პარლამენტმა 21 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც სხვადასხვა დოზით ყველა პატიმარს შეეხება.
ეს კანონი ძალაში რომ შევიდეს, გამოქვეყნებამდე საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რის შემდეგაც ის გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინეს. კანონის აღსრულების ვადად 2 თვეა განსაზღვრული.
პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტისგან განსხვავებით, ამნისტიის საბოლოო ვერსია უფრო ფართო კატეგორიაზე ვრცელდება და ითვალისწინებს, ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირდებას ამნისტიის კონკრეტული მუხლების მიღმა აღმოჩენილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებისთვისაც.
ამგვარი დებულების კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ასახვას მხარს არ უჭერდა მთავრობა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კობა დავითაშვილი, ამ დებულების წინააღმდეგ გამოვიდა ასევე უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანიაც.
დავითაშვილის თქმით, მკვლელობისთვის, გაუპატიურების და სხვა მძიმე დანაშაულების ჩამდენი პირებისთვის სასჯელის მეოთხედით შემცირება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. თუმცა ამ საკითხზე უმრავლესობის დანარჩენ წევრებთან კომპრომისის მიღწევა მან ვერ მოახერხა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, ისეთი ერთჯერადი ჰუმანური აქტი, როგორიც არის ამნისტია, უნდა გავრცელდეს ყველა პატიმარზე იმის გამო, რომ წინა მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში მაღალი სასჯელები ინიშნებოდა და ამ პატიმრებს ციხეებში ყოფნა არაადამიანური მოპყრობის პირობებში უწევდათ.
უთანხმოება გამოიწვია ასევე იმ მუხლმა, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან სასიკვდილო შედეგის მქონე გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირები, ასევე თაღლითობის მუხლით ნასამართლები პირები, თუ დაზარალებულების ოჯახის წევრები თანხმობას გამოთქვამენ მათ მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე. ოპონენტების თქმით, ეს დებულება შესაძლოა მოქრთამვის ან ზეწოლის პროვოცირების მიზეზი გახდეს. თუმცა „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ეს მუხლი ამნისტიის საბოლოო აქტში აისახა.
ამნისტიის კატეგორიები
დანაშაულის მთელი რიგი კატეგორიებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების ისეთი ფორმებია გათვალისწინებული, როგორიცაა სასჯელისგან სრულად გათავისუფლება, სასჯელის განახევრება ან მისი შემცირება ერთი მესამედით ან ერთი მეოთხედით.
კანონის თანახმად, ის 190 პატიმარი, რომლებიც პარლამენტმა 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტპატიმრებად აღიარა, დატოვებს საპატიმროებს, ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მქონე 25 პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება.
სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების მთავარ წინაპირობას უმეტეს შემთხვევებში წარმოადგენს ის გარემოებები, რომ პირი არ უნდა იყოს ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლები და მის ქმედებას არ უნდა ახლდეს სიცოცხლის მოსპობა.
სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნები, თუ მათ დანაშაულს არ მოჰყოლია სიცოცხლის მოსპობა.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირები, რომელთაც ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
თუმცა ამ კატეგორიისთვის იქვე დადგენილია გამონაკლისი შემთხვევები შემდეგი დანაშაულებისთვის: ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა(110-ე მუხლი; 111-ე მუხლი; 112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2201 მუხლის მე-2 ნაწილი; 2291 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 3421 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი; 1433 მუხლის პირველი ნაწილი; 1442 მუხლი; 1443 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641 მუხლი; 1642 მუხლი; 1643 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვანის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი, 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ (3691 მუხლის მე-2 ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირები, რომელთაც ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე ანდა მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადება-მცდელობა.
ამნისტია სასჯელისგან სრულად გათავისუფლების კუთხით შეეხებათ ნარკოტიკული დანაშაულისთვის (260-ე მუხლი, 261-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი, 273-ე მუხლი) ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს, კერძოდ, კი ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომელთა ქმედებაც არ კვალიფიცირდება ნარკოტიკების გასაღების ნიშნით და ადრე განზრახი დანაშაულისათვის არ არიან ნასამართლები. ამ კატეგორიის ამნისტირებულებს აღუდგებათ ისეთი სახის ჩამორთმეული უფლებებიც, როგორიცაა, მაგალითად, ავტომობილის მართვის უფლება.
სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ასევე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ხულიგნობა იარაღის გამოყენებით (239-ე მუხლის მე-3 ნაწილი), თუ ისინი ადრე განზრახი დანაშაულისათვის არ არიან ნასამართლები; ასევე პირები, რომლებიც ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით (3391-ე) არიან გასამართლებულნი.
სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ქურდობისთვის ნასამართლები ის პირები, რომელთა ქმედებაც იმავდროულად დაკვალიფიცირებულია ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის მუხლით.
სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარი მონაცემების თანახმად, ამნისტიის შედეგად 3 000–მდე პატიმარი გათავისუფლდება საპატიმროებიდან, თუმცა საბოლოო მონაცემებს სამინისტრო მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც მათი დაზუსტდება მოხდება.
ამ ეტაპზე უცნობია ასევე მათი ზუსტი რაოდენობაც, ვისაც სასჯელის შემცირება შეეხება. ასეთ პატიმრებს შესაძლოა ვადამდელი გათავისუფლება შეეხოს სამომავლოდ, თუმცა ეს მექანიზმი არ გულისხმობს, რომ ეს პატიმრები ავტომატურად გათავისუფლდებიან; მათ საქმეებს სასჯელაღსრულების სამინისტროს დროებით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია ინდივიდუალურად განიხილავს.
ამნისტიის აქტით, სასჯელი გაუნახევრდება ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა; ასევე იმ არასრულწლოვნებს, რომელთაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი და მათ ქმედებას სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყოლია.
ამნისტიის აქტის თანახმად, სასჯელი გაუნახევრდებათ ასევე, ძირითადად ეკონომიკური ხასიათის, შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებს: მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები); მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა (მე-200 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები); ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება (202-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით (2051 მუხლის მე-2 ნაწილი); კრედიტის უკანონოდ მიღება (208-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (210-ე მუხლის მე-2 ნაწილი); საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა (214-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები); გადასახადისათვის თავის არიდება (218-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა (237-ე მუხლის პირველი ნაწილი, 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი); ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა (2401 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები); წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ (353-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი (370-ე მუხლის მე-2 ნაწილი); უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა (384-ე მუხლის მე-2 ნაწილი); დეზერტირობა (389-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).
სასჯელის ერთი–მესამედით შემცირება გათვალისწინებულია „მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე“ დანაშაულის ჩამდენი ქალებისთვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.
ყველა იმ პირს, რომლებზეც ზემოთ მოყვანილი ამნისტირებული მუხლები არ ვრცელდება, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდებათ.
აღსრულების მექანიზმები
უმრავლეს შემთხვევაში კანონი ამოქმედებიდან ორ თვეში უნდა აღსრულდეს. კანონი რომ ამოქმედდეს მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
ოთხი თვის ვადაა გათვალისწინებული მხოლოდ თაღლითობასთან დაკავშირებული მუხლისთვის. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან, თუ ყველა დაზარალებული ფიზიკური თუ იურიდიული პირი შესაბამის თანხმობას გამოთქვამს გამოძიების ან სასამართლოს წინაშე.
იმ პირებს, რომელთა მიმართაც სასჯელთა შეკრებითობის წესი იქნა გამოყენებული, ამნისტია შეეხება თითოეულ მუხლისთვის ცალკ-ცალკე.
ამასთან, სასჯელისგან გათავისუფლება და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად გავრცელდება როგორც დანიშნულ რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე, თუმცა ამნისტია არ გავრცელდება სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმაზე ან ქონების ჩამორთმევაზე.
კანონის აღსრულებისთვის შემდეგი მექანზმებია გათვალისწინებული: გამოძიების სტადიაზე ამნისტიის გამოყენების გადაწყვეტილებას ბრალდებულების მიმართ იღებს პროკურორი; საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე - სასამართლო; ხოლო დასრულებულ სამართალწარმოების საქმეზე თავდაპირველი განაჩენის გამომტანი საქალაქო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, მას შემდეგ, რაც კანონის ამოქმედებიდან ორი კვირის ვადაში მას შესაბამისი თხოვნით მიმართავს უფლებამოსილი ორგანო (სასჯელაღსრულების სამინისტრო, მთავარი პროკურატურა ან სამხედრო ნაწილი დეზერტირობის მუხლთან დაკავშირებით).
პოლიტპატიმრების ამნისტიას იუსტიციის სამინისტრო და სასჯელაღსრულების სამინისტრო კანონის ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში აღასრულებენ, ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნილთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან დანიშნული სასჯელის გაუქმების გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
ამნისტიის კანონის თანახმად, ყველას, ვის მიმართაც გამოყენებული იქნება ეს აქტი, უფლება ექნება ისარგებლოს მისი საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.
ამნისტიის კანონის დამტკიცების პარალელურად, 21 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო მისივე წევრის, დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლებოდა ამნისტირებული ან შეწყალებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა.