Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი ‘პოლიტპატიმართა’ საკითხს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'12 / 20:28

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომელიც 184 პატიმარს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის, ხოლო 22 პირს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსს მიანიჭებს.

ამასთან, დადგენილების პროექტის თანახმად, პარლამენტმა უნდა განსაზღვროს ორივე ამ სტატუსის მატარებელ პირთა მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმები, ასევე მათი თავისუფლების პირობებში სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის მექანიზმები, რათა სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებული ამ ადამიანების რეაბილიტაცია მოხდეს.

დადგენილების პროექტს, რომელზეც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, ოთხშაბათს იმსჯელებენ და რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს, თან ახლავს კონკრეტულ პირთა სიები.

პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში, რომლებიც სამართლებრივი დევნის გამო წასული არიან ქვეყნიდან და არ იმყოფებიან პატიმრობაში, მოხვდნენ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და მასთან ასოცირებული ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი; ასევე ბიძინა გიორგობიანი სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი; ბადრი ბიწაძე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლე.  

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, პოლიტიკური დევნილის სტატუსის მატარებელ პირებს ექნებათ შესაძლებლობა  დაბრუნდნენ საქართველოში, არ დაექვემდებარონ დაპატიმრებას და მათი საქმეები გადაიხედოს.

კომიტეტმა დადგენილების პროექტს დღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც მოისმინა მისივე ბაზაზე შექმნილ პოლიტიკურ ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა საქმეების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის  წევრთა მოხსენებები კონკრეტულ საქმეებზე. 

1 ნოემბერს შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც ასევე შედიოდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები, 220-ზე მეტი საქმე განიხილა იმ პირების მიმართვის საფუძველზე, რომლებიც თავს პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულებად მიიჩნევენ. სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ მან იხელმძღვანელა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის რეზოლუციის კრიტერიუმებით, როდესაც პოლიტპატიმართა სიას ადგენდა.

იმ 184 მსჯავრდებულს შორის, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მათი საქმეების შესწავლის საფუძველზე შესაძლო პოლიტპატიმრებად მიიჩნია, არიან 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის წინ და ამ დღეს პოლიციის მიერ აქციის დარბევის დროს დაპატიმრებული პირები; ამავე დღეს ყინწვისში დაკავებული პირები, რომლებიც შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ცნეს დამნაშავეებად. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მაისის საპროტესტოს აქციების ფარგლებში დაკავებული, დაახლოებით, 50-კაციანი სია წარადგინა, რომელთა მიმართ წაყენებული იყო სხვადასხვა ბრალდებები, მათ შორის იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. საიას თქმით,  განსხვავებული ბრალდებებით ამ ადამიანთა დაკავება და ასევე საქმეში  გამოვლენილი პროცესუალური დარღვევები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.

სია ასევე მოიცავს 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ, ე.წ. მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით მსჯავრდებულ სამხედროებს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მუხროვანის სატანკო ბატალიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა უფრო სამხედროების დაუმორჩილებლობას, ვიდრე ამბოხს.

სიაში ფიგურირებენ 2010 წლის დეკემბერში ე.წ. ტერაქტების საქმეზე დაკავებული და გასამართლებული პირები, რომლებიც  სამუშაო ჯგუფმა "პოლიტპატიმართა" სიაში ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის მოტივით შეიყვანა. კომისიის თქმით, მათი ამ სიაში ჩართვა წინააღმდეგობაში არ მოდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის ოქტომბრის რეზოლუციასთან, რომელიც ამბობს, რომ „მათ, ვისაც თავისუფლება აღეკვეთათ ტერორიზმის გამო, არ შეიძლება ჩაითვალონ პოლიტიკურ პატიმრებად, თუ ისინი ამ დანაშაულის ჩადენის გამო გაასამართლეს და სასჯელი შეუფარდეს ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად“. 

სიაში შედიან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის საქმეზე 2010 წლის ოქტომბერში ოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში დაკავებული პირები; ასევე არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში მსჯავრდებული პირები, რომლებიც 2006 წლის სექტემბერში დააკავეს; სხვადასხვა მოტივებით დაკავებული ინდივიდუალური პირები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძე; 2009 წლის მაისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაია.

პოლიტპატიმართა პოტენციური სტატუსის მატარებლები არიან ასევ ტელეკომპანია „კავკასიაში“ 2010 წლის მაისში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დაკავებული პირებიც.

ამასთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფს კიდევ ორი კვირით გაუხანგრძლივდება ვადა, რათა მან დამატებითი განაცხადებიც შეისწავლოს, რის შედეგადაც სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37