინოწმინდას მაჟორიტარი დეპუტატი და სერგო ხაბულიანი, ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი მაჟორიტატი დეპუტატი ფიქრობს საპარლამენტო უმცირესობის დატოვებას და ხუთი დეპუტატისგან შემდგარ ჯგუფში გაწევრიანებას, რაც საშუალებას მისცემს მათ ფრაქცია ჩამოაყალიბონ, რისთვისაც ექვსი დეპუტატია საჭირო.
პარლამენტი, რომელიც ახალ მთავრობას და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს ხუთშაბათს დაამტკიცებს, 23 ოქტომბერს საკომიტეტო მოსმენებს მართავს, სადაც მინისტრობის კანდიდატებს და მათ პროგრამებს ისმენს.