საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას“ ლიკვიდაციას არ აპირებს და განაგრძობს მუშაობას წინა მთავრობის მიერ დაწყებული საბრძოლო მანქანების განვითარებასა და წარმოებაზე.
29 იანვარს გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში „დელტას“ შენარჩუნების საკითხი განიხილებოდა. ამჟამად „დელტა“ რამდენიმე ქარხანას აერთიანებს, მათ შორის „თბილავიამშენს“, რომლებიც 2010 წელს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, რაც ხელისუფლების თქმით, სამხედრო სარემონტო–სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბების გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საწარმომ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ გამოუშვა.
პრეზიდენმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „დიდი შეცდომა იქნება, საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე“.
ამის საპასუხოდ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი „შეცდომაშია შეყვანილი“.
„პირიქით, თუკი ადრე სამხედრო საბრძოლო მანქანების "ლაზიკას" და "დიდგორის" დაგეგმვა ხდებოდა ცალკეული პოლიტიკოსების გემოვნების მიხედვით, ამჟამად "დელტას" რეფორმირებული მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს პროფესიონალ სამხედრო ინსტრუქტორებთან და ამ საქმის ექსპერტებთან ერთად, რათა მათი კომპეტენტური აზრი იქნას გათვალისწინებული" - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.
როდესაც „დელტას“ მომავალზე ჰკითხეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იანვრის დასაწყისში: „დელტას" ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, თანამედროვე აზროვნების მენეჯერები და დარწმუნებული ვარ, ის აბსოლუტური ფინანსური უპასუხისმგებლობა, რაც "დელტაში" იყო, დასრულდება".
როდესაც მას ივანიშვილის სკეპტიკურ განწყობაზე ჰკითხეს საქართველოს სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებით, ალასანიამ უპასუხა, რომ პრემიერ–მინისტრი „დელტაში“ სტუმრობას გეგმავს.
„თუ არ ნახე, ძნელია მისი პოტენციალის დაჯერება. მეც ვეჭვობდი, შეგვეძლო თუ არა სამხედრო მანქანების წარმოება. შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ და მენეჯმენტს სწორად წარვმართავთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე, თვითღირებულებასა და რენტაბელურობაზე. იმედია, მოვახერხებთ ხალხის დასაქმებასა და სამხედრო ინდუსტრიის შექმნას“, – განაცხადა ალასანიამ იანვრის დასაწყისში.