Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული ოცნების დეპუტატები კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან დებატებში იწვევენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 თებ.'13 / 14:05

ქართული ოცნების დეპუტატები კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან საჯარო სატელევიზიო დებატებში იწვევენ, რათა მათ ღიად დააფიქსირონ პოზიცია უჭერენ თუ არა მხარს პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ეს ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა 4 თებერვალს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვის მოახლოებასთან ერთად გააჟღერეს, რომლითაც პრეზიდენტს ყველა საკონსტიტუციო უფლებამოსილება უნარჩუნდება, გარდა ერთისა, რომელიც მას მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც კი აძლევს, თუ პარლამენტი უარს იტყვის მის მიერ შეთავაზებული ახალი მთავრობის დამტკიცებაზე.

„წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე - უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ ოთხი საპარლამენტო ფრაქციის ერთობლივ განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ სატელევიზიო დებატების ფორმატში კოლეგებმა ნაციონალური მოძრაობიდან დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უნდა „განაცხადონ - „კი“ თუ „არა“.

„ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი - ვინც იტყვის „კი“, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც; ვინც იტყვის „არა“, მის მოსმენაზე და მასთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების გავრცელების გეგმები პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2 თებერვალს დააანონსა მას შემდეგ, რაც დახურული შეხვედრა გამართა დეპუტატებთან საპარლამენტო უმრავლესობიდან.

უმრავლესობას არ აქვს საკმარისი 100 ხმა, რათა დამოუკიდებლად, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე შეიტანოს შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც, ქართული ოცნების თქმით, კრიზისის აცილებას ისახავს მიზნად. ამ ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე გატანას პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე 108 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. ისინი თავდაპირველად რეგიონებში პროექტის სახალხო განხილვის ფორმატშიც იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ბოლოსკენ ამ პროცესში მონაწილეობა შეწყვიტეს მათ მიმართ გამოვლენილი კრიტიკული დამოკიდებულების ფონზე. 

ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან, ისევე როგორც ეწინააღმდეგებიან ცვლილებათა მეორე პროექტს, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება. პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ზოგიერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან არაერთი განცხადება გააკეთეს იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია საკმარისი ხმების მოსაგროვებლად მისი პარტიის წევრების გადაბირებას ცდილობს, მათ შორის შანტაჟის გზით.

ქართული ოცნება უარყოფს რაიმე ზეწოლას ოპონენტებზე და აცხადებს, რომ არ გამორიცხავს მათი ინიციატივის მხარდაჭერას ნაციონალური მოძრაობის ცალკეული წევრების მიერ,  „მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება მიხეილ სააკაშვილის პოზიცია“.

„არჩევანი მათზეა“, - ნათქვამია განცხადებაში, „იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილმა სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მისცა არც მის გუნდს და არც მის ცალკეულ წარმომადგენლებს და კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანი მაინც მიღწეული იქნება. ამ შემთხვევაში დემოკრატიული სამყარო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ძალაუფლებაზე შეყვარებულ თავგზააბნეულ დიქტატორთან, ხოლო ნაციონალური მოძრაობის სახით - საკუთარი პოლიტიკური თვითგანადგურების გზაზე მდგარ, ერთი კაცის ახირებებს აყოლილ, თავისუფლება წართმეულ ადამიანებთან, რომელთა სიტყვას ჩალის ფასი უნდა დაედოს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც“.

საპარლამენტო უმრავლესობა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებით ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის „მორიგი ავანტიურის“ საფრთხე ააცილა იმით, რომ წინასწარ გახადა საჯარო მისი შესაძლო გეგმები პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის გამოცვლის თაობაზე.

„ამდენად, თავად კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირების ფაქტიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სააკაშვილის გეგმა ჩაშლილიყო - ახლა არც მისი „კოჰაბიტაციური“ სურვილების ჭეშმარიტების სჯერა ვინმეს და აღარც მისი კონსტიტუციური მექანიზმების. შესაბამისად, იგი დღესვე, სანამ კონსტიტუციაში ჯერ კიდევ არსებობს ეს ჩანაწერი, უკვე უძლურია გამოიყენოს ეს იარაღი. ამ იარაღით მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური თვითმკვლელობა შეუძლია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების დეპუტატები დეგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ აპელირებენ ასევე ვენეციის კომისიის 2004 წლის მოსაზრებაზე, როდესაც მაშინდელი თებერვლის ცვლილებებით პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება მიეცა ბევრი სხვა უფლებამოსილების გაფართოებასთან ერთად და ასევე მიმდინარე პოზიციაზე, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გასულ კვირას თბილისში ვიზიტის დროს გამოთქვა.

„მე მესმის, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის და პარლამენტის სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა შეიზღუდოს სახელმწიფო მეთაურის [პრეზიდენტის] უფლებამოსილებები პარლამენტის ნებართვის გარეშე მთავრობის დათხოვნასა და ახალი მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუკიკიომ 31 იანვარს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თუმცა მოგვიანებით ასევე აღნიშნა, რომ მას არ ჰგონია პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილის მთავრობის დათხოვნის გეგმები ჰქონდეს.

ვენეციის კომისიის 2004 წლის დასკვნაში კი ნათქვამია, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ მთავრობას „არ ექნება ლეგიტიმურობა. როცა ახალი მთავრობის არჩევის შესახებ სამი წინადადება ჩავარდება, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება დანიშნოს პიროვნება, რომელიც პრემიერ-მინისტრად არასოდეს აურჩევიათ, მაგრამ უნდა შეეძლოს დაითხოვოს პარლამენტი და მოქმედ პრემიერ-მინისტრს სთხოვოს დარჩეს თანამდებობაზე, რათა მიხედოს ყოველდღიურ საქმიანობას ახალი პარლამენტის არჩევამდე“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49