სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა, თუმცა პრეზიდენტის კონტროლ ქვეშ დარჩება ის დანაყოფი, რომელიც უშუალოდ მისი და მისი ოჯახის წევრების დაცვას განახორციელებს.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ამგვარად გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 88 ხმით 1-ის წინააღმდეგ 18 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კომპეტენციათა გამიჯვნაზე იმუშავებს და ასევე შეიმუშავებს საბიუჯეტო ცვლილებებს ამ გაყოფის ფინანსური უზრუნველყოფისთვის.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახური, რომელიც ამჟამად პრეზიდენტს ექვემდებარება და მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი, 2013 წლის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარით ფინანსდება. სავარაუდოდ ამ თანხის ნაწილი დაემატება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომლის სტრუქტურული დანაყოფი გახდება მოქმედი პრეზიდენტის დაცვის სამსახური.
თავდაპირველად ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობისთვის სრულად გადაცემას ითვალისწინებდა და რასაც პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ნაციონალური მოძრაობის პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტი უკვე მეორე მოსმენით იყო მიღებული, როცა მხარეებმა სამსახურის გაყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის გამოც პარლამენტმა ის მესამე მოსმენით განხილვის საფეხურიდან მეორე მოსმენით განხილვაზე უკან დააბრუნა, რათა მასში მიღწეული კონსენსუსი ასახულიყო.
18 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიესალმა საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას, რომელმაც „პოლიტიკური კონსულტაციების მრავალი ეტაპი“ გაიარა და საბოლოო ჯამში შეჯერდა იმ ვერსიაზე, რომელიც „არც სამსახურს დააზარალებს, არც დაცვის ობიექტებს და არც პოლიტიკურ პროცესს“.