Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 დეკ.'12 / 14:22

პარლამენტი 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნა.

პრეზიდენტი წინააღმდეგია ამნისტია შეეხოს იმ 190 პატიმარს, რომლებიც პარლამენტმა 5 დეკემბრის რეზოლუციით პოლიტპატიმრებად ცნო. პრეზიდენტის მიერ შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროეტში აღარ ფიგურირებს პოლიტპატიმართა და ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარებული 25 პირის მიმართ ამნისტიის გამოყენება და მისი აღსრულების მექანიზმი. 

პრეზიდენტის შენიშვნები უცვლელად ტოვებს იმ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულთა სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური სახის ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებს.

მესამე ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის შენიშვნებში აისახა, არის კანონპროექტის პრეამბულიდან ამოღება სიტყვების "სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნა" - სამართლიანობის აღდგენას პარლამენტი ამნისტიის გამოცხადების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს.   

პარლამენტი პირველ რიგში პრეზიდენტის შენიშვნებს უყრის კენჭს და მიუღებლობის შემთხვევაში, დეპუტატები შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდებიან, რასაც 89 ხმა სჭირდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცედურა პარასკევს მოგვიანებით გაიმართება.   

პრესკონფერენციაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას არ ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები პოზიციას შეიცვლიან პოლიტპატიმრების შესახებ; ეს განცხადება იმის მანიშნებელია, რომ საკითხი სავარაუდოდ კენჭისყრაზე დადგება ვეტოს დასაძლევად.    

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ვეტოს დადების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ იგი ეწინააღმდეგება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც 190 პატიმარს, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად ცნო, ამნისტია შეეხებათ.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტს და მის ნაციონალურ მოძრაობას ნათელი მიზეზების გამო არ სურთ აღიარონ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური მოტივებით დააკავეს საქართველოში მათი მმართველობის დროს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგობა კანონპროექტის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით, მათ შორის იმ მუხლებზე, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულები პატიმრებისთვის სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას ითვალისწინებს, PR ნაბიჯია, რაც ვეტოს გამართლებას ისახავს მიზნად. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ პატიმრებს შორის, რომელთაც დეკემბერში პრეზიდენტის შეწყალება მიიღეს, ერთ–ერთი სისხლის სამართლის კოდექსის 141–ე მუხლით იყო გასამართლებული,  რაც 16 წლამდე პირთან გარყვნილ ქმედებას ეხება.  უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეწყალება ასევე შეეხო რამდენიმე პატიმარს, რომლებიც ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის გამო იხდიდნენ სასჯელს.    

27 დეკემბერს ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამნისტიის მინიჭებას პოლიტპატიმრების სიაში შესული იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებულ საქმეზე იხდიან სახჯელს.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, იმედი მაქვს, რომ ამათ უშვებენ ჩემ ჯინაზე და არა ვიღაცის დაკვეთით იმიტომ, რომ თუ რუსეთის აგენტებს უშვებ ასე მასობრივად, ეს ან ჩემ ჯინაზე კეთდება  - და მაშინ კიდე გავიგებ - ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, იგი ასევე წინააღმდეგი იყო რაიმე სახით ამნისტია შეხებოდათ მათ, ვინც მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

„ამრიგად, პედოფილიის ნაწილსაც ასევე ვადებ ვეტოს და გადალახოს პარლამენტმა პედიფილიის ნაწილშიც [პრეზიდენტის ვეტო] და აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ პედოფილებს უშვებს გარეთ, და უშვებს სახელმწიფო გადამტრიალებლებს და უშვებს რუსეთის ჯაშუშებს. მაგრამ მე ნამდვილად საღ აზრზე ამას ნამდვილად არ მოვაწერ ხელს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მეცხრე არხთან ინტერვიუში 27 დეკემბერს, რომ იგი მიესალმება ამნისტიას როგორც ჰუმანურ აქტს.

თუმცა, მან ხაზი გაუსვა: „მე გიდასტურებთ, რომ მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვუშვათ ჯაშუშები“.

„მე მიმაჩნია, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე. ასე რომ, ამ კუთხით მე პოზიცია არ შემიცვლია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

მან ასევე დასძინა, რომ ამ კუთხით მისი და პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციები ემთხვევა.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი ასევე ეწინააღმდეგება ნარკორეალიზატორების გამოშვებას ციხეებიდან.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს შენიშვნები შსს–ს მხრიდან ნორმალურია და იმის მაჩვენებელია, რომ მიუხედავად ერთი გუნდისა, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას შორის აქტიური დებატები მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14