საგარეო საქმეთა სამინისტროს სულ ცოტა ცხრა ელჩის შეცვლა სურს ადანაშაულებს რა მათ პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში.
ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს მინიჭებული. მას შესაბამისი რეკომენდაციით შეუძლია საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართოს. მიუხედევად იმისა, რომ ელჩებს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით ნიშნავს, მას დიპლომატების გამოწვევაზე პარლამენტის თანხმობა 2006 წლის საკონსტიტუციო შესწორების შედეგად აღარ სჭირდება.
„არსებობს სია დაახლოებით ათი ელჩისა, რომელთა გამოცვლაც ჩვენ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 4 იანვარს.
მან არ დააკონკრეტა ყველა იმ ელჩის ვინაობა, რომლებიც შევიდნენ სიაში, თუმცა განაცხადა, რომ ესენი იყვნენ დიპლომატები „მნიშვნელოვან“ ქვეყნებში; ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საელჩოები იმ ქვეყნებში უნდა დაკომპლექტდეს იმ დიპლომატებით, „რომლებიც ახალი მთავრობის პოლიტიკას სწორად გაატარებენ“. მან ასევე განაცხადა, რომ ელჩები იმ ქვეყნებში „ემსახურებოდნენ ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ინტერესებს“.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ელექტრონული წერილები, რომლებიც საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში აშშ–ში განთავსებულ და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს და ანალიტიკოსებს გაუგზავნა, სადაც ქართველი დიპლომატი ცდილობდა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ „დისკრედიტაცია“ მოეხდინა. საგარეო უწყების მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უარყო ეს ბრალდებები.
საქართველოს ელჩმა აშშ–ში თემურ იაკობაშვილმა ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ გადადგომას აპირებდა. საქართველოს ელჩი იტალიაში, კოტე გაბაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, გოკა გაბაშვილის მამაა, ასევე გადადგა, ხოლო გაეროში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ გადადგომას აპირებდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ იაკობაშვილის და გაბაშვილის განცხადებები გადადგომის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო ლომაიას უფლებამოსილების ვადა ისედაც იწურება 2013 წლის თებერვლის ბოლოს.
ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა 4 იანვარს, რომ კიდევ არის რამდენიმე ელჩი, რომლებიც დიპლომატიური როტაციის ფარგლებში შეიცვლება.
მათ შორის მან დაასახელა საქართველოს ელჩი ავსტრიასა და ეუთოში პაატა გაფრინდაშვილი, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა 2009 წლის მარტში დამტკიცა; ელჩი ლატვიაში კონსტანტინე კორკელია, რომელიც პარლამენტმა ამ თანამდებობაზე 2007 წლის ოქტომბერში დაამტკიცა; ასევე ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ნინო ნაკაშიძე და ელჩი უნგრეთში ზვიად ჭუმბურიძე – ორივე მათგანი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა 2008 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 57 ადგილას აქვს დიპლომატიური მისიები, რასაც ემატება მუდმივმოქმედი წარმომადგენლები რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში.
„ის კარიერული დიპლომატები, რომლებიც სამინიტროში მოღვაწეობდნენ მრავალი წლის განმავლობაში, ისინი ყველანი რჩებიან ადგილებზე, თუკი მათ არ გასდით როტაციის ვადა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, მან რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ნოემბერში იმ ელჩების სია წარუდგინა, რომელთა შეცვლაც სურდა; ფანჯიკიძემ ასევე რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ პროცესს აჭიანურებდა.