ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა დატოვა.
სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გოზალიშვილი უმცირესობაში შემავალ ფრაქციაში „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები“ გაწევრიანდა, თუმცა ერთი კვირის თავზე პარლამენტში დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსით მუშაობის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
„ჯერ–ჯერობით დემოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები“, – განუცხადა გოზალიშვილმა Сivil.ge-ს და აღნიშნა, რომ ამ სტატუსით უფრო ეფექტურად იმუშავებს ლაგოდეხის რაიონში, სადაც ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო მანამ, სანამ მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებდა, როგორც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში გოზალიშვილის მიერ უმცირესობის რიგების დატოვება დაადასტურეს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე არაფერი თქვეს.
ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში 65 დეპუტატი გაიყვანა, თუმცა უმცირესობაში ამჟამად 59 პარლამენტის წევრი რჩება.
გოზალიშვილისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობის ხუთმა გამარჯვებულმა მაჟორიტარმა საპარლამენტო უმცირესობაში გაწევრიანებაზე თავიდანვე თქვა უარი მეტი დამოუკიდებლობის საჭიროების მოტივით.
ლაგოდეხის მაჟორიტარის თქმით, ამ ეტაპზე მას არ აქვს რაიმე გამოკვეთილი გეგმები შესაძლო ახალ ფრაქციაში გაწევრიანების თაობაზე.
პარლამენტში ფრაქციის შექმნას სულ ცოტა ექვსი დეპუტატის ერთობა სჭირდება.