შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, რომელიც ამჟამად თბილისის ვიცე–მერია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი თანამშრომელი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან ქარდავა დაკავებული არიან საქმეზე, რომელიც ეხება კომპიუტერულ ქსელებში არასანქცირებული შეღწევით უკანონო თვალთვალის განხორციელებას.
თორმეტივე პირი – შს ყოფილი მინისტრის მოადგილე და სამინისტროს თერთმეტი თანამშრომელი 15 ნოემბერს დააკავეს. ყველას, გარდა ერთისა, შესაძლოა ბრალი დაედოთ, სავარაუდო, უკანონო თვალთვალში და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის თაობაზე მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით; შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი დაკავებული თანამშრომლის ბრალდებები შესაძლოა ეხებოდეს „ქართუ ჯგუფის“ მიერ შემოტანილი მოწყობილობის სავარაუდო განზრახ დაზიანებას. ორივე ეს ეპიზოდი წინასაარჩევნო პერიოდს ეხება.
პირველი ეპიზოდი, პროკურატურის ინფორმაციით, ეხება უკანონო თვალთვალს კომპიუტერული ვირუსული პროგრამის მეშვეობით, რომლითაც შესაძლებელია ინტერნეტ მომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის განთავსების ოთახში აუდიო და ვიდეო ჩაწერის განხორციელება, იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერს უყენია მიკროფონი და ვებკამერა.
„შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდი-ს ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი ინფორმაციით, მსგავსი უკანონო შეღწევა სხვადასხვა დროს განხორციელდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში, ასევე კოალიცია „ ქართული ოცნების" ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში. მან „რელიგიური ორგანიზაციების“ კომპიუტერულ სისტემებში შეღწევის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.
„ამ გზით კუდის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ“, - განაცხადა კბილაშვილმა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა უკავშირდება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრის ბესო სურმავას თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეს, განაცხადა პროკურატურამ.
საქმე ეხება ივანიშვილის დაცვის წევრის სავარაუდო გატაცებას, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა და მოგვიანებით ვიდეო გზავნილით გამოჩნდა, სადაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლის შესახებ ფარულად ჩაწერილ აუდიო მასალას ასაჯაროებდა.
მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა შსს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას დაავალა მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები კოალიცია "ქართული ოცნებიდან", რომელთა „გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას კოალიციის ლიდერთა მიმართ“. კბილაშვილმა განაცხადა, რომ კვარაცხელიამ იმავე დღის საღამოს დისკი „ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამოდენიმე პოლიტიკური პირის საუბრის“ ჩანაწერით „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რის შემდეგაც შოთა ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში“.
„მეორე დილით, 27 სექტემბერს შოთა ხიზანიშვილმა დაურეკა ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ მან ამოარჩია საჭირო საუბრები, რომელიც ბექა კვარაცხელიას უნდა განეთავსებინა Youtube-ის ვიდეო პორტალზე ისეთი სახით, თითქოს ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას მიერ“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის თქმით, მანამდე კუდის თანამშრომელთა მიერ „უკანონოდ იქნა მოპოვებული ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი“, რაც მის წინააღმდეგ „შანტაჟის იარაღად“ გამოიყენეს. იმის შიშით, რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი "მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა" არ გამოქვეყნებულიყო, პროკურატურის განცხადებით, სურმავა დათანხმდა კუდის თანამშრომელთა მიერ უკანონოდ მოპოვებული აუდიო საუბრები თავისი სახელით გაესაღებინა და ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილის დავალებით იყო მოპოვებული. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ქმედებისთვის სურმავას ხიზანიშვილის დავალების შედეგად საბოლოოდ გასამრჯელოს სახით 150 000 ევრო გადაუხადეს - თანხა, რომელიც ნივთმტკიცების სახით იყო ამოღებული ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე. ამის შემდეგ, პროკურატურის ცნობით, ბესარიონ სურმავა გადაიყვანეს აჭარაში, სადაც მას რამოდენიმე დღით აღუკვეთეს თავისუფლება და მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს.
კიდევ ერთი ეპიზოდი, რომლითაც შს სამინისტროს ერთ–ერთ თანამშრომელს დაედება ბრალი, „ქართუ ჯგუფის“ მიერ შემოტანილი მოწყობილობის განზრახ დაზიანებას ეხება. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, „ქართუ ჯგუფი“ ხშირად აცხადებდა, რომ ხელისუფლების მიერ „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების მიერ შემოტანილი სხვადასხვა მოწყობილობების 'განზრახ დაზიანება' ხდებოდა განბაჟების დროს.
არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მოპოვებული ინფორმაცია ეყრდნობა დაკავებულ პირთა „აბსოლუტური უმრავლესობის“ მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომლებსაც ისინი „ყოველგვარი ზეწოლის გარეშე“ იძლეოდნენ.
„რაც შეეხება ამ დანაშაულების ჩადენაში მონაწილე სხვა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს, გრძელდება გამოძიება და მათ შესახებ საზოგადოება შეიტყობს უახლოეს ხანში“, - აღნიშნა მან.
თორმეტი დაკავებულიდან, რომელთაც ჯერ ბრალი არ წაეყენებიათ, პროკურატურა ნაწილის წინასწარი პატიმრობის, ხოლო ნაწილის გირაოს თაობაზე თხოვნით მიმართავს სასამართლოს.
თორმეტი დაკავებულიდან თერთმეტი ეჭვმიტანილია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სისხლის სამართლის სწორედ ამ ერთადერთი, 333-ე მუხლის დარღვევას ედავება პროკურატურა შოთა ხიზანიშვილს.
ხიზანიშვილი შსს–ს ადმინისტრაციის უფროსი იყო ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს. მოგვიანებით, როდესაც 2012 წლის ივლისში ვანო მერაბიშვილი ამ პოსტზე ბაჩო ახალაიამ შეცვალა, ხიზანიშვილი დააწინაურეს და იგი მინისტრის მოადგილე გახდა. 1 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხიზანიშვილი თბილისის მერის გიგი უგულავას მოადგილედ დაინიშნა.
დაკავებულთა შორის ერთადერთი, რომლის დაკავების მიზეზადაც ეს მუხლი არ სახელდება, არის კუდის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი. მას პროკურატურა ედავება 159-ე მუხლის დარღვევას, რაც უკავშირდება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სამი პირი, კუდის უფროსი ლევან ქარდავა, ამავე დეპარტამენტის კიდევ ორი მაღალჩინოსანი ვახტანგ ბოჭორიშვილი და ზაალ მაისურაძე დაკავებული იქნენ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. ბოჭორიშვილს და მაისურაძეს, წინასწარი ინფორმაციით, ასევე ბრალდება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
კუდის ექვსი მაღალჩინოსანი: ერმალოზ ებანოიძე, ვასილ ჯამალაშვილი, ავთანდილ სოლომნიშვილი, ბექა კვარაცხელია, გიორგი ჯავახაძე, ალექსანდრე ბორცვაძე, გამოძიების ინფორმაციით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების გარდა ასევე დაკავებული არიან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის (158-ე მუხლი); კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის (284-ე მუხლი) და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების (285-ე მუხლი) მუხლებით - ბოლო ორ შემთხვევაში საუბარია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებულ ქმედებაზე.
გიორგი ყავლაშვილი, კუდის პირველი სამმართველოს უფროსი, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულისთვის, რომელიც უკავშირდება სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც არასაპატიმრო სასჯელებთან ერთად ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. ის სავარაუდოდ, უკავშირდება „ქართულ ჯგუფის“ ქონების დაზიანების ეპიზოდს.