Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი პარლამენტს მისი ვეტოს დაძლევის გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'12 / 16:14

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის შესახებ კანონზე პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა „სამარცხვინო“ და „საშიში“ აქტია, რომელიც „სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში“. 

28 დეკემბერს, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევიდან რამდენიმე საათში პირდაპირი ეთერით გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან იმიტომ თქვა უარი კანონპროექტის ხელმოწერაზე, რომ „მინდოდა ქვეყნისთვის თავიდან ამეცილებინა ამ კანონის ყველაზე უარყოფითი ასპექტები“.

მისი თქმით, მას ასევე სურდა, რომ ხელი შეეშალა „პედოფილების, მოზარდთა მიმართ გარყვნილების, ძალადობის ჩამდენების და რუსეთის ჯაშუშების და სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე სამხედრო ელემენტების  - მეამბოხეების გარეთ გაშვებისთვის“.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელისისგან სრულ გათავისუფლებას სხვებთან ერთად იმ 190 პატიმრისთვის, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა. მათ შორის არიან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით გასამართლებული პირები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს სასჯელისგან სრულ გათავისუფლებას იმ პირებისთვის, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ სქესობრივი დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. თუმცა, ასეთ მსჯავრდებულებს ერთი მეოთხედით უმცირდებათ სასჯელი.

„საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ამ ვეტოს გადალახვა და ამგვარად სრული პასუხისმგებლობა აიღო ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ საშიშ აქტზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და ჩვენი საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„პარლამენტმა გაუშვა რუსეთის ყველა ჯაშუში გარეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ე.წ. ჯაშუშების საქმეები იყო „კარგად გამოძიებული“.

„რუსეთის ჯაშუშების, საქართველოს ოკუპანტების გარეთ გაშვება არა მხოლოდ წარმოუდგენელი უკანონობაა და უქმნის საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ ახალისებს ნებისმიერ სხვას, ვინც მომავალში მზად არის იგივე ქმედება განახორციელოს საკუთარი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ „არცერთი თავის თავის პატივისმცემელი ქვეყანა ასეთ ნაბიჯებს ასე ხელაღებით არადროს არ დგამს“.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა შექმნა პრეცედენტი, რომ შეგიძლია შენ ქვეყანას უღალატო, შეგიძლია ღიად იმუშავო უცხო ქვეყანაზე, შეგიძლია ამბოხი მოაწყო... და შენ ეს ყველაფერი შეიძლება გეპატიოს მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვალა. ეს არის ძალიან საშიში რამ“, - განაცხადა მან.

„ეს არის სამარცხვინო“, - განაგრძო პრეზიდენტმა და იქვე დაამატა: „მე ამას ვამბობ დიდი გულისტკივილით, დიდი დანანებით“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის ამნისტიის კანონთან დაკავშირებული, ასევე ყოფილი მაღალი რანგის მოხელეების დაკავებები და დაკითხვები, არის „უსამართლობის ზეიმი“.

„ერთ კონკრეტულ დედაქალაქში აქვთ დიდი ზეიმი - იმ კონკრეტულ დედაქალაქში, სადაც აცხადებენ, რომ ძალიან დადებითი სიგნალები მიიღეს ჩვენი ქვეყნის ახალი მთავრობიდან და ახალი პარლამენტიდან“, - განაცხადა მან მხედველობაში ჰქონდა რა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომელმაც 20 დეკემბერს თქვა „ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს, ჯერჯერობით ძალიან ზომიერს, მაგრამ მაინც პოზიციურ სიგნალებს საქართველოს ახალი ხელმძღვანელობიდან“.

„დღეს მათ გაუგზავნეს მორიგი დადებითი სიგნალი. მათ ალბათ მოიგეს. საქართველომ კი, ნამდვილად წააგო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„მიმაჩნია, რომ ეს დროებითი დამარცხებაა და შევძლებთ ყველაფერის შემობრუნებას. თუმცა ამისთვის გვჭირდება საზოგადოების ერთად დგომა. ღიად ვიმსჯელოთ ყველა ამ თემაზე, ვაწარმოოთ დისკუსია და საკუთარი დასკვნა გამოვიტანოთ“, - განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას არ უნდა საზოგადოების შეშინება, მაგრამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება მოყვება. ამნისტიას სულ ცოტა 3 000 პატიმრის გათავისუფლება მოყვება, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ამ ეტაპზე უცნობია ასევე მათი ზუსტი რაოდენობაც, ვისაც სასჯელის შემცირება შეეხება. ასეთ პატიმრებს შესაძლოა ვადამდელი გათავისუფლება შეეხოს სამომავლოდ, თუმცა ეს მექანიზმი არ გულისხმობს, რომ ეს პატიმრები ავტომატურად გათავისუფლდებიან; მათ საქმეებს სასჯელაღსრულების სამინისტროს დროებით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია ინდივიდუალურად განიხილავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სააკაშვილის განცხადებას „ისტერია“ უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ორმა საკითხმა გააღიზიანა - ერთი ის, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და მეორე ის, რომ ქართულ ოცნებას საკმარისი უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე უფრო მეტი პატიმარი გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალებით, ვიდრე ამას პარლამენტის ამნისტია ითვალისწინებდა. უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი იქნა დაპატიმრებული წინა ხელისუფლების პირობებში საეჭვო ბრალდებებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოთქვა წუხილები ამნისტიის მასშტაბებთან დაკავშირებით და ასევე პოლიტპატიმართა სიაში იმ პატიმრების შეყვანის გამო, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 28 დეკემბერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს იმ პირთა სია გაუგზავნა, რომელთა პოლიტპატიმართა სიიდან ამოღების რეკომენდაციით სამართალდამცველები გამოდიოდნენ. მისი თქმით, ეს ძირითადად  ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირები იყვნენ. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „სამწუხაროდ“ პარლამენტმა არ გაიზიარა ეს რეკომენდაცია და „ნაჩქარევი გადაწყვეტილება“ მიიღო.

როდესაც „რუსთავი 2“-მა უსუფაშვილს ღარიბაშვილის ამ განცხადებაზე ჰკითხა 28 დეკემბერს, მან უპასუხა, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის განსხვავებული პოზიციები ნორმალურია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12