პრეზიდენტ სააკაშვილის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა 30 იანვარს, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს იურიდიულად სავალდებულოს გახდის საქართველოს ნებისმიერი მთავრობისთვის.
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძემ, რომელიც ასევე პარლანენტის ვიცე–სპიკერია, განაცხადა, რომ კანონპროექტი „საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ სამი კომპონენტისგან შედგება.
პირველი დაავალდებულებს მთავრობას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ურყევი კურსი განახორციელოს, რათა ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლოს ამ გზიდან გადახვევა, განაცხადა ბარამიძემ.
მეორე კომპონენტი დაავალდებულებს მთავრობას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „არაღიარების პოლიტიკის“ და „დეოკუპაციის“ ერთგულნი დარჩნენ, ხოლო მესამე აუკრძალავს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ სხვა გაერთიანებებში შესვლას, განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, 100%-იანი გარანტიები არ არსებობს, მაგრამ აღნიშნული კანონპროექტი, მისი მიღების შემთხვევაში, შექმნის გარკვეულ სამართლებრივ გარანტიას, რომ ქვეყანამ საგარეო კურსი არ შეიცვალოს.