ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში შეყვანა სერიოზულად აისახება ალიანსთან რუსეთის ურთიერთობებსა და ევროპის უსაფრთხოებაზე, თუმცა გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოში ესმით რუსეთ-ნატოს ურთიერთობებზე და ევროპულ უსაფრთხოებაზე იმ შედეგების სერიოზულობა, რაც შეიძლება მოყვეს საქართველოს ალიანსში შეყვანისკენ შემდგომ ნებისმიერ ნაბიჯს. არ შეიძლება, რომ ეს არ ესმოდეთ“, - იტყობინება „რია ნოვოსტი“ 30 ნოემბერს გრუშკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
დიპლომატმა ასევე განუცხადა რუს ჟურნალისტებს, რომ მოსკოვს მიაჩნია, რომ ნატოს გაფართოება თანამშრომლობის ამ სისტემის შექმნის ლოგიკას ეწინააღმდეგება და მხოლოდ გამყოფი ხაზების გეოგრაფიულ გადანაცვლებას ისახავს მიზნად.
„აბსოლუტურად არარეალისტური იქნებოდა ნატოს მხრიდან იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ალიანსთან დაახლოების პოლიტიკას შეუძლია რამენაირი გავლენა მოახდინოს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ჩვენს ურთიერთობაზე და მათი დაცვის თაობაზე ჩვენს ვალდებულებაზე“, - განაცხადა გრუშკომ, რომელიც ნატოში ელჩობამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.