სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
აღმკვეთის ეს ღონისძიება ახალაიას, რომელიც 6 ნოემბერს დააკავეს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ორი ეპიზოდიდან გამომდინარე ბრალდებების გამო შეეფარდა.
ის ბრალდებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საქმეზე, რომელიც ეხება ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებს 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ახალაია თავდაცვის მინისტრად მსახურობდა. მას „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლითაც აქვს ბრალი წაყენებული ცალკე ეპიზოდზე, რომელიც ეხება 2011 წლის სექტემბერში მის სავარაუდო მონაწილეობას დაზარალებულის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
ამასთან, წაყენებული ბრალდებები 12 ნოემბერს პროკურატურამ მას კიდევ ერთ საქმეზე წამების მუხლითაც დაუმძიმა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მის უწყებაში ათობით განცხადებაა შესული ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ.
ყოფილი მინისტრის საქმეზე წინა სასამართლო მოსმენა 25 დეკემბერს არის დანიშნული.