საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში რაიმე ცვლილებები „გამორიცხულია“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მისი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის გადადგომის კომენტირებისას.
ვაშაკიძემ გადადგომის მიზეზად „დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან შეუთავსებლობა“ დაასახელა.
ვაშაკიძეს, რომელმაც საგარეო უწყებაში მუშაობა 1996 წელს დაიწყო, ბოლო წლებში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროში, სანამ 2010 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა. მან ერთ–ერთი მოადგილის პოსტი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგაც შეინარჩუნა და საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელიც გახდა ჟენევის დისკუსიებზე.
„ეს მას [ნიკოლოზ ვაშაკიძეს] უნდა კითხოთ, რას გულისხმობს ამაში“, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს 22 იანვარს, „საგარეო კურსის ცვლილება გამორიცხულია. საქართველოს საგარეო კურსი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.
მან ასევე განაცხადა, რომ ვაშაკიძეს დიპლომატიურ სამსახურში დარჩენა და ელჩის ნებისმიერი ვაკანტური თანამდებობის არჩევა შესთავაზა, „მაგრამ მან ეს არ მოინდომა და დატოვა სამინისტრო“.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 22 იანვარს, რომ ვაშაკიძის გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე მისთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან მას არასდროს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზიები საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.