Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 დეკ.'12 / 14:02

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა 12 დეკემბერს დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშვნის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინალური სამართალწარმოების უფლებამოსილება გააჩნია, 15 წევრისგან შედგება.

საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი თავმჯდომარეობს.

არსებული წესით, საბჭოს ორ წევრს პრეზიდენტი სააკაშვილი ნიშნავს.

საბჭოს ოთხი წევრი დეპუტატია; ოპოზიციის კვოტით საბჭოში ახალმა პარლამენტმა აირჩია დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან პაატა ლეჟავა; უმრავლესობისთვის განკუთვნილ ორ ვაკანტურ ადგილზე არჩეული იქნენ დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ შალვა შავგულიძე და ზაქარია ქუცნაშვილი; ხოლო ერთი ადგილი თანამდებობრივად ავტომატურად ეკუთვნის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - ამჟამად ეს არის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ხმალაძე, ხოლო წინა პარლამენტში ეს პოსტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს პავლე კუბლაშვილს ეკავა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძმაა.

დანარჩენ რვა ადგილს საბჭოში ის მოსამართლეები იკავებენ, რომლებსაც ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია  - მოსამართლეებისგან შემდგარი თვითმმართველი ორგანო, რომელიც სულ ცოტა წელიწადში ერთხელ იკრიბება; მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს უფლება წარადგინოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ოთხწლიანი ვადით აირჩევიან.

ამჟამად იუსტიციის სამინისტრო საბჭოს დაკომპლექტების ამ წესის შეცვლის ინიციატივით გამოდის იმისათვის, რომ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა დეპუტატებს 12 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე, ის უფრო დემოკრატიული და ნაკლებ დამოკიდებული იყოს პარლამენტზე, ასევე სრულიად დამოუკიდებელი პრეზიდენტისგან; გარდა ამისა, ინიციატივა ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალაუფლების შემცირებას საბჭოს წევრებად მოსამართლეების არჩევის პროცესში.

პარლამენტის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრები აღარ შევლენ.

საბჭოს ისევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს; იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პირადად იგი ამის წინააღმდეგია, თუმცა ეს წესი უცვლელი დარჩება, ვინაიდან ის კონსტიტუციით არის დადგენილი.

საბჭოს 6 წევრს - იმ ადგილებზე, რომლებიც პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ორ წევრს და ოთხ დეპუტატს უკავიათ - ინიციატივის თანახმად, პარლამენტი აირჩევს, თუმცა არც ერთი მათგანი დეპუტატი არ უნდა იყოს. კანონპროექტის თანახმად, ეს ექვსი წევრი იურისტთა აკადემიური წრეების, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, რომლებსაც ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელობის რეკომენდაციის საფუძველზე  პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. პარლამენტის მიერ არჩეული წევრები შეიძლება გახდნენ საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ასაკიდან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 8 ადგილს კვლავ მოსამართლეები დაიკავებენ, თუმცა კანონპროექტი კანდიდატების წარდგენისა და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მათი არჩევის შეცვლილ წესს ითვალისწინებს. 

საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ არსებული წესი გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს უფლება წარადგინოს მოსამართლეები საბჭოს წევრებად. მისი თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ამ ექსკლუზიურ უფლებას ჩამოართმევს და კანდიდატის დასახელების უფლებას ყველა მოსამართლეს მისცემს.

მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მოსამართლეთა კონფერენცია ფარული კენჭისყისყრით არ ირჩევს იუსტიციის საბჭოს წევრებს. მან განაცხადა, რომ კენჭისყრა ფარული იქნება, რაც მოსამართლეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.

შემოთავაზებული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასამართლოების თავმჯდომარეეების და მათი მოადგილეების, ასევე პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩევის აკრძალვას; აკრძალვა ვრცელდება მათზეც, ვინც ამ  თანამდებობებზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 

კანონპროექტის ამ დებულებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ეწინააღმდეგება, რომელიც აცხადებს, რომ ამგვარი დათქმა „დისკრიმინაციულია“ იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელთაც არ მიეცემათ საშუალება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იქნან არჩეული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მიესალმა შემოთავაზებულ პაკეტს, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს, განაცხადა, რომ სულ ცოტა პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს მაინც უნდა მიეცეთ უფლება საბჭოს წევრებად იქნან არჩეული.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც კანონპროექტთან დაკავშირებით უთანხმოება გამოიწვია, საბჭოს ამჟამინდელი წევრების უფლებამოსილების შეჩერების საკითხია.

კანონპროექტის თანახმად, საბჭოს ამჟამინდელ წევრებს უფლებამოსილების ვადა ახალი წესებით მათი შემცვლელების არჩევისთანავე შეუჩერდებათ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც აცხადებს, რომ კანონპროექტი საერთო ჯამში დადებითი ინიციატივაა, ამ კონკრეტული დებულებას მიუღებელს უწოდებს, ვინაიდან ამჟამინდელი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეჩერება  არ შეუწყობს ხელს ინსტიტუციონალურ უწყვეტობას.

საიამ შესთავაზა კანონპროექტის ავტორებს, რომ საბჭოს მხოლოდ იმ წევრებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება, რომლებიც პრეზიდენტმა და პარლამენტმა დანიშნა, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია, საბჭოს წევრებად დატოვონ.

იუსტიციის სამინისტრო ამის წინააღმდეგია. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მათ მიაჩნიათ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის ამჟამინდელი წესი არალეგიტიმური და უდავოდ არადემოკრატიულია. მისი თქმით, თუ საბჭოს დაკომპლექტების წესის ფუნდამენტური ცვლილება იგეგმება, ლოგიკური იქნება, რომ საბჭოს ამჟამიდნელ წევრებს შეუწყდეთ უფლებამოსილება.

შემოთავაზებული პროექტი ასევე ითვალისწინებს სასამართლო დარბაზებში მედიასთან დაკავშირებით 2007 წელს დაწესებული აკრძალვების შემსუბუქებას. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სასამართლო დარბაზში გადაღების უფლების მიცემას, რომელმაც ვიდეო-მასალა შემდეგ სხვა მედია საშუალებებსაც უნდა გაუზიაროს; თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ უფლებით არ სარგებლობს, ასეთ შემთხვევაში მისი ჩანაცვლება კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე რომელიმე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ერთ ტელევიზიას შეეძლება; სასამართლოზე ნაფიც მსაჯულთა გადაღება იკრძალება.

ჟურნალისტებს უფლება ექნებათ ადგილიდან განახორციელონ სასამართლო პროცესის აუდიო ჩაწერა ისე, რომ ამ ქმედებით არ შეაფერხონ სხდომის მიმდინარეობა. ამასთან, კანონპროექტი დაავალდებულებს სასამართლოებს სასამართლო პროცესების ვიდეო/აუდიო ჩაწერა განახორციელონ და ჩანაწერები მონაწილე მხარეებს, ან ნებისმიერ მესამე მხარეს გადასცენ მოთხოვნისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომა ნაწილობრივ ან სრულად დახურულად არის გამოცხადებული.

ამასთან კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოიხსნება შეზღუდვა, რომელიც სასამართლოების ეზოებსა და შენობის დერეფნებში ჟურნალისტებს ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩაწერას უკრძალავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10