Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის მომავალი მთავრობა „ფართომასშტაბიან რეფორმებს“ გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ოქტ.'12 / 21:14

კოალიცია „ქართული ოცნების“ მომავალი მთავრობა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ფართომასშტაბიან რეფორმებს“ გეგმავს „ყველა სტრატეგიული მიმართულებით“.

ამის შესახებ საუბარია სამთავრობო პროგრამაში სახელწოდებით „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“,  რომელსაც მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად პარლამენტი კომიტეტებსა და ფრაქციებში იხილავს და 25 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე უყრის კენჭს.

დაგეგმილი კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში, პროგრამის თანახმად, ახალ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების უმეტესობა უპირატესობას საპარლამენტო მმართველობას ანიჭებს, თუმცა „საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური მოწყობის თაობაზე მიღებულ იქნება ფართო სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე“.

„კონსტიტუციით დადგინდება მმართველობის ისეთი მოდელი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურობას, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ ოპოზიციას მისცემს რეალურ ბერკეტებს ხელისუფლების საქმიანობის ქმედითი და დროული კონტროლის განსახორციელებლად“, – ნათქვამია პროგრამაში.

მომავალი მთავრობა გეგმავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მართოს პირდაპირი წესით არჩეულმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა –  საკრებულოებმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა – მერებმა და გამგებლებმა. ასევე, პროგრამის თანახმად, თვითმმართველ თემებში შემავალ სოფლებს ეყოლებათ არა დანიშნული, არამედ მათ მიერ არჩეული მამასახლისი. თვითმმართველობის ორგანოები აღიჭურვებიან ექსკლუზიური უფლებამოსილებებით, გადაეცემათ საკუთრება და ფინანსები.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში იგეგმება მისთვის უშიშროების ფუნქციების ჩამოშორება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შესაქმნელად.

კერძოდ, შსს რეორგანიზაციის შედეგად გარდაიქმნება საშინაო საქმეთა „დეპოლიტიზირებულ“ სამინისტროდ, რომლის შემადგენლობაშიც ჩამოყალიბდება 2 დეპარტამენტი: პოლიციის დეპარტამენტი თავისი ორი ქვესტრუქტურით – საპატრულო და კრიმინალური პოლიციით და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი.

ცალკე „დამოუკიდებელ“ სტრუქტურაში – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომლის უფროსსაც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი დაამტკიცებს, გაერთიანდება შსს–ის სისტემიდან გამოყოფილი უშიშროების სამსახურები. ამ ახალი სამსახურის ფუნქცია, პროგრამის თანახმად, „უნდა იყოს საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია“ და არა სისხლისსამართლებრივი დევნა.

სასამართლოს რეფორმის კონცეფცია, პროგრამის თანახმად, დაეფუძნება „პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედებისაგან სასამართლოს გათავისუფლებას“, რათა მართლმსაჯულება გახდეს „მიუკერძოებელი“, „დამოუკიდებელი“, მათ შორის ფინანსური კუთხითაც და უზრუნველყოფილი იქნას მისი „სრული გამჭვირვალობა“ და „საჯაროობა“.

„სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციასა და მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას განახორციელებს თავად სასამართლო ხელისუფლება“, – ნათქვამია პროგრამაში, რომლის თანახმადაც ასევე „გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება“.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის კუთხით, ივანიშვილის მომავალი მთავრობა გეგმავს „სამართლიანი სასჯელის პოლიტიკის“ გატარებას, სადაც გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით; დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი; ასევე გადაიხედება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის; გარკვეული უპირატეობა მიენიჭება პირობითი მსჯავრის გამოყენებას, რომლის ვადაზე ადრე გაუქმების საკითხს გადაწყვეტს მხოლოდ სასამართლო.

ამასთან პროგრამის თანახმად, საპროცესო შეთანხმება, რომელიც 2004 წლიდან იქნა საქართველოში შემოღებული და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის შეფასებით, „გაუკუღმართებულად“ გამოიყენებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, „გახდება სამართლიანი“ და „მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები“. საპროცესო შეთანხმების დადება “აიკრძალება“ არასრულწლოვანთა საქმეებზე.

„ათასობით უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვადებში გადაისინჯება მათი საქმეები“, – ნათქვამია პროგრამაში.

მომავალი მთავრობა ასევე პირდება პროკურატურის „განუსაზღვრელი უფლებამოსილების“ შეზღუდვას და ადვოკატურის ინსტიტუტის გაძლიერებას.

პროკურატურა, პროგრამის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დარჩება, თუმცა ის „დამოუკიდებელ სამართალდაცვით ორგანოდ“ ჩამოყალიბდება მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით, რომელსაც სულ ცოტა 5 წლით პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

თავდაცვის სისტემის კუთხით, პროგრამის თანახმად, იგეგმება სამხედრო ძალების საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება. ამასთან, სავალდებულო გახდება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტისათვის საჯარო ანგარიშების წარდგენა, მათ შორის ფინანსურ საკითხებზე. 

ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ასევე შეიქმნება სამხედრო-საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი და „გადაიხედება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევის ყველა საქმე“.

„განხორციელდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის სრული რეფორმირება და მისი სარეზერვო სამსახურის პოტენციად გარდაქმნა, რომელშიც უმთავრეს როლს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი შეასრულებს“, – ნათქვამია პროგრამაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანი ყურადღება
მიექცევა ჯარში გენდერული ბალანსისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის საკითხებს“.

საჯარო სამსახურის რეფორმის კუთხით, მომავალი მთავრობის პროგრამა სთავაზობს ისეთ მოდელს, სადაც კანონით იქნება დაცული საჯარო მოხელის „უვადოდ დანიშვნა, პოლიტიკური მიუკერძოებლობა, კარიერის პრინციპი, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის ვალდებულება, სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვა, სოციალური გარანტიები“.

„ხელისუფლების შეცვლა აღარ გამოიწვევს საჯარო სამსახურიდან კადრების დათხოვნას“, – ნათქვამია პროგრამაში.

საგარეო–პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით, მომავალი მთავრობა აღნიშნავს, რომ მისი გაცხადებული პრიორიტეტებია „ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, ევროატლანტიკური ორიენტაცია და ნატოში ინტეგრაცია“. ამასთან, საერთაშორისო „სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა  განიხილება, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი“. პროგრამაში აშშ მოხსენიებულია, როგორც „მთავარი მოკავშირე“. 

„საქართველო თავისი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით საერთაშორისო თანამეგობრობისათვის საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორი გახდება“, – ნათქვამია პროგრამაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთთან დიალოგის დაწყებას სწორედ „საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“ შეეცდება.

„დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია“, – ნათქვამია პროგრამაში, სადაც ასევე საუბარია ურთიერთობების გაღრმავებაზე სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატების ხელშემწყობ პირობად, მომავალი მთავრობა, ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ასევე სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას მიიჩნევს.

„საჭიროა მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე,  რომლის მექანიზმი უნდა შეიქმნას ეუთოს ან გაეროს ფორმატში“, – ნათქვამია პროგრამაში.

ამასთან, მომავალი მთავრობა გეგმავს შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის პრინციპები. კერძოდ, საუბარია მათთვის დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვის გადაცემასა და არჩევნების გზით დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოების დაკომპლექტებაზე.

ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, მომავალი მთავრობა აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკის დემონოპოლიზაცია, სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობა; ასევე საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგროვებით სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, თუმცა მანამდე ითვალისწინებს პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას; ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმა, რომლის „პირველსავე ეტაპზე, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება  სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით“.

საგადასახადო პოლიტიკის კუთხით, სამთავრობო პროგრამა „სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული დაბეგვრის მექანიზმების“ შემოღებას სთავაზობს. მასში კომუნალური ტარიფების ოდენობის დაკონკრეტების გარეშე, ასევე ნათქვამია, რომ  „უმოკლეს ვადებში“ განხორციელდება ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება „ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით“. 

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის დამოუკიდებლობა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება კონსტიტუციის დონეზე განისაზღვრება, ნათქვამია პროგრამაში. ამ სამსახურის დირექტორს 5 წლის ვადით, პარლამენტის თანხმობით, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის მონაწილეობით, თანამდებობაზე პრეზიდენტი დანიშნავს.

მომავალი მთავრობა თავის პროგრამაში ასევე პირობას დებს, რომ შესწავლილი იქნება ბოლო წლებში გავრცელებული „ელიტარული კორუფციის“ მასშტაბები და საკუთრების უფლების „ტოტალური დარღვევის“ შედეგად შექმნილი ვითარება, რათა ქვეყნის რეალური ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით მისი გამოსწორება მოხდეს.

პროგრამაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა მედიის დამოუკიდებლობასთან ერთად უზრუნველყოფს „მისი დაფინანსების გამჭვირვალობას“ და სარეკლამო ბაზრის დემონოპოლიზაციას, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზებას.

პროგრამის თანახმად, პარტიების დაფინანსების სისტემა, რომელიც შარშან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გამკაცრდა, იმგვარად შეიცვლება, რომ პარტიებმა სრულფასოვანი საქმიანობა შეძლონ.

ახალი სამთავრობო პროგრამა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციისა და ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმებს სთავაზობს, მათ შორის მათი კულტურის, ენის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვასა და პოპულარიზებას. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დანერგავს „მრავალენოვანი განათლების სისტემას“ და ამასთან ერთად, „ხელს შეუწყობს  ქართული ენის შესწავლის პროცესს“, ნათქვამია პროგრამაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15