Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების ინიციატივას განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 იან.'13 / 16:42

პარლამენტმა 16 იანვარს დაიწყო იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც შესაძლებლობას ქმნის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები, რომლებიც მთავრობის შეცვლის შემდეგ იყვნენ დაკავებულები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა, თუმცა მას ამჟამად უფლება აქვს განიხილოს მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის, ასევე უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების საქმეები. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფუნქციონირებს მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში. ამ დრომდე ნაფიც მსაჯულთა სულ სამი სასამართლო პროცესი შედგა.

ამ საქმეებს, კანონპროექტის თანახმად, დაემატება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე იმ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ მაღალი თანამდებობები; ასევე იმ პირთა საქმეებიც, რომლებიც ბრალდებულნი არიან თანამდებობის პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.

შესაბამის თანამდებობის პირთა ნუსხა განსაზღვრულია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ  კანონის მე-2 მუხლით და ფართო სპექტრს მოიცავს  დაწყებული პრეზიდენტიდან, პარლამენტის წევრიდან და მოსამართლიდან დასრულებული სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირებით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ 16 იანვარს საკითხის იურდიული კომიტეტის სხდომაზე განხილვისას განუცხადა დეპუტატებს, რომ  ამ ინიციატივით მთავრობა მიზნად ისახავს, რომ „საბოლოოდ გაქარწყლდეს ყველა ის ეჭვი“, რომელიც არსებობს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო პოლიტიკური მოტივით დაპატიმრების შესახებ. მისი თქმით, ამ პროცესს ყველაზე უკეთესად უზრუნველყოფს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც საქართველოს „მოსახლეობის ნდობით სარგებლობს“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქმეების რაოდენობა, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს უკავშირდება,  ათიდან ოცამდე მერყეობს.

საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან დაეთანხმნენ მთავრობის შემოთავაზებულ ინიციატივის პრინციპს და შესთავაზეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის კიდევ უფრო გაფართოება, მათ შორის ისეთ საქმეებზე, რომლებიც უკავშირდება განზრახ მკვლელობას, გაუპატიურებას, ოჯახურ ძალადობას, ძარცვას და ყაჩაღობას. ეს წინადადება იუსტიციის სამინისტრომ და დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ არ გაიზიარეს; თუმცა, როგორც ჩანს, ისინი დაეთანხმებიან ნაციონალური მოძრაობის იმ შეთავაზებას, რომელიც ეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართვის შესაძლებლობას არა მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ ბათუმშიც.

მთავრობა ასევე გეგმავს პარლამენტს წარუდგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებათა კიდევ ერთი პროექტი, რომელმაც შესაძლოა მეტი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. კერძოდ, ცვლილებები უკავშირდება ბრალდებისა და დაცვის მხარეთა უფლებას აირჩიონ ან უარი თქვან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.

იურიდიულ კომიტეტს 16 იანვარს გამართულ სხდომაზე  დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალებზე არ უმსჯელია, ვინაიდან პარლამენტში მისი ფორმალური ინიცირება ჯერ არ მომხდარა. თუმცა განხილვების დროს ეს საკითხი რამდენჯერმე წამოიწიეს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებმაც გამოთქვეს წუხილი, რომ ცვლილებები განხორციელდება ბრალდებულის უფლების საწინააღმდეგოდ, რომ მან თავად აირჩიოს სურ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაასამართლოს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპასუხოდ განაცხადა, რომ არსებული ნორმები „არასრულყოფილი და ბუნდოვანია“ და  ბრალდებულს არჩევანის სრულ თავისუფლებას არ აძლევს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დაგეგმილი ცვლილებები გადამწყვეტი სიტყვის უფლებას გაიმართოს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროკურატურას აძლევს, რასაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, არსებული ნორმა ბრალდებულს არჩევანის თავისუფლებას აძლევს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმაში, რომელიც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომას ეხება, ამჟამად  ნათქვამია: „თუ მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ერთობლივად არ განაცხადებენ, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს“.

იმავე კოდექსის სხვა მუხლში ნათქვამია: „თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე“.

აქვე, ამავე მუხლში ასევე საუბარია იმაზეც, რომ თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება „არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას“, მაშინ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56